Thumbnail

ესპანურმა მურსიამ ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი ოფიციალურად წარადგინა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის მცველმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი ორიოდ დღის წინ გააფორმა და ლიგა ენდესაში სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ანდრონიკაშვილმა 35-ნომრიანი მაისური აიღო და პრეზენტაციაზე ესპანურ ენაზე ისაუბრა:

“შემიძლია გუნდს ენერგია შევმატო როგორც მოედანზე, ასევე – მის გარეთ. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რასაც მწვრთნელი დამავალებს, ვითამაშო დაცვაში, წავიდე შეტევაში, დავკავდე პრესინგით. ძალიან მიხარია, რომ თად მაკფადენთან ერთად ვითამაშებ. ის ჩემი მეგობარია და შემთხვევითი არაა, რომ ნაკრებშიც ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, თუკი სადებიუტო მატჩს ვიტორიაში ჩავატარებ. მთელი კარიერა მინდოდა ლიგა ენდესაში თამაში და თუ ეს ბასკონიას ბუესა არენაზე მოხდება, ნამდვილად გამიხარდება”.

შეგახსენებთ, რომ მურსიას 9 ტურში 4 მოგება აქვს და ლიგა ენდესაში მე-11 ადგილი უკავია, ბასკონიასთან მატჩი კი კვირას, 4 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. რატის ვიტორიელთა ახალგაზრდულ შემადგენლობაში არაერთი წელი აქვს გატარებული, ამდენად, ბუესა არენა მისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები