Thumbnail

ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს თასის წინ, შესაძლოა, ფიჯისთან ითამაშონ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველო კუნძულელებს წინა მსოფლიო თასზე შეხვდა და 10:45 წააგო
  • ეს გუნდები საგაისო ტურნირზეც ერთ ჯგუფში ითამაშებენ

არსებობს შანსი, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთ-ერთი მოსამზადებელი მატჩი ფიჯისთან გამართოს.

კუნძულელებს ოთხწლეულის უმთავრესი ტურნირამდე 5 ტესტის ჩატარება სურთ და მეტოქეთა შორის, ბორჯღალოსნების გარდა, საფრანგეთს, ინგლისს, იაპონიასა და სამოას მოიაზრებენ.

არსებული ინფორმაციით, ფიჯელები ინგლისელებსა და ფრანგებს, სტუმრად, შესაბამისად, 19 და 26 აგვისტოს ეთამაშებიან, დანარჩენი ტესტების თარიღები კი, ჯერჯერობით, დასაზუსტებელია.

შეგახსენებთ, რომ ფიჯი და საქართველო მომავალ მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში მოხვდნენ (წინაზეც ერთად იყვნენ და მეტოქემ 45:10 მოგვიგო), ამდენად, თუკი მოსამზადებელი მატჩი მართლაც დაიგეგმა, მასზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იქნება.

2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯიმ საქართველოს დიდი ანგარიშით მოუგო

ბორჯღალოსნებს ოფიციალურად არცერთი საგაისო ტესტი არ დაუდასტურებიათ, თუმცა, გაჩნდა ცნობები, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება შოტლანდიურ მხარესთან, ნახსენები იყო ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრებებიც.

ცხადია, ქართული რაგბის წონა გაცილებით გაიზარდა მას მერე, რაც წლევანდელი ტესტებისას გუნდმა ტიერ 1-ის ერთბაშად ორ ქვეყანას აჯობა: ზაფხულში იტალიას, ხოლო შემდგომაზე – უელსს, თანაც კარდიფში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდშია დაგეგმილი, საქართველო კი C ჯგუფშია, სადაც ფიჯის გარდა, მეტოქეებად ხსენებული უელსი, ავსტრალია და პორტუგალია ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები