Thumbnail
  • შვეიცარია 1:0 კამერუნი
  • აფრიკელებმა პირველ ტაიმში უკეთე ითამაშეს
  • მურატ იაკინის გუნდმა ძალიან საჭირო სამი ქულა მოიპოვა

შვეიცარიისა და კამერუნის წყვილში უმრავლესობა ფავორიტად ევროპელებს ასახელებდა, მაგრამ ამას პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ნამდვილად ვერ ვიტყოდით: შეხვედრას აფრიკელები აკონტროლებდნენ. 

მძიმე და ჩაკეტილ მატჩში ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, შვეიცარიამ კლასით მოიგო, მაგრამ ამ გუნდის მაქსიმუმი, ალბათ, მერვედფინალის საგზური იქნება.

გუნდები მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გავიდნენ. ევროპელებს შეტევაში მხოლოდ ერთი ფორვარდი - ემბოლო ჰყავდათ, რომელმაც პირველ ტაიმში თავი ვერაფრით გამოიჩინა, აფრიკელებმა კი შეხვედრა უფრო შემტევი ტაქტიკით დაიწყეს. ამან შედეგიც გამოიღო - მომენტები მხოლოდ შვეიცარიის კართან იქმნებოდა.

პირველი ტაიმი ჩუპო-მოტინგის კამერუნმა უკეთესად ჩაატარა

ევროპელებმა პირველი შანსი ტაიმის მიწურულს მიიღეს, როცა კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს აკანჯის თავური მოჰყვა. საერთო ჯამში, კამერუნელები უკეთესად თამაშობდნენ, მაგრამ მძიმე, ჩაკეტილი პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.  

მეორე ტაიმი ევროპელებმა აქტიურად დაიწყეს, ამას 48-ე წუთზე ემბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი გოლი მოჰყვა, რომელმაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. საინტერესოა, რომ შვეიცარიელთა 25 წლის თავდამსხმელმა გოლი არ აღნიშნა, რადგანაც სწორედ კამერუნის დედაქალაქ იაუნდეშია დაბადებული.

ემბოლომ გოლი არ აღნიშნა

აფრიკელებს მეორე ნახევარში წონასწორობის აღდგენის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან უჭირდათ. შვეიცარიელები მეორე ტაიმში უკეთეს ფეხბურთს თამაშობდნენ, მათი შეტევები უფრო მწვავე იყო. შედეგად, მურატ იაკინის გუნდმა ძალიან საჭირო სამი ქულა მოიპოვა.

კატარის მუნდიალის G ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდები შეიკრიბნენ. შვეიცარიის შემდეგი მეტოქე ბრაზილია იქნება, ხოლო კამერუნი სერბეთს დაუპირისპირდება.

TOP ფეხბურთელი 

ბრილ ემბოლო - 25 წლის ფორვარდმა შვეიცარიელებს მოაგებინა და ლოგიკურად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ მას ვასახელებთ. 

მნიშვნელოვანი ფაქტები 

🟠 კატარის მუნდიალზე ხუთი აფრიკული გუნდიდან ოთხმა გოლის გატანა ვერ შეძლო - სენეგალმა, ტუნისმა, მაროკომ და კამერუნმა.

🟠 ანდრე ონანა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ბურთს 61-ჯერ შეეხო, რაც მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

🟠 შაქირი შვეიცარიის ნაკრების ისტორიაში ბეჰრამის შემდეგ მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ოთხ მუნდიალზე ითამაშა.

შვეიცარია 1:0 კამერუნი

გოლი: 1:0 ემბოლო (48).

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - როდრიგესი (90, კომერტი), ელვედი, აკანჯი, ვიდმერი - ჯაკა, ფროილერი - ვარგასი (81. რიდერი), სოვი (72. ფრაი), შაქირი (72. ოკაფორი) - ემბოლო (72. სეფეროვიჩი).

კამერუნი (4-1-2-3): ონანა - ტოლო, ნ’კულუ, კასტელეტო, ფაი - უმ გუე - ანგისა, ჰონგლა (68. ონდუა) - ტოკო ეკამბი (74. ნ'კოდუ), ჩუპო-მოტინგი (74. აბუბაქარი), მბეუმო (81. მოუმი ნგამალეუ).

კომენტარები

ბოლო ამბები