Thumbnail
  • 21 წლის გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკელებს 1 იანვრიდან შეუერთდება
  • მას ახალ კლუბში რთული კონკურენციის დაძლევა მოუწევს

21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელსაც მაროკოსთან მატჩში ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, დონეცკის შახტარის წევრი გახდა.

როგორც უკრაინული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, კონტრაქტი 5 წელზეა გათვლილი და ის ძალაში 2023 წლის 1 იანრვიდან შევა, ამდენად, გიორგის ახალ კლუბში მომავალი წლიდან უნდა ველოდეთ.

შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მაისური 7 შეხვედრაში მოირგო, 17 ნოემბერს კი, მაროკოსთან ეროვნული გუნდის რიგებში ითამაშა.

გიორგი გოჩოლეიშვილს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მაროკოსთან მატჩში ჰქონდა

როგორც UA-football წერს, გოჩოლეიშვილს შახტარში მძიმე კონკურენციის დაძლევა მოუწევს. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ქართველი ფეხბურთელის კონკურენტები 27 წლის ბრაზილიელი ლუკას ტეილორი და 23 წლის უკრაინელი იუხუმ კონოპლია იქნებიან.

უკრაინის ჩემპიონატში 15 ტურის მატჩებია ჩატარებული, შახტარს კი მხოლოდ 13 თამაში აქვს გამართული და 30 ქულით მე-2 ადგილზეა. ლიდერი დნიპრო-1 გახლავთ, რომელსაც ერთი შეხვედრით მეტი და 35 ქულა გააჩნია.

დონეცკელები უკრაინის პრემიერლიგაში მომდევნო მატჩს 4 მარტს ხარკოვის მეტალისტთან ჩაატარებენ, თებერვალში კი ევროპა ლიგის პლეი ოფი ელით ფრანგულ რენთან.

კომენტარები

ბოლო ამბები