Thumbnail
  • გერმანიამ 70 წუთი ძალიან მაგრად ითამაშა
  • ბუნდესგუნდის სისუსტე კონტრშეტევებისგან თავის დაცვაა
  • ლუის ენრიკემ მაგარი ესპანეთი შექმნა - პრესინგით და იდეალური გუნდური კონსტრუქციით

‘გერმანია უფრო ძლიერია, ვიდრე გარედან ჩანს’ - ასეთი იყო ჩვენი სტატიის სათაური, რომელიც მუნდიალის წინ ბუნდესნაკრებს და მის შანსებს მივუძღვენით. ახლა, ამ სათაურზე შეიძლება ვინმეს ირონიულად გაეღიმოს კიდეც. გერმანელთა მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული მარცხის შემდეგ ეს რეაქცია გასაგები იქნება.

თუმცა, ფეხბურთი მხოლოდ შედეგი არ არის, ფეხბურთი პროცესიცაა. ანალიზი პირველ რიგში სწორედ პროცესს სჭირდება. სწორედ ამიტომ ფრაზას, რომ გერმანია უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ისევ გავიმეორებ. სტატიაში გერმანიის ძლიერების მთავარ ფაქტორად მისი შუა ხაზი და ბაიერნის შვიდეული იყო დასახელებული. გუშინ გერმანიამ 70 წუთი ისე ითამაშა, რომ უფრო ძლიერი კი არა, ყველაზე ძლიერი ჩანდა. ბუნდესგუნდი დაფრინავდა. მისი ნახევარდაცვა ბურთს იდეალურად აკონტროლებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. ფლიკის გუნდს ეტყობოდა ურთიერთშეწყობის, სისტემურობისა და იდეალური გუნდური ორგანიზაციის კვალი. ასე ხდება, როცა მწვრთნელი თავისი მოთამაშეების ძირითად ბირთვს (ზემოთ ხსენებული ბაიერნის შვიდეული) კარგად იცნობს და გუნდმაც იცის ავტომატიზმზე როგორ ითამაშოს.

გერმანია სანაკრებო კი არა, საკლუბო სისწრაფეზე თამაშობდა. ზოგადად, ნაკრებისთვის თითქმის შეუძლებელია სიტის, ბაიერნის და ლივერპულის სისწრაფეზე თამაში. ეს სისწრაფეები ავტომატიზმთან, ანუ ერთმანეთის თვალდახუჭულ გაგებასთან ერთად მოდის და ამის დალაგებას ის დრო სჭირდება, რომელიც კლუბებს აქვთ, ნაკრებებს კი - არა. ფლიკის გუნდი თითქმის ბაიერნის სისწრაფეზე თამაშობდა.

იდეალური იყო მაღალი პრესინგი, რომელიც ბურთს ისე სწრაფად იბრუნებდა, რომ მეტოქე ბურთიანად თავის საჯარიმოდანაც ვერ გამოდიოდა. იაპონიამ პირველი ტაიმი ზუსტი პასების კატასტროფული 58 პროცენტით დაასრულა. ანუ გერმანიის პრესინგის ფონზე ყოველ მეორე ბურთს კარგავდა. ბუნდესგუნდი ბურთს ძალიან მაგრად ამოძრავებდა და მთელი გუნდით უტევდა. ერთდროულად 7 მოთამაშეს ჰქონდა ზუსტი პასების მაჩვენებელი 90 პროცენტზე მეტი, ორი ფეხბურთელი კი 110 პასის მაჩვენებელს გადასცდა. ძალიან მაგრად აკონტროლებდა თამაშის ტემპს იოზუა კიმიხი. კარგი იყო ჯამალ მუსიალაც, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია.

ჰანსი ფლიკის ნაკრებმა გადაწყობა ვერ მოახერხა

ინგლისმა ირანს 6 გოლი გაუტანა, გერმანიას იმდენი მომენტი ჰქონდა ამ შედეგის გამეორება თავისუფლად შეეძლო. თუ არ ჩავთვლით ესპანეთის თამაშს (რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ და რომელიც გერმანიაზე გვიან გაიმართა), პირველ 70 წუთში ნაჩვენები ფეხბურთით გერმანია საუკეთესო იყო. ვერც ინგლისი და ვერც საფრანგეთი, ორი გრანდი, რომელმაც თავისი შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო, ასეთ სისწრაფეზე და ასე სინქრონულად ვერ თამაშობდა.

თან გასათვალისწინებელია მეტოქეც. იაპონია აზიის კონტინენტზე ალბათ საუკეთესო გუნდია. წინა მუნდიალზე პლეიოფი ითამაშა, ამ ჩემპიონატის წინ გამართული 6 მატჩიდან 5-ში კი გოლი არ გაუშვია. იაპონია კატარი ნამდვილად არ არის. მეტიც, ალბათ ირანზე და ავსტრალიაზე უკეთესი გუნდია. გერმანია ამ იაპონიას ისე ექცეოდა, როგორც ბაიერნი - ბოხუმს ან რომელიმე სხვა აუტსაიდერს. პირველი ტაიმი საერთოდაც ბურთის ფლობის 81 %-ანი მაჩვენებლითა და მეტოქის კარისკენ 13 დარტყმით დაასრულა.

