Thumbnail

კლინსმანი: გერმანია კედელთან არის მიყენებული და ესპანეთთან სასწაული თუ უშველის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ჩვენებს უნდოდათ, რომ ძალების დაზოგვით მოეგოთ, იაპონია კი სხვაგვარად ფიქრობდა'
  • იურგენ კლინსმანი მუნდიალზე სასტარტო თამაშით იმედგაცრუებულია

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, მოგვიანებით კი, მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ იაპონიასთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ჰანსი ფლიკსა და მის შეგირდებს მხოლოდ სასწაული თუ იხსნით.

იურგენ კლინსმანი: ნათელია, რომ ეს ჩვენთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო. საერთო ჯამში, კარგი თამაში არ გვქონია. ნამდვილად არ იყო ის მატჩი, რომელსაც წინა ჩაგდებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ველოდით, როდესაც ჯგუფური ეტაპიც კი ვერ დავძლიეთ. 

იმედი მქონდა, რომ გერმანელი ფეხბურთელებს სათანადო განწყობა, ტემპი და ენერგია ექნებოდათ, თუმცა, მაშინაც კი, როდესაც 1:0-ს იგებდნენ, არ მქონია შეგრძნება, რომ მომატებას აპირებდნენ. არადა, ინგლისმა სწორედ ეს გააკეთა. ირანს რომ გაუტანეს, კიდევ უფრო მეტად შეუტიეს და მეორე, მესამე, მეოთხეც შეაგდეს...

ჩვენები კი თითქოს ანგარიშის გახსნით დაკმაყოფილდნენ და უნდოდათ, რომ ძალების დაზოგვით მოეგოთ, იაპონია კი სხვაგვარად ფიქრობდა. მეტოქე პირველ ტაიმში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა, მას თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით. ძალიან ენერგიულად გამოიყურებოდნენ, დაღლილობაც არ დატყობიათ და გამარჯვებაც დაისახურეს.

ახლა, გერმანიის ნაკრები კედელთანაა მიყენებული და თუკი ჩვენები სასწაულს არ მოახდენენ და ესპანეთს არ დაამარცხებენ, შეუძლიათ სახლში წავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მუნდიალის სასტარტო მატჩში იაპონიასთან ილქაი გუნდოგანის პენალტის წყალობით უგებდა, თუმცა, მე-2 ტაიმის რვაწუთიან მონაკვეთში 2-ჯერ გაუშვა და მოულოდნელი მარცხი განიცადა. გერმანია 27 ნოემბერს ესპანეთს ეთამაშება და თუკი ამჯერადაც ვერ იმარჯვა, დიდი ალბათობით, პლეი-ოფს მიღმა დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები