Thumbnail
  • ბელგია 1:0 კანადა
  • კურტუამ პენალტი მოიგერია, მატჩის ერთადერთი გოლი კი ბაჩუაიმ გაიტანა 
  • მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტს სამი ქულის მოპოვება ძალიან გაუჭირდა

მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა ბელგიის ნაკრებმა კატარში გამოსვლა 3 ქულით რომ დაიწყო, ამას პირველ რიგში, ტიბო კურტუას და მიში ბაჩუაის უნდა უმადლოდეს - პირველმა პენალტი მოიგერია, მეორემ გაიტანა. სხვა მხრივ კი, რობერტო მარტინესის გუნდი კანადასთან მატჩში ნამდვილად არ ამართლებდა არათუ ტურნირის, ამ შეხვედრის ფავორიტის სტატუსსაც კი.  

რომელუ ლუკაკუ ბელგიის ნაკრების დახმარებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს

თამაში კანადელების ტოტალური დომინირებით დაიწყო, რაზეც ბელგიის ნაკრების რეაქცია უბრალოდ კატასტროფული იყო. ჯონ ჰარდმანის ფეხბურთელები სახელიან მეტოქეებზე მძლავრ პრესინგს მოედნის ყველა მონაკვეთში ახორციელებდნენ, თამაშობდნენ მაღალ ტემპში და მოქმედებდნენ თამამად.

უკვე მეათე წუთისთვის ბელგიელთა კარში პენალტი დაინიშნა და ამაში მოულოდნელი არაფერი იყო. არბიტრმა საკამათო ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დაადგინა, რომ ტაჟონ ბუშანანის დარტყმის შემდეგ, ბურთი ხელზე იანიკ კარასკოს მოხვდა. მაგრამ კანადის ნაკრებმა ამით ვერ ისარგებლა - ტიბო კურტუამ ალფონსო დევისს 11 მეტრიდან არ გაატანინა.

მეორე მოგერიებული პენალტი კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე

მოგვიანებით ბელგიელებმა რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა კი განახორციელეს, თუმცა საერთო სურათი დიდად არ შეცვლილა - პირველ ნახევარ საათში კანადელებმა კურტუას კარისკენ 12 დარტყმა ჰქონდათ, პასუხად მიღებული კი მხოლოდ 3. სათქმელია ისიც, რომ კანადელები პენალტს მეორედაც ითხოვდნენ და თითქოს, არცთუ უსაფუძვლოდ, თუმცა არბიტრმა და VAR-მა ამჯერად მათი მხარე არ დაიჭირა. 

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ტაიმის მიწურულს ანგარიში მაინც ბელგიის ნაკრებმა გახსნა. ტობი ანდერვეირელდმა თავისი ნახევრიდან შესანიშნავი გრძელი გადაცემით მიში ბაჩუაი მოძებნა, რომელსაც შეტევის დასასრულებლად ბურთთან ერთი შეხებაც ეყო - 1:0.

შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა. კანადის ნაკრები აღარ გამოიყურებოდა ისეთივე ენერგიულად, როგორიც პირველ 45 წუთში იყო. მნიშვნელოვნად იკლო მათი შეტევების რაოდენობამ და სიმწვავემაც. გამოიკვეთა ბელგიის ნაკრების კლასიც.

მე-80 წუთისთვის იყო კარგი მომენტი, როცა კანადელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. ალისერ ჯონსტონის ჩაწოდების შემდეგ თავით კაილ ლარინი ურტყამდა, მაგრამ კურტუა მორიგი ეფექტური სეივით გამოირჩა.  საბოლოოდ, ბელგიამ თავი დაიცვა, ანგარიში შეინარჩუნა და მუნდიალი მძიმე, მაგრამ მაინც 3 ქულით დაიწყო და F ჯგუფში გალიდერდა.    

მომდევნო შეხვედრას ბელგიის ნაკრები 27 ნოემბერს, მაროკოს წინააღმდეგ ჩაატარებს, კანადა კი ამავე დღეს ხორვატიას დაუპირისპირდება.

ბელგიელი ფანი გუნდის თამაშით თუ არა, შედეგით მაინც კმაყოფილი უნდა იყოს

TOP ფეხბურთელი

ბრწყინვალე იყო ტობი ალდერვეირელდის პასი, ეფექტური იყო მიში ბაშუაის გოლიც, მაგრამ ჩვენ მატჩის გმირად ტიბო კურტუას მივიჩნევთ. მადრიდის რეალის 30 წლის მეკარემ თამაშის დასაწყისში პენალტი მოიგერია და იმ დროისთვის ორიენტაციადაკარგული ბელგიის ნაკრები გაშვებული გოლისგან იხსნა. ტიბოს ამ მატჩში 3 სეივი ჰქონდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 ამ მუნდიალზე მოგერიებული პენალტი მეორედ დაფიქსირდა. პირველად ეს მექსიკა-პოლონეთის მატჩში მოხდა, როდესაც გილერმო ოჩოას რობერტ ლევანდოვსკიმ ვერ აჯობა.

🟠 2022 წელს ტიბო კურტუას კარში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო მატჩებში, 9-ჯერ დაინიშნა და ბელგიელმა გოლკიპერმა მათგან 5 მოიგერია.

🟠 კანადის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ატიბა ჰატჩინსონმა. 39 წლისა და 288 წლის ნახევარმცველი მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ასაკიანი მოთამაშეა, რომელმაც პირველივე წუთებიდან ითამაშა.

🟠 კანადის ნაკრებს პირველ ტაიმში კარში 14 დარტყმა და არცერთი გოლი ჰქონდა. უფრო მეტი - 17 უგოლო დარტყმა მუნდიალის მატჩის პირველ ნახევარში მხოლოდ ინგლისს ჰქონია, 2006 წელს, ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებთან.

🟠 ბელგიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 30 წელსა და 181 დღეს შეადგენდა. ეს ყველაზე ხანდაზმული სასტარტო შემადგენლობაა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე.

🟠 ტიბო კურტუა ბელგიის ნაკრების პირველი გოლკიპერია, რომელმაც პენალტის მოგერიება მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში მოახერხა (ათვლა გაკეთებულია 1966 წლიდან).

🟠 კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ ჰერდმანი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთადერთი სპეციალისტი, რომელმაც გუნდი როგორც ქალთა, ისე კაცთა მუნდიალზე ათამაშა. ინგლისელი სპეციალისტი 2007 და 2011 წლების მუნდიალებზე ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2015-ში - კანადის ქალთა ნაკრებს. 

ბელგია 1:0 კანადა

გოლები: 1:0 ბაჩუაი (44’)

გამოუყენებელი პენალტი: დევისი (11’)

ბელგია (3-4-2-1): კურტუა - დენდონკერი, ანდერვეირელდი, ვერტონგენი - კასტანი, ტილემანსი (46' ონანა), ვიტსელი, კარასკო (46' მონიე) - დე ბრუინი, ე.აზარი (ტროსარდი, 62') - ბაჩუაი (ოპენდა, 78').

კანადა (3-4-2-1): ბორიანი - ჯონსტონი, ვიტორია, მილერი - ლარეია (ადეკუგბე, 74'), ჰატჩინსონი (კონე, 58'), ეუსტაკიუ (ოსორიო, 81'), დევისი - ბუშანანი (მილარი, 81'), ჰოილეტი (ლარინი, 58') - დევიდი.

კომენტარები

ბოლო ამბები