Thumbnail
  • პორტუგალია 3:2 განა
  • ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა მუნდიალი რთული მოგებით გახსნა
  • პორტუგალიელები 2 ქულის დაკარგვასთან ახლოს 90+10-ე წუთზე იყვნენ

როცა ტურნირის ფავორიტი ხარ, შემადგენლობაში კი უამრავი შემოქმედი ფეხბურთელი გყავს, განის ნაკრებს უფრო მშვიდად უნდა მოუგო, თუმცა პორტუგალიამ აფრიკელ მეტოქეს საკმაოდ დაძაბულ, სანერვიულო შეხვედრაში აჯობა. 

ძალიან უინტერესო და მოსაწყენი პირველი ტაიმის დასაწყისში უპირატესობა ევროპელებმა მოიპოვეს და ანგარიშის გახსნის ორი კარგი შანსი პირველ წუთებში კრიშტიანო რონალდოს ჰქონდა - პორტუგალიელთა კაპიტანს განის ნაკრების კარში გოლების გატანა მე-10 და მე-13 წუთებზე შეეძლო, მაგრამ არ გამოუვიდა.მის შემდეგ მატჩის პირველ ნახევარში მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. პორტუგალია უსახურად, არაეფექტიანად უტევდა, განას კი მეტოქის კარისკენაც არ დაურტყამს. 

მეორე ნახევარიც პორტუგალიელების აქტიურობით დაიწყო, სახიფათო მომენტი კი განის ნაკრებმა შექმნა. აფრიკელთა რიგებში ცალსახად გამორჩეულმა მოჰამედ კუდუსმა რუბენ ნევეშს აჯობა და 55-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა - ბურთი დიოგუ კოშტას კარს მცირედით ასცდა. 

65-ე წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა - რონალდო საკუთარ საჯარიმოში მოჰამედ სალისუმ წააქცია, პენალტი კი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. 8 წუთში განამ გაათანაბრა - ძალიან აქტიურმა კუდუსმა ზუსტი პასი ანდრე აიუს მისცა და ამ უკანასკნელმა კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-3 გოლი შეაგდო. 

გაშვებული ბურთის შემდეგ პორტუგალია სხვა კოლექტივად გარდაისახა და 2-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. ჯერ, 78-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა საკუთარი გუნდი დააწინაურა, მერე კი შეცვლაზე შემოსულმა რაფაელ ლეაომ გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე პასი ბრუნო ფერნანდეშმა გააკეთა. 

განა არ დანებდა და 89-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა - ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე ბუკარიმ შეამცირა. შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიოდი კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე ვიხილეთ - პორტუგალიელთა კარს უკან დამალული ინაკი უილიამსი დიოგუ კოშტამ ვერ შეამჩნია, ბილბაოს ფორვარდმა მეკარეს ბურთი მოჰპარა, თუმცა ფეხი დაუცდა და პორტუგალია H ჯგუფში გალიდერდა. 

გამარჯვების მიუხედავად, პორტუგალიამ ძალიან ბევრი შეკითხვა გააჩინა. განსაკუთრებით მოულოდნელი ის გახლდათ, რომ 3 გოლის გატანის მიუხედავად, ევროპელებმა შეტევაში ვერ აჩვენეს ისეთი თამაში, როგორსაც მათგან ველოდით. 

მეორე ტურში პორტუგალია ურუგვაის შეხვდება, განა კი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება. 

TOP ფეხბურთელი

განას ეს მატჩი რომ არ წაეგო, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კუდუსიც შეიძლებოდა დაგვესახელებინა, თუმცა ბრუნო ფერნანდეშმა ორი უმნიშვნელოვანესი საგოლე პასი გააკეთა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ ამიტომ, პორტუგალიელთა 8-ნომერს თამაშის TOP ფეხბურთელად ვასახელებთ. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მუნდიალზე მოახერხა გოლის გატანა. ჯამში ფორვარდმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავი მერვედ გამოიჩინა და ამ მაჩვენებლით მარადონასა და რომარიოს დაეწია.

🟠 პორტუგალიელთა კაპიტანმა გოლი ზედიზედ მე-10 ტურნირზე გაიტანა და განელი ასამოა გიანის რეკორდი დაამხო. 

🟠 პორტუგალიამ 2006 წლის შემდეგ მსოფლიოს თასზე გამოსვლა მოგებით პირველად დაიწყო. 16 წლის წინ ევროპელები ნახევარფინალში გავიდნენ.

H ჯგუფი

პორტუგალია 3:2 განა

გოლები: 1:0 რონალდო (65’ პენ.), 1:1 ანდრე აიუ (73’), 2:1 ფელიქსი (78’), 3:1 ლეაო (80’), 3:2 ბუკარი (89’)

პორტუგალია (4-3-3): კოშტა - კანსელუ, დიაში, პერეირა, გერეირო - ბერნარდო სილვა (88. პალინია), ნევეში (77. ლეაო), ოტავიო (56. კარვალიუ)  - ფერნანდეში, ჟოაო ფელიქსი (88. ჟოაუ მარიო), რონალდო (88. რამუში);

განა (5-3-2): ატი-ზიგი - სეიდუ (66. ლამპტი), ამარტეი, ჯიკუ, სალისუ (90+2. სემენიო), ბაბა - პარტეი, აბდულ სამედი (90+2. კირე), კუდუსი (76. ბუკარი) - ანდრე აიუ (77. ჯორდან აიუ), უილიამსი.

კომენტარები

ბოლო ამბები