- ინდიანა 101:115 მინესოტა | მილუოკი 113:118 ჩიკაგო
- გოგა ბითაძემ მოედანზე 15 წუთი გაატარა, სანდრო მამუკელაშვილს არ უთამაშია
თითქმის ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ინდიანა პეისერსის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს NBA-ში სოლიდური სათამაშო დრო მიეცა (ამას ხელი აიზია ჯეკსონის ტრავმამ შეუწყო) და ის მოედანზე საკმაოდ აქტიურიც გახლდათ, თუმცა, მისმა გუნდმა მაინც მარცხი განიცადა.

ინდიანელები შინ მინესოტა ტიმბერვულვზს დაუხვდნენ და 101:115 წააგეს, ბითაძემ კი 15 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტატისტიკიდანაც სჩანს, რომ გოგა არაერთ კომპონენტში იყო სარგებლიანი და ამაზე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც მეტყველებს: ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში პეისერსმა სტუმრებზე 1 ქულით მეტი ჩააგდო.
ქართველი ცენტრი მასპინძელთა რიგებში ერთადერთი იყო, ვისაც დადებითი +/- კოეფიციენტი ჰქონდა.
ინდიანელთა მხრიდან 31 ქულით (9-დან 7 სამქულიანი) სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი გამოირჩა, წლევანდელი სეზონის ერთ-ერთმა აღმოჩენა ბენედიკტ მატურინმა კი ამჯერად 21 ქულა ჩააგდო.
მინესოტას მხრიდან შეუჩერებლები იყვნენ ცენტრები: კარლ ენტონი ტაუნსმა 23 ქულას 11 მოხსნა და 8 პასი წაამატა, ხოლო რუდი გობერის აქტივში 21 ქულა და 16 მოხსნა გახლდათ.
ინდიანას 10 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა (ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ, პირველად წააგო) და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, რაც პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა, თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. ბითაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა 26 ნოემბერს ბრუკლინ ნეტსთან ელის.
📺 ინდიანა V მინესოტა
მძლავრი სტარტის შემდეგ (ზედიზედ 9 მოგება), სტაბილურად ვეღარ გამოიყურება სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი, რომელიც ბოლო 8 მატჩიდან ხუთში დამარცხდა. ბაქსმა ამჯერად შინ წააგო (113:118) ჩიკაგო ბულსთან და ეს, მიუხევადად იმისა, რომ იანის ანტეტოკუნმპოს თითქმის სამმაგი დუბლი (36 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი) ჰქონდა.
მამუკელაშვილი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, ამჯერად, მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია. ბულსის რიგებში შეუჩერებელი იყო დემარ დეროზანი, რომელმაც ბერძენი ვარსკვლავის მსგავსად, 36 ქულა მიითვალა. მილუოკი 12 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორეა, 26-ში კი კლივლენდ კავალიერსთან მატჩი ელის.
📺 მილუოკი V ჩიკაგო
კომენტარები