Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 ტურში დიდი მატჩია დიდი გუნდების მონაწილეობით და უდიდესი მნიშვნელობით. შეიძლება ნაადრევი ფინალიც იყოს, ყოველ შემთხვევაში, ესპანეთი და გერმანია მუნდიალის ფინალში რომ შეხვდნენ, გასაკვირი არც არაფერი იქნება.

ნამდვილ ფინალამდე ჯერ ძალიან დიდი მანძილია გასავლელი, ეს მხოლოდ მე-2 ტურია, მაგრამ გერმანიისთვის ეს მატჩი მაინც ფინალია, რადგან თუ წააგებს, პრაქტიკულად ჯგუფში ჩარჩება. მეორე მხრივ, ესპანეთი მოგების შემთხვევაში მერვედფინალში იქნება. შეხვედრის წინ "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა.

...გერმანიის ნაკრების მსგავსება ესპანეთთან: "გერმანიის ნაკრები ესპანეთს ყველაზე მეტად ჰგავს. ისინი ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ცდილობენ მეტოქის მოედანზე პრესინგს, ბურთის ფლობას. ეს არის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად გვგავს და ამიტომ, ჩვენთვის გამოწვევაა. გახსნილი მატჩი იქნება და ვნახოთ, რომელი გუნდი მოიგებს. სასწორზე მხოლოდ 3 ქულაა, სულ ესაა. არ არის საჭირო ზედმეტი თავდაჯერება და ეიფორია".

...გერმანიის ნაკრებზე: "გერმანიის ნაკრები მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია. 1994 წელს ვითამაშე მათ წინააღმდეგ და ფიზიკურად ძალიან რთული იყო. თუ ვინმემ იცის, როგორ შეცვალოს დინამიკა, ეს სწორედ გერმანიაა. მათ დიდი ისტორია აქვთ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გამარჯვება შეგვიძლია და მიზანიც ეს არის".

...გავის საოცარ თამაშზე: "ყველაზე მეტად გასაკვირი ის არის, რომ 18 წლის ბიჭი ასეთი თავდაჯერებულია. მიუხედავად ასაკისა, ფიზიკურადაც ძლიერია და ძალიან ჭკვიანია. მას შეუძლია ეპოქის შექმნა, მაგრამ მშვიდად უნდა იყოს".

ლუის ენრიკე გერმანიასთან მოგებას გეგმავს

...ძირითად შემადგენლობაზე: "ძირითადი შემადგენლობა შერჩეული არ მყავს, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებ, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ. გადაწყვეტილებას ხვალ დილით მივიღებ, როგორც წესი, ერთი და იმავე შემადგენლობას არ ვირჩევ, ვნახოთ. გვჯერა, რომ მხოლოდ 11 ფეხბურთელი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ის 16 მოთამაშე, რომელიც მოედანზე გადის - ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთავარია ის გავაკეთოთ, რაც ჩვენთვის სასურველ შედეგთან დაგვაახლოებს".

...მიმდინარე მუნდიალზე: "მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ბევრი გასაკვირი შედეგი ვნახეთ და ჩანს, რომ ბალანსი თანაბარია, სწორედ ეს არის ფეხბურთის სილამაზე. ყველას თავისი აზრი აქვს იმაზე, თუ ვინ თამაშობს უკეთესად, მათ შორის მეც".

...ფორვარდის გარეშე თამაშზე: "მეტოქეც არის კავშირში, მაგრამ შემადგენლობას მეტოქეზე დაყრდნობით არ ვარჩევ, მე ყოველთვის ჩემს გუნდზე ვფიქრობ. კარგი იქნება, თუ ბურთის ფლობა ჩვენ უფრო მეტი გვექნება, ვიდრე გერმანიას, ვცდილობთ, რომ თამაშში დომინანტები ვიყოთ. გერმანიას ჰყავს კაი ჰავერტცი და იმისათვის, რომ ის ბურთს ხშირად არ შეეხოს, ჩვენ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ".

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა პირველ ტურში იაპონიასთან 1:2 წააგო, ხოლო ესპანეთმა კოსტა რიკა 7:0 გაანადგურა. გერმანიას ესპანეთთან ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა აქვს (9 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება), ხოლო მაგრამ ბოლო 7 მატჩში "ფურია როხა" ერთადერთხელ დაამარცხა (2 ფრე, 4 მარცხი).

კომენტარები

ბოლო ამბები