Thumbnail

'ჩვენ ახალი კობი უნდა გავაჩინოთ' - ბრაიანტის შვილი დევნის ობიექტია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 19 წლის ნატალია ბრაიანტს თავყვანისმცემელი მოსვენებას არ აძლევს
  • პოლიცია აპირებს, მას შემაკავებელი ორდერი გამოუწეროს

ბოლო დღეებია, ლეგენდარული კობი ბრაიანტის ოჯახი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა და მიზეზი კვლავაც უსიამოვნოა. საფრთხის ქვეში კობის ქალიშვილი ნატალია ბრაიანტი იმყოფება, რომელიც თაყვანისმცემლის დევნის ობიექტი გახდა.

ნატალია ჯერ 20 წლისაც არ არის, თუმცა, სამოდელო სამყაროში უკვე საკმაოდ ცნობილია. დაახლოებით 2 წლის წინ მან თანამშრომლობა ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან დაიწყო და ხშირად ჩნდება ბელა და ჯიჯი ჰადიდებისა თუ ჰაიდი კლუმის კომპანიაში, მოკლედ, ამ სფეროში საკმაოდ კარგად იცნობენ.

ცხადია, კობის ქალიშვილი მანამდე საინტერესო სახე იყო, მოდელობის პერიოდში კი მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. ამას ხელს ის ეფექტური ფოტოებიც უწყობს, რომელსაც ნატალია სოციალურ ქსელში ანთავსებს. სწორედ აქედან დაიწყო გოგონას პრობლემებიც.

ნატალია ბრაიანტს სამოდელო სამყაროში კარგად იცნობენ

17 წლის ასაკიდან მოყოლებული მის მიმართ ყურადღებას ერთი და იგივე ადამიანი იჩენს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ის და კობის ქალიშვილი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილნი. ის ნატალიას პირად შეტყობინებებს წერს და საკუთარ გრძნობებს არ მალავს. “მადლობა კობის, რომ შენ გაგაჩინა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ახალ კობის გავაჩენთ”, - ესაა მამაკაცის მთავარი მესიჯი.

დოკუმენტებიდან, რომელიც პოლიციას უკვე გააჩნია, ირკვევა, რომ მამაკაცი დარწმუნებულია: მისი და ნატალიას შვილი ძალიან ემგვანება კობის. დადგენილია, რომ ეს პიროვნება დუეინ კემპია და ის კობის გოგონაზე 13 წლით უფროსია.

მან ნატალია უკვე არაერთხელ ანერვიულა, რადგანაც გოგონას უკვე რამდენჯერმე აეკიდა. მაგალითად, ის შენიშნეს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (ნატალია სწორედ იქ სწავლობს) საერთო საცხოვრებელში. იქ სეირნობდა, როდესაც ვიდეო-კამერებმა დააფიქსირეს. ერთხელ კი იმ ოთახში შესვლაც გაბედა, სადაც ნატალიას ლექცია უტარდებოდა.

ბრაიანტის ქალიშვილმა მეტი საფრთხე იგრძნო მას მერე, რაც ჟურნალისტებმა ერთი ფაქტი გამოიკვლიეს: კემპს განაცხადი აქვს გაკეთებული და უახლოეს პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვას აპირებს. საუბარია ავტომატსა და პისტოლეტზე. არადა, ის უკვე 4-ჯერ არის დაპატიმრებული და მათ შორის ერთხელ, სწორედ იარაღის უკანონო ტარებაზე. 

ცხადია, მიმდინარე სიტუაციას ლოს ანჯელესის პოლიციაც აკვირდება და გეგმავს, რომ კემპს შემაკავებელი ორდერიც გამოუწეროს. ამ შემთხვევაში, მას ნატალიასთან 200 იარდზე (183 მეტრი) ახლოს მიახლოება აეკრძალება. სხვა საქმეა, რომ ეს გადაწყვეტილებაც კი კობის გოგონას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ლეიკერსის რიგებში 5-გზის ჩემპიონი ლეგენდარული კალათბურთელი 2020 წლის 26 იანვარს კალიფორნიაში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაიღუპა. ბორტზე კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი ჯანაც იმყოფებოდა, რომელიც ასევე ვერ გადარჩა. დაიღუპნენ პილოტი და სხვა 6 მგზავრიც.

კომენტარები

ბოლო ამბები