- ჩავიმ დაადასტურა, რომ ბარსელონას 16 წლის ენდრიკის შეძენა უნდა
- პალმეირასის ფეხბურთელი ბრაზილიის ახალი ტალანტია
უცხოური მედია წერდა, რომ ბარსელონა პალმეირასის ვუნდერკინდი ფეხბურთელით, 16 წლის ენდრიკით იყო დაინტერესებული, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს ინფორმაცია სრული სიმართლეა.
საქმე ისაა, რომ ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ენდრიკის შესახებ ილაპარაკა და დაადასტურა არა მარტო ინტერესი, არამედ ფეხბურთელსა და მის გარემოცვასთან კონკრეტული მოლაპარაკებებიც.
"ვისაუბრეთ მამამისთან და პირდაპირ მასთან, ავუხსენით ბარსელონაში როგორი პროექტი გვაქვს. ვეძებთ ტალანტებს და ის არის ტალანტი, რომელმაც განსაკუთრებულად შეუძლია თამაშის ბედის შეცვლა და განსხვავების შექმნა. გოლები გააქვს, დრიბლინგებსაც აკეთებს, ის არის ფეხბურთელი, რომელზეც დაყრდნობა აწმყოშიც შესაძლებელია და მომავალშიც. ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც გვჭირდება. უკვე იცნობს ჩვენს პროექტს და მოლაპარაკებები გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რადგან როგორც წესი, ყოველთვის ასეა - მოთამაშე მიდის იქ, სადაც თამაში უნდა", - უთხრა ჩავიმ ESPN-ს.
16 წლის ენდრიკი შემტევი ნახევარმცველია და ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ბრაზილიის ჩემპიონატის 2022 წლის სეზონში მან 7 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა - დუბლი შეასრულა ატლეტიკო პარანაენსესთან და ერთი გოლი ფორტალეზასთან მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ მან ნეიმარის რეკორდი გააუმჯობესა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბრაზილიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. მის მიმართ ინტერესს ბარსელონას გარდა, რეალი და პარი სენ-ჟერმენიც იჩენენ.
კომენტარები