Thumbnail

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ Sportitalia-სთან ინტერვიუში ნაპოლის შესახებ ილაპარაკა. "სუპერპიპო" დარწმუნებულია, რომ ევროპაში ყველაზე კარგ ფეხბურთს ლუჩანო სპალეტის გუნდი თამაშობს.

ინძაგიმ ნაპოლის ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

"ნაპოლი ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ლუჩანო სპალეტი უნდა შევაქო, რადგან მისი წყალობით გუნდს მკაფიო პროფილი აქვს და კლუბის ხელმძღვანელობამაც შესანიშნავი ტრანსფერები გააკეთა. მათ რამდენიმე უცნობი მოთამაშე იყიდეს, განსაკუთრებით კვარაცხელია, მაგრამ ქართველი წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს", - აღნიშნა პიპომ.

შეგახსენებთ, რომ ფილიპო ინძაგი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობს და ამჟამად სერია B-ს ბინადარ რეჯინას მთავარი მწვრთნელია.

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ ნაწილში ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ დღეს Il Mattino-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კვარაცხელია ნაპოლის შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. ლუჩანო სპალეტის გუნდი კასტელ ვოლტურნოში 29 ნოემბერს უნდა შეიკრიბოს, მერე კი თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება და სეზონის მეორე ნაწილისთვის მოემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები