Thumbnail

კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, რომელშიც პორტუგალიის ნაკრებმა განას მოუგო (3:2), ანგარიში 11-მეტრიანით გახსნა. მსოფლიო სპორტულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 37 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი გახდა პირველი ფეხურთელი, ვინც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.  

მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში კრიშტიანო პირველი მხოლოდ მამაკაცებშია, ვინც ასეთი მიღწევით გამოირჩა, აი, ქალთა ფეხბურთში კი მსგავსი ფაქტი უკვე ორჯერ დაფიქსირდა.

კანადის ქალთა ნაკრების ოფიციალურმა ექაუნთმა კრიშტიანოს მიულოცა იმ კლუბის წევრობა, რომელშიც გოლების 5 მუნდიალზე გამტანი მოთამაშეები არიან. აქ რონალდო მესამეა.

 
პირველი, ვინც როგორც კაცთა, ისე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ზედიზედ 5 ტურნირში გამოიჩინა თავი, ბრაზილიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი მარტაა, ხოლო მეორე - კანადელი კრისტინ სინკლერი, რომელმაც მარტას რეკორდი იმავე წელს გაიმეორა. 

36 წლის მარტამ პროფესიონალური კარიერა 2002 წელს, მშობლიურ სანტა-კრუსში დაიწყო, ამჟამად კი აშშ-ის ლიგის ორლანდო პრაიდში გამოდის. მან გოლები 2003, 2007, 2011, 2015 და 2019 წლების მუნდიალებზე გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიოს ზედიზედ ხუთ პირველობაზე შეძლო თავის გამოჩენა. 

მარტას ფიფა წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად 6-ჯერ დაასახელა

საფრანგეთის 2019 წლის ქალთა მუნდიალზე ბრაზილიელის მიღწევა ერთი კვირის შემდეგ კანადელმა კრისტინ სინკლერმა გაიმეორა. 39 წლის კრისტინი, რომელიც კანადის ნაკრების ლეგენდა და საუკეთესო ბომბარდირია (როგორც ქალთა, ისე კაცთა ნაკრებში), ეროვნულ გუნდში 2000 წლიდან გამოდის და 190 გოლს ითვლის. 

კრისტინმა ტოკიოს თამაშებში კანადის ქალთა ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქრო მოიგო

როგორც ხედავთ, კრიშტიანო რონალდოს მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზეც მოუწევს თამაში და გოლის გატანა.

კომენტარები

ბოლო ამბები