ჩვენს წინასამუნდიალო სტატიაში იმაზეც ვწერდით, რომ გერმანიას გამტანი, საჯარიმოს ფორვარდი აკლია. ეს ამ თამაშშიც გამოჩნდა. ფლიკის გუნდმა უამრავი მომენტი ვერ გამოიყენა. კაი ჰავერტცი უფრო სივრცის და კონტრშეტევების ფორვარდია. ისეთი თამაში იყო, მირო კლოზე რომ ყოფილიყო, ალბათ პირველივე ტაიმში დუბლი ექნებოდა. ბუნდესგუნდი რეალიზაციამ დააღალატა.

აღნიშნულ სტატიაში იმასაც წაიკითხავდით, რომ ეს გერმანია თავს მაღალი პრესინგით იცავს. როცა პრესინგი არ მუშაობს ან მეტოქე ამოსვლას ახერხებს, მაშინ დაცვაში პრობლემები იქნება. 70 წუთი ის მიჯნაა, როცა გერმანიამ დაღლა დაიწყო და მისი პრესინგის ინტენსიურობა შემცირდა. ფლიკის გუნდს ის მინუსი აქვს, რომ გეგმა B არ აქვს. ანუ თამაშის გადაწყობა და მისი ე.წ. ‘გაშრობა’ - უფრო დაცვიდან თამაში, ზონების და სივრცეების გადაკეტვა, მეტოქის ლოდინი და მისი დაცვიდან გამოტყუება პოტენციურ სცენარად თუნდაც ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში არ განიხილებოდა. არადა, გოლი იაპონიას ჰქონდა გასატანი.

იაპონიამ ორივე გოლი მას მერე გაიტანა, რაც გერმანელთა პრესინგი მოიშალა

გერმანული ფეხბურთი ბოლო 15-20 წელიწადში საგრძნობლად შეიცვალა და აგრესიული, შემტევი თამაში გერმანელთათვის საფეხბურთო დოგმაა. არადა ისტორიულად გერმანული ფეხბურთი პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული იყო. შედეგზე ორიენტირებულობა დოგმატურობას გამორიცხავს. გერმანიას შემტევი თამაშიც შეეძლო და დაცვიდან დგომაც ანუ ისე, როგორც შედეგს სჭირდებოდა. ახლა, ეს ასე აღარ არის.

როგორც კი პრესინგი შენელდა, იაპონიამ ყველასთვის მოულოდნელად გერმანიის ნახევარზე სივრცეების და მომენტების ნახვა დაიწყო. იაპონიის ორი გოლი არ იყო საუდის არაბეთის სცენარი, როცა ორი დარტყმა სამ წუთში ორ გოლად იქცა. იაპონელებმა მომენტები გოლამდეც შექმნეს და ნოიერმა ერთი ძალიან მაგარი ბურთი აიღო. გერმანიას უბრალოდ არ შეუძლია პრესინგის გარეშე თავი დაიცვას და მისი დაცვა ღია სივრცეში ძალიან მოწყვლადია. შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიამ ბოლო 9 თამაშში გოლი მხოლოდ ერთხელ, ომანთან არ გაუშვა და ჯამში თავის კარში 12 გოლი მიიღო. ბოლო ორ დიდ ტურნირზე გერმანიას ნულზე არცერთხელ არ უთამაშია. დაცვა ზოგადად ამ გუნდის ყველაზე სუსტი რგოლია. მსოფლიო კლასის მცველები დორტმუნდში და ლაიპციგში რომ თამაშობდნენ, მაშინ ბაიერნი დე ლიხტში და ლუკა ერნანდესში ათეულობით მილიონს არ გადაიხდიდა. ბუნდესგუნდი მთელი გუნდით უტევს და უკან სივრცეები რჩება. ასეთ თამაშში კი საიმედო მხოლოდ ანტონიო რიუდიგერია.

განსაკუთრებით ბევრი სივრცე რჩება განაპირა მცველების ზონებში. ბუნდესგუნდის განაპირა მცველები, განსაკუთრებით კი რაუმი შეტევაში აქტიურად მიდიან. რაუმი საერთოდაც პირველ ტაიმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო შემტევ ფაზაში. როცა გუნდი განაპირა მცველებით უტევს, ჩვეულებრივ, ცდილობს ხოლმე, რომ კარგი დაცვითი საყრდენი ჰყავდეს, რომელიც წინწასულ მცველებს დააზღვევს და ცენტრალურ მცველებს დაეხმარება. მარსელოს და კარვახალის რეალი კაზემიროს გარეშე არ გამოვიდოდა. პრობლემა ის არის, რომ ამ გერმანიას ასეთი საყრდენი ნახევარმცველი არ ჰყავს. მოედნის ცენტრში კიმიხი-გიუნდოგანის წყვილი უფრო შემქმნელი ფეხბურთელები არიან. დაცვითი ბალანსიც ამ დროს ირღვევა. გერმანია 7-8 კაცით უტევს და მეტოქე დაცვიდან ამოსვლას თუ ახერხებს, უკვე სარისკოა.

ისევ საუდის არაბეთთან შედარება რომ გავაკეთოთ. საუდელი ფეხბურთელები საშუალოდ მოედნის თავისი კარიდან 30-55 მეტრში იყვნენ განლაგებულები, ანუ მოედნის ცენტრში. იმ დისტანციაზე, საიდანაც ერთი პასი გჭირდება მეტოქის საჯარიმოს რომ მიუახლოვდე და დარტყმაზე და მომენტზე იფიქრო. ბუნდესგუნდის უპირატესობა ბევრად დიდი იყო. გერმანიამ იაპონია აიძულა, რომ მთელი გუნდით თავისი კარის სიახლოვეს, პირველ 40 მეტრში ყოფილიყო განლაგებული. იაპონელთა არცერთ მოთამაშეს საშუალო პოზიცია გერმანიის ნახევარზე არ ჰქონია. ბუნდესგუნდს კი პირიქით - მხოლოდ ცენტრალური მცველების საშუალო პოზიცია იყო თავის ნახევარზე. ამის მიუხედავად, იაპონიამ ორი გაიტანა და სხვა მომენტებიც ჰქონდა. როცა ასეთი უპირატესობა გაქვს, ხეირიანი დაცვის პირობებში წესით გოლი არ უნდა გაუშვა.

სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი თამაში წააგო გერმანიამ წინა მუნდიალზე სამხრეთ კორეასთან. მთელი მატჩი უტია, ვერ გაიტანა, თავად კი ორი კონტრშეტევა გაუშვა. სახიფათო და ცუდი ტენდენციაა. თან ეს იმდენად სისტემური პრობლემაა, რომ არ ჩანს გზა, ფლიკმა ის როგორ უნდა გადაჭრას. ერთადერთი შანსია, რომ გერმანიამ თავისი შანსები მეტოქეზე უკეთ გამოიყენოს. მეტოქის უშანსოდ დატოვების სცენარი ამ გერმანიას არ აქვს.


ჯერჯერობით იდეალური გუნდი კი გერმანიის მერე ვნახეთ. ესპანეთმა ჯადოსნურად ითამაშა. კოსტა რიკის სისუსტეზე აპელირება არ გამოვა. ჯერ ერთი მექსიკამ, აშშ-მ და კანადამ ამ მუნდიალზე უკვე აჩვენეს, რომ კონკაკაფში ფეხბურთის თამაში კარგად იციან. მეორეც, რაც არ უნდა სუსტი იყოს მეტოქე, 7 გოლი და ასეთი დომინაცია, ძალიან შთამბეჭდავია.

ესპანეთს იდეალური მაღალი პრესინგი აქვს და მეტოქეს სულს მის საჯარიმოსთანვე ხდის. ბურთის გათამაშება რომ ესპანური ხელოვნებაა, ამაზე აღარაფერს ვიტყვი. ლუის ერნიკეს ძირითადში ერთდროულად 7 ნომინალური ნახევარმცველი ჰყავდა. ესეც ესპანური თამაშის იდეალია - ანუ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მოედანზე ვიწრო, მკაცრი პოზიცია არ აქვთ და სიტუაციის მიხედვით სხვადასხვა ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. ესპანეთი ძალიან სინქრონულად და ორგანიზებულად მოძრაობდა. მოთამაშეები მუდამ ცვლიდნენ პოზიციებს და ზოგადად, ძალიან სწრაფად თამაშობდნენ.

ლუის ენრიკეს ესპანეთი კოსტა რიკასთან შეუჩერებელი იყო

ლუის ენრიკე მუნდიალის წინ ცოტა ზედმეტად თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. აღნიშნა, რომ გუნდის ლიდერი სწორედ ის არის და თავს საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელიც უწოდა. ტურნირის წინაც ვწერდი, რომ, ლუჩომ ფენომენალური სამუშაო გასწია და ესპანეთის არცთუ საუკეთესო თაობა ძალიან კარგ გუნდად აქცია. ახლა, ისე ჩანს, რომ ლუის ენრიკეს თავდაჯერებას თავისი ლოგიკური მიზეზებიც აქვს. ეს ესპანეთი მწვრთნელის გუნდია - ძალიან დაყენებული და სისტემური თამაშით. ასე კარგად ამ მუნდიალზე ჯერ არავის უთამაშია. გერმანიისგან განსხვავებით ესპანეთი მეტოქეს კონტრთამაშის საშუალებას არ აძლევს.

მთავარი ამბავი კი ის არის, რომ შემდეგ ტურში გერმანიას და ესპანეთს დიდი ომი აქვთ. სულ მცირე მეოთხედფინალის კალიბრის თამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები