Thumbnail

საფრანგეთის ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა მარსელ დესაიმ იტალიის სერია A-ში საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაპოლის წარმატების არ სჯერა. დესაი მაინცდამაინც კარგი თვალით არც ნეაპოლელთა ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიას უყურებს.

“მომწონს ის ენერგია, რომლითაც ნაპოლი თამაშობს, თუმცა, არ მგონია, რომ ფსიქოლოგიური კუთხით სეზონის ბოლომდე გაძლონ. ამ შემთხვევაში, იუვენტუსი და მილანი აუცილებლად ისარგებლებენ”.

მარსელს იმაზეც ჰკითხეს, კვარაცხელია, ვლაჰოვიჩი, ლაუტაროს ტრიოდან ვინ უფრო მზად არის, რომ TOP-ფეხბურთელი გახდეს. აი, ფრანგის პასუხიც.

“კვარაცხელია ამას ვერ გააკეთებს, აი, ლაუტაროს კი შეუძლია. ვლაჰოვიჩმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყოს. მას აქვს პოტენციალი, რომ თავისი ეპოქის ვან ბასტენი გახდეს, თუმცა, ჯერჯერობით, მბაპე და ჰაალანდი უფრო წინ არიან”.

იტალიის სერია A-ში ახლა შესვენებაა გამოცხადებული, ნაპოლი კი აშკარა ფავორიტად მოსჩანს. კვარაცხელიას გუნდი 41 ქულით ლიდერობს, შემდეგ კი, მილანი (33), იუვენტუსი (31), ლაციო (30) და ინტერი (30) მოდიან. ნეაპოლელები მომდევნო მატჩს 4 იანვარს მილანში ინტერთან ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე 54 წლის დესაის ჩემპიონთა ლიგა როგორც მილანის, ასევე მარსელის რიგებში აქვს მოგებული, უთამაშია ჩელსის მაისურითაც, საფრანგეთის ნაკრებში კი 116 მატჩი აქვს ჩატარებული და 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები