Thumbnail

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ტურში მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება და შეიძლება ითქვას, ეს თამაში "ალბისელესტესთვის" გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

მატჩის წინ არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენცია გამართა და ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ლიონელ მესის არანაირი პრობლემა არ აქვს და ის სათამაშოდ მზადაა.

...შემადგენლობაში ცვლილებებზე: სავარაუდოდ, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ვინც მოედანზე გავა, უნდა გააკეთოს ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ეს აუცილებლად კარგ შედეგამდე მიგვიყვანს. გვჯერა, რომ მექსიკასთან უკეთ ვითამაშებთ. გადაწყვეტილება არ მიგვიღია იმის საფუძველზე, რაც საუდის არაბეთთან ვნახეთ, არამედ მექსიკის ნაკრებთან თამაშზე ფიქრით.

...რა ხდებოდა საუდის არაბეთთან მატჩის შემდეგ: პირველი დღე შოკისმომგვრელი იყო, მეორე დღიდან კი უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრი დავიწყეთ. ყოველთვის ვამბობ, რომ მსგავსი დარტყმისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან სწორედ რთულ მომენტებში გვჭირდება თანადგომა. პირველი მე ვიყავი ამისთვის მზად. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ეს შეიძლება მოხდეს. მშვიდად ვარ, ვაპირებთ მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ფეხბურთში წაგება შესაძლებელია და სამწუხაროდ, ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. შეიძლება თამაში წააგო, მაგრამ მთავარია, როგორ მოახერხებ ფეხზე წამოდგომას.

...2 წელი დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან: ყველასთვის ძალიან სევდიანი დღეა. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ მარადონას გავახარებთ თუ ის ზეციდან გვიყურებს. 2 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და წარმოუდგენელია, რომ აქ აღარ არის, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ყველა ჩვენგანისთვის სასიხარულო დღე იქნება.

...ტატა მარტინოსა და მექსიკის ნაკრებზე: არა მგონია ტატამ თავისი მიდგომა შეცვალოს. ჯგუფიდან გასასვლელად მინიმუმ 4-6 ქულაა საჭირო და ალბათ, თამაშის სტილს არც ის შეცვლის. მექსიკა ძალიან კარგი გუნდია, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. 

...თამაშის სტილზე: გავაანალიზეთ საუდის არაბეთთან მატჩი და მექსიკასთან სხვაგვარი თამაში იქნება. სათამაშო სტილის შეცვლას არ ვაპირებთ იმის გამო, რაც სამშაბათს მოხდა. უბრალოდ ეს გვერდი უნდა გადავშალოთ და მექსიკასთან მოგებაზე ვიფიქრო. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ სტილი არ შეიცვლება.

...მექსიკასთან მატჩზე: ფეხბურთს მთელი პასუხისმგებლობითა და მთელი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. არგენტინა ჩვენს უკან იმ იმედით დგას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აბსოლუტურად მშვიდად ვართ. ვიცით, რომ ვინც მოედანზე გავა, ბოლომდე დაიხარჯება. ამაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა.

...ლიონელ მესიზე: არ ვიცი, საიდან გაჩნდა ინფორმაცია, რომ მესის არ უვარჯიშია. ის თავს კარგად გრძნობს და მთელი დატვირთვით ივარჯიშა. ლეო როგორც არასდროს, ისე გვჭირდება. საერთოდ არ გვაქვს კითხვები მის ფიზიკურ მდგომარეობაზე და მორალურადაც თავს კარგად გრძნობს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს".

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის პირველ ტურში საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხი განიცადა (1:2), ხოლო მექსიკამ პოლონეთთან უგოლო ფრე ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები