Thumbnail
  • ლეიკერსი 115:116 ინდიანა
  • გადამწყვეტი სამქულიანი პეისერსის ახალბედამ ჩააგდო

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა საოცრად დრამატული მატჩი მოიგო ლოს ანჯელესში, სადაც მასპინძელ ლეიკერსს ბოლო მეოთხედში 17 ქულითაც კი ჩამორჩებოდა.

Crypto.com Arena-ზე გამართულ შეხვედრას 16 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო და ალბათ, მათმა უმრავლესობამ მოგება ნაადრევადაც ირწმუნა, რადგანაც გადამწყვეტ მეოთხედში კალიფორნიელები 101:84 დაწინაურდნენ.

ინდიანელთა ქამბექი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, თამაშის გმირი კი ახალბედა ენდრიუ ნემბჰარდი გახდა. ისე გამოვიდა, რომ ზედ საფინალო სირენასთან ერთად სროლა სწორედ გონზაგადან დრაფტის მე-2 რაუნდში აყვანილ მცველს მოუწია და მასაც თავი არ შეურცხვენია.

გოგა ბითაძე ლეიკერსელი ვენიენ გებრიელის წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ საბოლოო ჯამში, ნემბჰარდმა მოედანზე 29 წუთი გაატარა და 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. მისი ბოლო ტყორცნის შემდეგ ტაბლოზე 116:115 დაფიქსირდა და პეისერსმა სეზონის მე-20 მატჩში მე-12 გამარჯვება იზეიმა.

ინდიანას რიგებში 12 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო. საუკეთესონი ტაირის ჰალიბერტონი (24 ქულა, 14 პასი) და გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ბენედიკტ მატურინი (23 ქულა) იყვნენ. გამოსარჩევია გუნდის სასტარტო ცენტრის მაილს ტერნერის ორმაგი დუბლიც – 15 ქულა, 13 მოხსნა.

სამწუხაროდ, ბითაძეს ამჯერადაც მინიმალური როლი ერგო. ის მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გამოჩნდა და აქტივში ერთადერთი პასი ჰქონდა, პასივში კი – დაკარგვა და პერსონალური ფოლი.

სათქმელია ისიც, რომ ინდიანელთა სამწვრთნელო შტაბმა ძირითადი აქცენტი “დაბლებზე” გააკეთა და თადარიგში მყოფ წინა ხაზის კალათბურთელებს ჯამში მხოლოდ 17 წუთი დაუთმო (ოთხივე მათგანმა, საუბარია ჯონსონზე, ბრისეტზე, ჯეკსონსა და ბითაძეზე, თამაში უქულოდ დაასრულა).

ლეიკერსის მხრიდან ის კალათბურთელები გამოირჩნენ, რომელთაგან ამას ყველაზე მეტად ველოდით. ენტონი დევისმა 25 ქულას 13 მოხსნა წაამატა, რასელ ვესტბრუკმა 24 ქულა მიითვალა, ლებრონ ჯეიმსის მონაგარი კი 21 ქულა და 7 პასი იყო.

ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში უკვე მე-4 ადგილზეა და მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება კლივლენდ კავალიერსს, წინ კი ბოსტონ სელტიკსი (17-4) და სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი (14-5) არიან, რომელსაც დღეს არ უთამაშია. პეისერსს მომდევნო მატჩი 1 დეკემბერს დასავლეთ კონფერენციის შუაგულში მყოფ საკრამენტო კინგსთან (10-9) ელის.

📺 ლეიკერსი V ინდიანა

კომენტარები

ბოლო ამბები