Thumbnail

ესპანეთის ნაკრების მცველმა დანი კარვახალმა გერმანელ ანტონიო რიუდიგერს პირობა მისცა, რომ მუნდიალის ბოლო ტურში მისი გუნდი იაპონიას დაამარცხებს, ეს კი, ბუნდესნაკრებს ჯგუფიდან გასვლას გაუადვილებს. კარვახალმა აღნიშნული შესახებ გერმანელებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

“ჩემი აზრით, ლოგიკური შედეგი იყო. საერთო ჯამში, ძალიან მაღალი დონის თამაში ვიხილეთ. როდესაც დავაწინაურდით, გერმანელები ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშე დადგნენ, შესაბამისად, რისკზე წასვლა გადაწყვიტეს. ცვლილებებს მიმართეს და შეტევაში დიდი ძალებით წამოვიდნენ. ამან ჩვენი მდგომარეობა გაართულა. 

ვთვლი, რომ გადამწყვეტი ასენსიოს მომენტი იყო. რომ გაეტანა, ყველაფერი მორჩენილი გახლდათ. არ გამოვიდა და მერე მეტოქემ გაათანაბრა. ის შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც გერმანიასთან დავუშვით და იაპონია დავამარცხოთ.

რიუდიგერმა სწორედ ეს მითხრა: “მოუგეთ იაპონიას”. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ასეც იქნება. პირველი ადგილის დაკავება გვინდა და მერეც ყველა თამაშში უნდა გავიმარჯვოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფში დასკვნითი ტურის წინ ძალიან საინტერესო ვითარებაა შექმნილი: 4 ქულით ესპანეთი ლიდერობს, იაპონიას და კოსტას რიკას 3-3 ქულა აქვთ, გერმანია კი 1 ქულით ბოლოზეა.

1 დეკემბერს ესპანეთი იაპონიას ეთამაშება, გერმანია კი – კოსტა რიკას და თუკი ევროპულმა გრანდებმა იმარჯვეს, პლეი ოფშიც ისინი გავლენ. რაც შეეხებათ კარვახალსა და რიუდიგერს, ისინი მადრიდის რეალში ერთად თამაშობენ და დანის აღნიშნული განცხადებაც აქედან მომდინარეობს.

კომენტარები

ბოლო ამბები