Thumbnail

უეფას 2022/23 წლების ერთა ლიგის ფინალური ეტაპის მასპინძელი ნიდერლანდები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს. მინი-ტურნირში A ლიგის გამარჯვებულები ითამაშებენ: ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი.

"უეფას აღმასკომი იტყობინება, რომ ნიდერლანდებს ხვდა პატივი, პირველად მიიღოს უეფას ერთა ლიგის ფინალი. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ (KNVB) ფინალური მატჩების ჩასაარებლად ქალაქები როტერდამი და ენსხედე შეარჩია. ნახევარფინალები 2023 წლის 14 და 15 ივნისს ჩატარდება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივნისს დაიგეგმა.   

ნახევარფინალური წყვილების წილისყრა 2023 წლის იანვარში, ნიონში ჩატარდება, ზუსტი თარიღი და დრო მოგვიანებით დადგინდება. ფინალურ მატჩებში ითამაშებენ ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი", - ნათქვამია უეფას განცხადებაში. 

კილიან მბაპე და ქარიმ ბენზემა ერთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები არიან

უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების ოთხთა ფინალი 2018 წელს, პორტუგალიაში ჩატარდა და მასპინძლების გამარჯევბით დასრულდა, 2021 წლის ტურნირში კი, რომელსაც იტალიამ უმასპინძლა, გამარჯვებული საფრანგეთი გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო, რიგით მესამე გათამაშებაში C ლიგაში ითამაშა და მე-4 ჯგუფის გამარჯვებული გახდა, სადაც მეტოქეებად ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი ჰყავდა. ვილი სანიოლის გუნდმა ჯგუფში 5 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და B ლიგის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები