Thumbnail

მუნდიალის მონაწილე 32-ვე ნაკრებში ბრაზილიამ ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. სერბეთმა პირველი ტაიმი გაძლო, მეორედან კი "სელესაოს" დაწოლას ორი სერბეთიც ვერ გაუძლებდა...

ქალაქ ლუსაილში მუნდიალის ჯგუფური ეტაპის I ტური ამ მატჩით დასრულდა. ტიტემ ცენტრფორვარდად რიშარლისონი არჩია სხვებს. სხვა მხრივ, სასტარტო 11-ეულის გამოცნობა იოლი იყო. პირველ ტაიმში ბრაზილიის უპირატესობის მიუხედავად, ბევრი საგოლე მომენტი არ ყოფილა. ასე რომ, სერბებმა ტაიმში რთულ ამოცანას თავი გაართვეს. 

ნეიმარს 9-ჯერ ეუხეშნენ, სანამ თამაშიდან არ გამოთიშეს

მეორე ტაიმი რაფინიას სუპერმომენტით დაიწყო, მან მილინკოვიჩ-სავიჩს დუელი ვერ მოუგო. ბრაზილიის უპირატესობა აშკარა გახდა და გოლიც შედგა - 62-ე წუთზე ვინისიუსის დარტყმული მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე რიშარლისონმა გაიტანა - 1:0. 11 წუთში მუნდიალის ჯერჯერობით, ულამაზესი გოლი ვნახეთ იმავე რიშარლისონის შესრულებით. ბრაზილიამ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა, ტიტეს ხინჯად მხოლოდ ნეიმარის ტრავმა დარჩა, ის მე-80 წუთზე გამოცვალეს. 

G ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები 28 ნოემბერს გაიმართება. ბრაზილიის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო სერბეთი - კამერუნს. 

TOP ფეხბურთელი

ვინ თუ არა ტოტენჰემის ფორვარდი. ტიტეს ალბათ, ყველაზე დიდი საფიქრალი სწორედ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჰქონდა, ვინ დაეყენებინა სასტარტოში რიშარლისონი თუ გაბრიელ ჟეზუში. რიშარლისონმა დუბლი შეასრულა და ამ მუნდიალზე ჯერჯერობით, ულამაზესი გოლი გაიტანა. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 პირველ ორ მუნდიალზე (1930, 1934) დამარცხების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებს ზედიზედ 20 მუნდიალზე არ წაუგია სასტარტო მატჩში (17 მოგება, 3 ფრე). 

🟠 ბოლო 6 მუნდიალის პირველი მატჩი ბრაზილიის ნაკრებს წითელმაისურიანი გუნდის წინააღმდეგ მოუწია. 

🟠 ნეიმარის წინააღმდეგ პირველ ტაიმში 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ამ მაჩვენებლით ის უკე პირველ ტაიმში დაეწია გავის, რომელიც მუნდიალზე პირველ ადგილზე იყო. სერბები სულ 9-ჯერ დაჯარიმდნენ ნეიმარის წინააღმდეგ. 

🟠 2018 წელს ნაკრებში დებიუტის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ბომბარდირი სწორედ რიშარლისონია - 19 გოლი.

🟠 ბრაზილიას ყველაზე მეტი მონაწილეობა აქვს მუნდიალზე - 22. ყველაზე მეტი თამაში - 110, მოგება - 74, გოლები - 231 და ტიტული -5 აქვს.

G ჯგუფი

ბრაზილია 2:0 სერბეთი

გოლები: 1:0 რიშარლისონი (62. ვინისიუსის პასით), 2:0 რიშარლისონი (73. ვინისიუსის პასით)

ბრაზილია (4-1-2-3): ალისონი - დანილო, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ალექს სანდრო - კაზემირო - პაკეტა (75. ფრედი), ნეიმარი (80. ანტონი) - რაფინია (87. გაბრიელ მარტინელი), რიშარლისონი (79. გაბრიელ ჟეზუში), ვინისიუსი (76. როდრიგო)

სერბეთი (3-4-3): ვ. მილინკოვიჩ-სავიჩი - მილენკოვიჩი, ველიკოვიჩი, პავლოვიჩი - ჟივკოვიჩი (57. რადონიჩი), ლუკიჩი (66. ლაზოვიჩი), გუდელი (57. ილიჩი), მლადენოვიჩი (66. ვლაჰოვიჩი) - ტადიჩი, მიტროვიჩი (83. მაკსიმოვიჩი), ს. მილინკოვიჩ-სავიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები