Thumbnail
  • ლუის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების ამბიციებზე ისაუბრა
  • მისი თქმით, ადვილი არც უმოტივაციო კატართან მოგება იქნება

მართალია, ნიდერლანდების ნაკრებმა ეკვადორთან არც ისე კარგად ითამაშა (1:1), მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის წინ საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნიდერლანდების ამბიციებს.

“არ მინდა, რომ ფეხბურთელები წნეხის ქვეშ მოვაქციო, მაგრამ ყოველთვის უნდა გვქონდეს მიზანი, რათა ამ მიზნის მისაღწევად ვიმუშაოთ. სწორი გზა იმაზე ფიქრია, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა შეგვიძლია,” - განაცხადა ვან გაალმა კატართან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ შეხვედრაში კატარის ნაკრებს სპორტული მოტივაცია აღარ აქვს, რადგან წინა ორივე მატჩი წააგო და მერვედფინალში გასვლა აღარ შეუძლია. ნიდერლანდების ნაკრები კი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად იბრძვის. 

“ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეთ, - აღნიშნა 71 წლის ვან გაალმა და დასძინა: “ვისაც მსოფლიოს ჩემპიონობა უნდა, ნებისმიერთან სათამაშოდ მზად უნდა იყოს.”

ნიდერლანდელთა მწვრთნელი კატარის ნაკრებზე ამბობს: “მსოფლიოს ჩემპიონატზე ადვილი მატჩები არ არსებობს, ყველა თამაში რთულია. მუნდიალზე დაფიქსირებული ბევრი შედეგი მოწმობს ამას. ბევრი ფრე და რთული გამარჯვებები ვნახეთ.”

კითხვაზე, რამდენად რეალურია ნიდერლანდების ნაკრების ჩემპიონობა, ვან გაალმა ასე უპასუხა: “მე ვთქვი, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა შეგვიძლია, მაგრამ არ მითქვამს, რომ აუცილებლად გავხდებით. ფეხბურთელებს უნდა სჯეროდეთ თავიანთი შესაძლებლობების.”

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ნიდერლანდებმა სენეგალი 2:0 დაამარცხა, ხოლო მეორე ტურში კი ეკვადორთან ფრე, 1:1 დააფიქსირა. ვან გაალის გუნდი კატარს ხვალ, სამშაბათს, 19:00 საათიდან ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები