Thumbnail
  • უელსი 0:2 ირანი
  • ირანელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს
  • B ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება

ამ თამაშში მაყურებლებმა ყველაფერი იხილეს, ბოლო წუთების დრამა, გაძევება (პირველად ამ მუნდიალზე) და კომპენსირებულ დროში გატანილი გოლები. ირანის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. აზიელებმა შეხვედრის მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს, მათმა მონდომებამ, ბრძოლამ და შემართებამ შედეგი გამოიღო. 

უელსს ძალიან მძიმე გუნდი ჰყავს, ისინი ინგლისის ნაკრების შემდეგ ჯგუფის ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ბეილიმ და კომპანიამ უფანტაზიო ფეხბურთი ითამაშა. 

უელსის ნაკრებმა მატჩი ტრადიციული სათამაშო სქემით დაიწყო. ბრიტანელებს შეტევაში სამი ფორვარდით თამაშობდნენ, წინა ხაზში დანიელ ჯეიმსის ნაცვლად კიფერ მური გამოჩნდა. აი, ირანელებმა კი ინგლისთან განადგურების შემდეგ ტაქტიკა შეცვალეს - აზიელები სათამაშოდ დაცვითი შემადგენლობით გამოვიდნენ, სათადარიგო სკამზე დარჩა გუნდის ლიდერი ალირეზა ჯაჰანბახში. 

პირველ ტაიმში გარეტ ბეილის აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია

შეხვედრის პირველმა ნახევარმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, გამოსარჩევია მხოლოდ ირანელების არჩათვლილი გოლი - აზიელმა ფეხბურთელმა თამაშგარედან გაიტანა. ბრიტანელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ - მხოლოდ ეს იყო. მუნდიალზე კიდევ ერთი უგოლო ტაიმი დაფიქსირდა - ეს უკვე ნანახი გვაქვს.

მეორე ტაიმის დებიუტში ირანს გოლის გასატანად ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, აზიელებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს. უელსი უფერულ, უფანტაზიო ფეხბურთს თამაშობდა, ირანელების მორიგ შეტავას ეზატოლაჰის საჯარიმოს გარედან დარტყმა მოჰყვა - ჰენესმა მორიგი სეივი შეასრულა. აზიელები უფრო მწვავედ და აგრესიულად თამაშობდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, მატჩის ბოლოს ვითარება ძალიან დაიძაბა, ბოლო წუთების დრამას ჯერ გლენ დევისის თავური მოჰყვა, რის შემდეგაც, აზიელებმა კონტრშეტევა მიიღეს, ეს ეპიზოდი უელსელების მეკარის - ჰენესის გაძევებით დასრულდა. მსაჯმა 10 წუთი დაამატა, ირანმა 98-ე წუთზე გაიტანა, ბოლო შეტევაში კი რეზაეიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ირანელები ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობენ

B ჯგუფის აუტსაიდერად შერაცხულ ირანელებს, მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი მიეცათ, ისინი ბოლო ტურში ამერიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და სწორედ იმ მატჩში გაირკვევა პლეი ოფში გამსვლელის ვინაობა. უელს თეორიული შანსი რჩება, რობერტ ფეიჯის გუნდი ბრიტანულ დერბიში ინგლისის ნაკრებს შეხვდება.

TOP ფეხბურთელი

მეჰდი ტარემი - 30 წლის ფორვარდმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, იგი გუნდს ყველა შეტევის ორგანიზებაში ეხმარებოდა, მეორე გოლის ეპიზოდში კი რეზაეიანს საგოლო გადაცემა გაუკეთა.  

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 ირანმა მუნდიალების ისტორიაში მესამე შეხვედრა მოიგო, ევროპული ნაკრები კი პირველად დაამარცხა.

🟠 როზბეჰ ჩეშმიმ მუნდიალების ისტორიაში ყველაზე გვიანი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა: ირანელმა თავი 98-ე წუთზე გამოიჩინა.

🟠 უეინ ჰენესი ჯანლუკა პალუკასა (1994) და იტუმელენ ხუნეს (2010) შემდეგ მესამე მეკარე გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წითელი ბარათი მიიღო.

უელსი 0:2 ირანი

გოლები: 0:1 ჩეშმი (90+8), 0:2 რეზაეიანი (90+11). 

გაძევება: ჰენესი (86).  

უელსი (3-4-3): ჰენესი - დევისი, როდონი, მეპჰემი - უილიამსი, რემზი (87. ვარდი), ამპადუ (77. ალენი), რობერტსი (57.ჯონსონი) - ვილსონი (58. ჯეიმსი), მური, ბეილი

ირანი (4-4-2): ჰოსეინი - მოჰამადი, ჰოსეინი, პურალიგანჯი, რეზაეიანი - ჰაჯსაფი (77. ტორაბი), ეზატოლაჰი (83. კარიმი), ნუროლაჰი (77. ჩეშმი), გოლიზადეჰი (77. ჯაჰანბახში) - ტარემი, აზმუნი (68. ანსარიფარდი).

კომენტარები

ბოლო ამბები