Thumbnail

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს გააგრძელებს. "სელესაოს" თავკაცი სერბეთთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საკმაოდ ოპტიმისტური იყო.

"არ ინერვიულოთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ის თამაშს აპირებს. მან ტკივილით 10 წუთი ითამაშა, მაგრამ მოედანზე დარჩა, რადგან გუნდს სჭირდებოდა და ტკივილის ატანის უნარი აჩვენა, მისი საქციელით აღფრთოვანებული ვარ", - თქვა ტიტემ ნეიმარის ტრავმაზე.

ბრაზილიის ნაკრებმა ძალიან ემოციურად აღნიშნა თავისი გუნდის გატანილი გოლები, რაზეც მან ასევე ისაუბრა: "განცდების ახსნა ხანდახან შეუძლებელია. გუნდურად ვმუშაობთ, ჩვენს უკან ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, ექიმები, მასაჟისტები, რომ ფეხბურთელები საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ. გარდა ამისა, ეს იმპულსური აღნიშვნა იყო, სიხარული მთელ პერსონალს გავუზიარე. გუნდი თავდაჯერებულია იმ სამუშაოს წყალობით, რომელიც ჩვენ ფეხბურთელებთან გავწიეთ. პირველი მატჩი იყო, ზოგი ღელავდა და ეს ნორმალურია, ადამიანური ფაქტორია. ვისაუბრეთ ფეხბურთელებთან და მათი დამშვიდება ვცადეთ, თამაში კი  დამსახურებულად მოვიგეთ", - განაცხადა ტიტემ.

ბრაზილიამ მუნდიალი კარგად დაიწყო

სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი ვინისიუსმაც გააკეთა: "ძალიან ბედნიერი ვარ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი დებიუტით და მიხარია, რომ კარგად დავიწყეთ. 22 წელი ამ მომენტს ველოდებოდი და მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე, მაგრამ წინ კიდევ 6 ფინალი გაქვს. რიშარლისონის გამო ბედნიერი ვარ. ის აქ იმისთვისაა, რომ დაგვეხმაროს და ყოველთვის მზადაა გოლის გასატანად. ნეიმარი? ფეხში ჩაარტყეს, იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია".

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მე-2 ტურში 28 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები