Thumbnail

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო და კოსტა რიკის ნაკრები 7:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ პირინეელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ფეხბურთელებმა, კარლოს სოლერმა და ფერან ტორესმა კომენტარი გააკეთეს.

ლუის ენრიკე: "კარგი მეტოქე გვყავდა, რომელსაც შეეძლო პრობლემების შექმნა, მაგრამ ბურთით გამორჩეულები ვიყავით. ჩვენი ერთადერთი მიზანი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებაა, ამისთვის კი საჭიროა ბურთი გქონდეს. პრესინგითაც გამორჩეულები ვიყავით და ყველა ფეხბურთელი შესანიშნავი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია გაუმჯობესება.
ვიცით, რომ როდრი აკმაყოფილებს ცენტრალური მცველის მოთხოვნებს, ის სრულყოფილი მოთამაშეა და თუ შევძლებთ ამ პოზიციაზე მის გამოყენებას, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. ახლა არ ვიცი, ვინ ითამაშებს გერმანიასთან, მაგრამ თუ შევასრულებთ მიზანს და ტურნირზე 7 მატჩს ჩავატარებთ, თამაში ყველას მოუწევს. დადებითი ენერგია ძალიან კარგია, მაგრამ ხვალიდან გერმანიასთან მატჩისთვის მოვემზადებით, ზედმეტი ქების გარეშე. ასენსიო? ის ძალიან თავდაჯერებულია, შესანიშნავად ითამაშა ფორვარდის პოზიციაზე, ის საუკეთესო ფეხბურთელია და ძალიან ბედნიერი ვარ".

ფერან ტორესი: "ძალიან ბედნიერები ვართ. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანა ვცადეთ, რადგან ასეთ ტურნირში შეიძლება გოლები მნიშვნელოვანი იყოს. ვცდილობთ, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე ჩვენს სტილში ვითამაშოთ და დღეს ეს გავაკეთეთ. არ ვიცი, ჩემპიონობის კანდიდატები ვართ თუ არა, მაგრამ დიდი საქმეების გაკეთება გვინდა".

კარლოს სოლერი: "ასეთი ანგარიშით მოგებას ვერ წარმოვიდგენდით, მაგრამ გუნდმა ფენომენალურად ითამაშა და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. იაპონიამ გერმანიას მოუგო, ამიტომ, ამ გუნდებთან თამაში ადვილი არ იქნება. დღეს თავიდანვე ყველაფერი გამოგვივიდა, პირველ ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ შესვენებაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ გოლები შეიძლება საჭირო იყოს. ნორმალურია, რომ ეიფორია არსებობს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან გერმანიას ვეთამაშებით, მერე კი იაპონიას, რომელიც ადვილი მეტოქე არ იქნება. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბედნიერია, რადგან ყველა მოთამაშე საკუთარ თავს ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნევს. ყველა ყველაფერს აკეთებს, რომ სასტარტოში მოხვდეს. სამწვრთნელო შტაბით ძალიან კმაყოფილი ვართ".

შეგახსენებთ, რომ ჯგუფს ესპანეთი და იაპონია 3-3 ქულით ლიდერობენ. "ფურია როხა" მომდევნო ტურში 27 ნოემბერს, გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები