Thumbnail
  • ბელგიის ნაკრებში ფეხბურთელების დაპირისპირებაზე ინფორმაცია ვრცელდება
  • ტიბო კურტუა და ედენ აზარი ჟურნალისტებს შეხვდნენ და ყველაფერი უარყვეს
  • კურტუას განცხადებით, 'ვირთხას' თუ იპოვიან, გუნდიდან გააგდებენ

ბელგიის ნაკრების შიდა სამზარეულოში, როგორც ამბობენ სიმშვიდე არ არის და გუნდში ატმოსფერო იდეალურისგან შორსაა.

ჯერ კიდევ მაროკოსთან მატჩამდე კევინ დე ბრუინმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბელგიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შანსი არ ჰქონდა, რადგან შემადგენლობა გადაბერებულია და მათ საუკეთესო შანსი ხელიდან 2018 წელს გაუშვეს.

მაროკოსთან მარცხის (0:2) შემდეგ კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ფეხბურთელებს ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდათ. უფრო კონკრეტულად ედენ აზარს, კევინ დე ბრუინსა და იან ვერტონგენს შორის კონფლიქტი იყო და მათ შერიგებაზე რომელუ ლუკაკუმ იზრუნა.

სიტუაციის დასამშვიდობებლად დღეს ბელგიის ნაკრების ორი კაპიტანი, ედენ აზარი და ტიბო კურტუა მედიის წინაშე პრესკონფერენციაზე წარდგნენ:

"ყველაფერი, რაც ითქვა, გადაჭარბებულია. გუშინ მთელ გუნდს შეხვედრა გვქონდა და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რობერტო მარტინესიც იქ იყო. ორი დღე გვაქვს, რათა მომდევნო თამაშისთვის მოვემზადოთ და ხორვატია დავამარცხოთ“.

ედენმა ვერტონგენთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა: "არა, ეს სიმართლე არაა. მაროკოსთან თამაშის შემდეგ მასთან არანაირი დისკუსია და პოლემიკა არ ყოფილა".

"დე ბრუინს ველაპარაკე იმაზე, რაც თქვა თამაშის სტილისა და ფეხბურთელების დაბერების შესახებ, მაგრამ ეს მან უფრო ხუმრობით თქვა, ვიდრე სერიოზულად. კევინს გუნდისგან სრული ნდობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აქ არ იქნებოდა", - თქვა აზარმა დე ბრუინის შესახებ.

"ნორმალურია, რომ გასახდელში გაბრაზებული ვიყავით, რადგან წავაგეთ, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა. რთული მომენტია, ეროვნული ნაკრებში ყოფნის პერიოდში ჩემთვის ყველაზე რთული, მაგრამ დიდ გუნდებსაც აქვთ რთული მომენტები, ამიტომ უფრო ერთიანები უნდა ვიყოთ და თამაში მოვიგოთ“, - დასძინა აზარმა.

კურტუა ფიქრობს, რომ მედიაში გაზვიადებული ცნობები ვრცელდება

პრესკონფერენციაზე ისაუბრა ტიბო კურტუამაც, რომელმაც თქვა, რომ მედია აზვიადებს და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

"ახლა ბედნიერი არავინაა, მაგრამ გვჯერა, რომ ხუთშაბათს გავიმარჯვებთ. ეს ფეხბურთელია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. გაბრაზებულები და იმედგაცრუებული ვართ წაგების გამო. მწვრთნელიც გვესაუბრა თამაშის შემდეგ. მიგვაჩნია, რომ მედია ზედმეტად აზვიადებს სიტუაციას და ვფიქრობთ, მერვედფინალში გასვლა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ ერთმანეთისთვის არავის უყვირია, ეს უაზრობაა. ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც რეალურად არ მომხდარა", - თქვა კურტუამ.

ბელგიის ნაკრების მეკარე პრობლემას მედიაში გაზვიადებულ ინფორმაციაში ხედავს: "მთავარი პრობლემა შეიძლება ისაა, რომ სოციალურ ქსელსა და მედიაში ყოველთვის ყველაფერი გაზვიადებულია. გუშინ გვქონდა შეხვედრა, განვიხილეთ საკითხები და მთავარი ესაა. როდესაც მარცხდები, იმედგაცრუება ყოველთვის არსებობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვილაპარაკოთ, რათა სიტუაცია გამარტივდეს. სიგიჟეა იმაზე ფიქრი, რომ მედიას ვინმე ინფორმაციას აწვდის. ჩვენთან ფეხბურთელების გარდა ბევრი ადამიანი მუშაობს და საჭირო არ არის იმის ძებნა, ვინ რა თქვა. რა თქმა უნდა, თუ აღმოვაჩენთ, რომ ვინმემ გასახდელში მომხდარზე საჯაროდ ილაპარაკა, ეს მისთვის გუნდში ბოლო დღე იქნება და ის 'ვირთხა' ჩვენთან აღარ იქნება".

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ბოლო ტურში ხორვატიის ნაკრებთან მერვედფინალში გასასვლელად გამარჯვება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები