- ურუგვაი 0:0 სამხრეთ კორეა
- მუნდიალზე პირველი ტური არ დასრულებულა, ეს კი, უკვე მე-4 უგოლო ფრე იყო
ურუგვაის ნაკრებისგან უფრო მეტი მოლოდინი იყო. ზოგადად, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის მიმართ ინტერესი ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ურუგვაელები რომ გაცემულ ავანსებს ხშირად ვერ ამართლებენ, ესეც ფაქტია.
სამხრეთ კორეაც კარგი, ორგანიზებული გუნდია, რომლის თითოეულმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად იცის თავისი ფუნქცია მოედანზე. ურუგვაის წინააღმდეგაც მათ იდეალურად შეასრულეს სამწვრთნელო შტაბის დავალებები, მაგრამ მაინც: ურუგვაის ნაკრებში ვეტერანებისა და ახალგაზრდების საინტერესო სინთეზია, რის გამოც სამხრეთამერიკელებს მეტი მოეთხოვებოდათ. ერთიცაა, ჯერ მხოლოდ პირველი ტურია და გუნდები ზედმეტად რისკზე არ მიდიან, რეალურად ყველაფერი ალბათ მომდევნო ტურში უნდა გამოჩნდეს.
ურუგვაელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ალონსომ 4-3-3 სქემა აირჩია და კარში ნასიონალის მეკარე სერხიო როჩეტი დააყენა, რომელიც გამოცდილ ფერნანდო მუსლერას ამჯობინა. "სელესტეს" დაცვის ცენტრში ტრავმის გამო რონალდ არაუხო დააკლდა, ამდენად, ამ პოზიციაზე დიეგო გოდინი და ხოსე ხიმენესი ირჯებოდნენ. დაცვის მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი მატიას ოლივერა ვიხილეთ, ხოლო მარჯვნივ - ვეტერანი მარტინ კასერესი. შეტევაში თადარიგში დარჩა ედინსონ კავანი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და როგორც ჩანს, ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ხოლო ლუის სუარესთან ერთად სასტარტოში დარვინ ნუნიესი და ფაკუნდო პელისტრი მოხვდნენ. სოლიდური იყო ნახევარდაცვის ცენტრიც - ფედერიკო ვალვერდეს, როდრიგო ბენტანკურისა და მატიას ვესინოს ტრიოთი.

სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ 4-3-3 სქემა აირჩია და სასტარტოში ჰონ-მინ სონი ვიხილეთ, რომლმაც სპეციალური დამცავი ნიღბით ითამაშა. რასაკვირველია, ძირითადში იყო კვარაცხელიას კიდევ ერთი თანაგუნდელი ნაპოლიდან და აზიელთა ერთ-ერთი ლიდერი კიმ მინ-ჯე, რომელსაც დაცვის ცენტრში ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი ულსანიდან, კიმ იენ-გვონი შეუწყვილდა.
სამხრეთ კორეის ნაკრებმა ძალიან კარგად მოახერხა ურუგვაის ნაკრების ლიდერების განეიტრალება და დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომო თამაში ჩაატარა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ სამხრეთამერიკელებს კარში ზუსტად არ დაურტყამთ (სხვათა შორის, არც აზიელებს).
ურუგვაის ორი სუპერმომენტი ჰქონდა: პირველ ტაიმში დიეგო გოდინის დარტყმა მოხვდა ძელს, მატჩის მიწურულს კი ფედერიკო ვალვერდესი. პაულუ ბენტუს გუნდსაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ პირველ ტაიმში ჰვან ი-ჯომ ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა კარს, თამაშის ბოლოს კი ჰონ-მინ სონმა შორი მანძილიდან ვერ გაისროლა ზუსტად. ვინაიდან არცერთ გუნდს კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაურტყამს, ნულოვანი ფრე სრულიად ლოგიკური შედეგი იყო. თამაშიც არ იყო იდეალური - გუნდები ძალიან ფრთხილობდნენ, როგორც ჩანს, ეს ქულა ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

სხვათა შორის, ეს მუნდიალზე უკვე მე-4 უგოლო თამაში იყო, არადა, ჯერ პირველი ტური არ დამთავრებულა. მე-2 ტურში 28 ნოემბერს, ურუგვაი პორტუგალიას შეხვდება, ხოლო იმავე დღეს სამხრეთკორეელთა მეტოქე განა იქნება.
TOP ფეხბურთელი
ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ფეხბურთელმა განსაკუთრებული თამაში ჩაატარა, მაგრამ ამჯერად სამხრეთ კორეის ნაკრების ცენტრალურ მცველ კიმ იუნ გვონს ვირჩევთ, რომელიც სამშობლოში, ულსან ჰიუნდაიში თამაშობს და როგორც აღვნიშნეთ, ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელია. მან ჯერ ლუის სუარესის განეიტრალება მოახერხა და მერე მის შემცვლელ ედინსონ კავანისაც კარგად დაუხვდა, ცხადია, ნაპოლის მცველ კიმ მინ-ჯესთან ერთად.
მნიშვნელოვანი ფაქტები
🟠 დიეგო გოდინი ურუგვაის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული (36 წლის და 281 დღის) მოთამაშე გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მან 2 დღით გააუმჯობესა ობდულიო ვარელას შედეგი, რომელმაც მუნდიალზე 1954 წელს 36 წლისა და 279 დღის ასაკში ითამაშა. სხვათა შორის, ამ მხრივ მოწინავე ხუთეულში შევიდნენ ლუის სუარესი (მე-4 ადგილი) და მარტინ კასერესიც (მე-5 ადგილი).
🟠 ურუგვაის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გოლი 465 წუთის განმავლობაში არ აქვს გაშვებული და ზედიზედ მე-5 მატჩში (ჯგუფში) შეინახა კარი მშრალად. ბოლოს "სელესტეს" გოლი ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში 2014 წელს, ინგლისელმა უეინ რუნიმ გაუტანა.
🟠 მიმდინარე მუნდიალზე უკვე 8 გუნდმა ითამაშა უგოლო ფრე (დანია, ტუნისი, მექსიკა, პოლონეთი, მაროკო, ხორვატია, ურუგვაი, სამხრეთ კორეა) და მუნდიალების ისტორიში პირველ ტურში ყველაზე მეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 0:0.
🟠 სამხრეთ კორეის ნაკრებს პირველ ტაიმში ბურთის ფლობის 50.3% ჰქონდა და ამ ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მუნდიალზე პირველ ტაიმში ბურთს მეტოქეზე მეტ ხანს ფლობდა.
ურუგვაი 0:0 სამხრეთ კორეა
ურუგვაი (4-3-3): როჩეტი - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ოლივერა (79. ვინა) - ვალვერდე, ვესინო (79. დე ლა კრუზი), ბენტანკური - პელისტრი (88. ვარელა), სუარესი (64. კავანი), ნუნიესი.
სამხრეთ კორეა (4-3-3): კიმ სინ-გიუ - კიმ მუნ-ჰვანი, კიმ მინ-ჯე, კიმ იუნ-გვონი, კიმ ჯინ-სუ - ჰვან ინ-ბომი, ჩონი უ-იონი, ლი ჯე (75. სონ ჯუნ-ჰო) - ნა სანგ ჰო (75. კან-ინ ლი), ჰვან ი-ჯო (75. ჩო გუე სონი), სონი.
კომენტარები