Thumbnail
  • დინამო თბილისი 9:21 ოლიმპიაკოსი
  • საქართველოს ჩემპიონმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია

დინამო თბილისმა წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშებაში მე-2 მატჩი ჩაატარა და ისევ მარცხი განიცადა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონმა სასტარტო შეხვედრაში ესპანურ ბარსელონეტასთან 8:14 წააგო, დღეს კი ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და გაცილებით დიდი ანგარიშით დამარცხდა - 9:21.

საინტერესოა, რომ პირეოსელებმა პირველ ტურში ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ პრო რეკოს (იტალია) 9:7 მოუგეს, ამდენად, თბილისში აშკარა ფავორიტების რანგში ჩამოვიდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

სტეფან პიეშივაცმა პირეოსელებს 2 გოლი გაუტანა

ოლიმპიაკოსმა პირველი მეოთხედი 6:2 მოიგო, დარჩენილ დროში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. სტუმართა მხრიდან შეუჩერებელი იყო საბერძნეთის ნაკრების ლიდერი იოანის ფუნტულისი, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.

დინამო თბილისის მხრიდან თავის გამოჩენა ბესარიონ ახვლედიანმა (2), ხვიჩა ჯახაიამ (2), გიორგი მაგრაქველიძემ (2), სტეფან პიეშივაცმა (2) და იოვან სარიჩმა მოახერხეს.

დინამოსა და ოლიმპიაკოსმა გარდა A ჯგუფში არიან: ბარსელონეტა, ჰანოვერი, იადრანი, რადნიჩკი, პრო რეკო და ვულიაგმენი. ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გადის. მე-3 ტურში, 13 დეკემბერს, დინამო თბილისი კიდევ ერთ ბერძნულ კლუბ ვულიაგმენის ესტუმრება. გასულ სეზონში ქართულმა კლუბმა 2 მოგებითა და 12 მარცხით ჯგუფურ ეტაპზე ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა.

დინამო თბილისი 9:21 (2:6, 1:4, 3:8, 3:3) ოლიმპიაკოსი

დინამო თბილისი: რაზმაძე (ჯაპიაში) – კირიაკიდი, ახვლედიანი (2), ძიხწიარენკა, ტყეშელაშვილი, ვლაჰოვიჩი, ჯახაია (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), მალიშაუ, პიეშივაცი (2).

კომენტარები

ბოლო ამბები