Thumbnail
  • ბრაზილია მეტოქეს იდეალურად აკონტროლებდა და კონტრთამაში არ მისცა
  • ტიტემ რამდენიმე სწორი ტაქტიკური გათვლა გააკეთა
  • ლუკას პაკეტა 'სელესაოსთვის' ძალიან მნიშვნელოვანია

გულშემატკივრის ემოციაში რიშარლისონის გოლი დარჩება. ისეთი გოლი იყო, რომელიც არ შეიძლება დაგავიწყდეს. მინდა ვცდებოდე, მაგრამ მეეჭვება, ასეთი ამ მუნდიალზე კიდევ გავიდეს. ფეხბურთი, და ბრაზილიური ფეხბურთი, სწორედ ასეთი გოლების და მომენტების გამო უყვართ.

თუმცა, ბრაზილიის თამაშში სხვა ელემენტიც იყო, რომელიც ესთეტურ კატეგორიაში ნამდვილად არ შედის, თუმცა "სელესაოს" საჩემპიონო შანსებს სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს. ეს იყო კონტროლი. ტიტეს გუნდი თამაშს სრულად აკონტროლებდა - აკონტროლებდა თავის თავს და მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანი გოლი არ გადიოდა, ბრაზილია მეთოდურად და გეგმაზომიერად ზრიდა დაწოლას და არ ღალატობდა თავის სათამაშო კონცეფციას. არანაირი პანიკა, ზედმეტი ემოცია, თამაშის ზედმეტად თავის თავზე აღების მცდელობა - ბრაზილიას უნდა გაეტანა და იცოდა, რომ გაიტანდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრაზილია სრულად აკონტროლებდა მეტოქესაც. მთელი ამ გეგმაზომიერი წნეხის დროს სერბეთს "სელესაომ" არაფრის შანსი მისცა. დაცვიდან ბურთიანად ამოსვლის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ძალიან კარგი პრესინგი შემტევების მხრიდან, კაზემიროს ფაქტორი მოედნის ცენტრში და ხისტი და აგრესიული დაცვა, რომელიც მეტოქეს თავის საჯარიმოს მისადგომებთანავე ახრჩობდა, სერბეთს კონტრთამაშის საშუალებას საერთოდ არ აძლევდა. ტიტეს გუნდის მთავარი ძალა და ღირსება სწორედ ეს არის. საჩემპიონოდ აუცილებელი ძალა და ღირსება - მეტოქის სრულად კონტროლის უნარი, როცა ისე თამაშობ, რომ გოლის გაშვება გამორიცხულია, შენ კი, ტექნიკის და დროის ამბავია, როდის გაუტან.

რიშარლისონის გოლი კატარის მუნდიალის მშვენებად იქცა

გუშინ მატჩის კომენტატორებს სამართლიანად ენიშნათ, რომ ბრაზილიის განაპირა მცველები შეტევის დროს ფლანგზე სიღრმეში ნაკლებად მიდიოდნენ. ისიც სწორედ აღნიშნეს, რომ შემტევი განაპირა მცველები ბრაზილიის მთავარი სამარკო ნიშანი იყო თაობების განმავლობაში - კარლოს ალბერტოდან და ჟუნიორიდან დაწყებული, რობერტო კარლოსით და დანი ალვეშით დასრულებული.

ამ ბრაზილიას ფლანგებზე უფრო დაცვითი ფეხბურთელები ჰყავს - დანილო და ასაკოვანი ალექს სანდრო, რომელსაც უწინდელი სისწრაფე და მობილურობა დაკარგული აქვს. ვინც იუვენტუსის თამაშებს უყურებს, დამეთანხმება, რომ ტურინში ორივე მათგანს ხშირად დაცვის ცენტრშიც ათამაშებენ - დანილოს, როგორც ოთხმცველიან, ისე სამმცველიან ტაქტიკაში, ალექს სანდროს კი მხოლოდ სამი ცენტრალური მცველის დროს. მათი დაცვითი უნარები განხილვას არ ექვემდებარება.

ტიტეს განაპირა მცველები ბურთის ფლობის დროს ფლანგზე სიღრმეში კი არ მიდიან, უფრო შუისკენ შემოდიან და მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან არიან განლაგებულები. ანუ იმ პოზიციაში, რომელიც ყველაზე კარგად აზღვევს მეტოქის კონტრშეტევებს. კონტრშეტევების თავიდან ასარიდებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური ზონის კონტროლია. ფლანგიდან სად უნდა გაიქცე?!

მაგალითად, როცა ფლანგის მცველი აგრესიულად უტევს და თითქმის კუთხურის ალამის სიახლოვემდე თამაშობს, ბურთის დაკარგვის დროს, საფეხბურთო ჟარგონზე რომ ვთქვათ, ის "ჩარჩენილია", "მკვდარ ზონაშია" - იმ ზონაში, საიდანაც გუნდს ვეღარ დაეხმარება. ზედმეტად შორს იმყოფება, როგორც თავისი პოზიციიდან, ისე - მოედნის ცენტრიდან. სწორედ ამიტომ, ლივერპულში ფაბინიოს საქმე ალექსანდერ-არნოლდის უკან არსებული ზონების დაზღვევაა. სწორედ ამიტომ, ორიოდე დღის წინ გერმანელი რაუმი ძალიან მაგრად უტევდა, თუმცა უკან ბევრი სივრცეები რჩებოდა.

ტიტე პირიქით აკეთებს - განაპირა მცველებს, თან ძალიან კარგ ჩამშლელებს, იმ პოზიციაში აყენებს, საიდანაც მათი თამაშის, უფრო სწორად, მეტოქის კონტრთამაშის კონტროლი ყველაზე უკეთ შეუძლიათ.

ტიტე სერბეთთან მატჩს სრულებით აკონტროლებდა

სხვათა შორის, ამ ტაქტიკურ ხერხს პეპ გვარიოლაც მიმართავს ხოლმე, როცა კონტრშეტევებზე კარგად მოთამაშე მეტოქეს ხვდება. კაელო უოლკერი ფლანგზე კი არა, ცენტრისკენ შემოდის.

დაამატეთ ამას კაზემიროც და ნათელი ხდება, თუ რა რთულია მეტოქისთვის თუნდაც ბურთის მოპოვების შემდეგ საკუთარ შეტევაზე ფიქრის დაწყება. ბურთს მაშინვე კარგავ. თუკი გერმანიას არ ჰყავდა კარგი ჩამშლელი და აქტიურად უტევდა ფლანგის მცველების ჩართულობით, რაც მის ნახევარზე სივრცეებს წარმოშობდა, ბრაზილია პირიქით აკეთებს - ფლანგის მცველებითაც ფრთხილად უტევს და თან ძალიან კარგი ჩამშლელი ნახევარმცველი ჰყავს.

მოედნის ცენტრში ძალიან კარგი იყო ლუკაშ პაკეტა. ბურთის მოძრაობას და თამაშის ტემპს ძალიან მაგრად აკონტროლებდა. პაკეტა ბრაზილიის სიღრმის გამთამაშებელი იყო. ტიტემ სწორედ გათვალა, როცა ფრედის ნაცვლად სწორედ ის ათამაშა. ტრიუმფატორი რიშარლისონის შემდეგ საუკეთესო ალბათ სწორედ პაკეტა იყო. სხვა ამ ფუნქციის და თვისებების მქონე მოთამაშე ტიტეს არ ჰყავს.

ბრაზილიელთა მთავარ მწვრთნელს გაუმართლა ვინისიუსმაც, რომლის ძირითადში დაყენება-არდაყენების საკითხი მატჩის წინ მთავარ ინტრიგას წარმოადგენდა. ნეიმარის და ვინისიუსის დუეტი ბრაზილიისთვის ზედმეტ ინდივიდუალიზმს საერთოდ არ ნიშნავდა. პირიქით, "სელესაოს" შეტევების 42 პროცენტი სწორედ მარცხენა ფლანგიდან წარიმართა (მარჯვნიდან - 34, ცენტრიდან - 24) და თავისი დარტყმების 36 პროცენტიც სწორედ მარცხენა ფლანგიდან აქტიურობას მოჰყვა (მარჯვნიდან ეს მაჩვენებელი მხოლოდ - 9 პროცენტს შეადგენდა). ზოგადად, თუ ვინმე იყო შედარებით ამოვარდნილი, ეს რაფინია იყო შეტევის მარჯვენა ფლანგზე.

მატჩის სრული კონტროლის უნარი განასხვავებდა ბრაზილიას, მაგალითად, პორტუგალიისგან. პორტუგალიამ თავისი უპირატესობის მიუხედავად, მეტოქეს კონტრთამაშის საშუალებაც მისცა, ორი გოლიც გაუშვა და ბოლო წუთებში ემოციურ დონეზე თამაშს აშკარად ვეღარ აკონტროლებდა. ემოციურ დონეზე თამაში "გაექცა", გუნდი აირია და მატჩს ნერვული დასასრული ჰქონდა. ბრაზილიის კონტროლი, სოლიდურობა დაა სტაბილურობა ძალიან საჩემპიონოდ გამოიყურებოდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ VAR-ის ეპოქაში პორტუგალიას ძალიან საეჭვო პენალტი მისცეს, რომელიც არც გადამოწმდა. მსაჯი დარწმუნებული იყო, რომ რონალდოზე მინიმალური კონტაქტის პირობებში ასპროცენტიანი პენალტი დაინახა. არ გამოიყურებოდა ეს სამართლიანად. მაყურებელმა ვერც რაფაელ ლეაოს გოლზე ვნახეთ, თამაშგარე რატომ არ იყო. მოკლედ, უკეთ მსაჯობას შეიძლებოდა.

მეტოქეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. სერბეთი ძალიან ჯანიანი და ათლეტური კი იყო, თუმცა არქაული ტაქტიკა ჰქონდა და მაღალი ჩაწოდებების იქით გოლის გატანას და, ზოგადად, ფეხბურთის თამაშს, როგორ აპირებს, არ ვიცი. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მეტს ველოდით.

კომენტარები

ბოლო ამბები