Thumbnail
  • ფედერიკო ბერნარდესკი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში საუკეთესოა
  • იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ქართველ შემტევზე ინტერვიუში ილაპარაკა

ტორონტოს იტალიელმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ძალიან პოზიტიურად ილაპარაკა და თქვა, რომ ნაპოლის ქართველის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

იუვენტუსის ყოფილი შემტევი დარწმუნებულია, რომ ამჟამად კვარაცხელია სერია A-ში ყველაზე მაგარი ფეხბურთელია:

"ნაპოლი სიგიჟეებს აკეთებს და ექსტრაორდინალური ფეხბურთელი ჰყავს - კვარაცხელია. ჩემი აზრით, ის სერია A-ში საუკეთესოა. წლების განმავლობაში ასეთი სრულყოფილი მოთამაშე არ მინახავს - კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკურად ძლიერია, ბევრს დარბის, ინტელექტი, შეუპოვარი ხასიათი და დამანგრეველი სიჩქარე აქვს. ნაპოლის ზაფხულში მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება", - თქვა ფედერიკომ "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში.

ბერნარდესკიმ ევროპის ჩემპიონობაში წვლილი ორი პენალტით შეიტანა

შემდეგ ბერნარდესკიმ ისიც თქვა, რომ კვარას მიუხედავად, შემადგენლობის ზოგადი სიძლიერით ნაპოლის იუვენტუსი აღემატება:

"მთლიანობაში, იუვენტუსს პოტენციურად ნაპოლიზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ბოლო რამდენიმე მატჩში ნამდვილი იუვე ვნახე. იანვარში, როცა გუნდს ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდება, მისი შეჩერება რთული იქნება. იმედი მაქვს, რომ კიეზა გადამწყვეტ როლს ითამაშებს, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რა რთული პერიოდიც გამოიარა, მაგრამ არ უნდა აჩქარდეს და ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას. მისი არყოფნა იგრძნობოდა, თუმცა, სეზონის დასაწყისში ჩვენ არ გვინახავს ნამდვილი იუვე".

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო ბერნარდესკი ფლორენციის ფიორენტინას აღზრდილია, ხოლო 2017 წელს იუვენტუსში გადავიდა, სადაც 5 წლის განმავლობაში ითამაშა. 2021 წელს ბერნარდესკიმ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, გასულ ზაფხულს კი ევროპა დატოვა და ამჟამად კანადურ ტორონტოში თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები