Thumbnail
  • ხოსე გაიამ ვალენსიაში ვარჯიში დაიწყო და განაცხადა, რომ საუკეთესო ფორმაშია
  • ლუის ენრიკემ მცველის სახლში გაშვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ახსნა

ვალენსიას მარცხენა მცველი და კაპიტანი ხოსე გაია კლუბში სავარჯიშო პროცესს მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვებიდან 11 დღის შემდეგ დაუბრუნდა. ფეხბურთელის მწყობრში მალე ჩადგომამ ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს თავის მართლება აიძულა.

გაია მუნდიალიდან სახლში ისე გამოუშვეს, რომ 1 შეხვედრაც არ ჩაუტარებია. დღეს, სამშაბათს კი 'ლა პატერნაში', ვალენსიას საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა. როგორც 'ღამურების' კაპიტანმა განაცხადა, ის ფიზიკურად კარიერის საუკეთესო ფორმაშია. სწორედ ამიტომ, პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ მიღებული გადაწყვეტილების მოტივებზე ისაუბრა.

"ნაბიჯი გულით რომ გადამედგა, გაია მუნდიალზე დარჩებოდა, რადგან მას ძალიან ვაფასებ და ეს კარგად იცის. ხოსე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს. თუმცა, მე გადაწყვეტილებები გონებით უნდა მივიღო. ჩვენმა ექიმებმა მითხრეს, რომ გაია, დაახლოებით, 10 დღით დაგვაკლდებოდა და ჯგუფური ეტაპის 2 მატჩს გამოტოვებდა. მე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადამეწყვიტა. წარმოიდგინეთ, ის რომ გამეკეთებინა, რასაც ვალენსიელები ითხოვდნენ და ხორდი ალბას ტრავმა მიეღო, რა უნდა მექნა?! მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყება მარცხენა მცველის გარეშე მოგვიწევდა. ისეთი პოზიციაა, რომელზე თამაშიც ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია. ასე იყო: გულმა მითხრა გაია დამეტოვებინა, გონებამ კი ის მიკარნახა, რაც გუნდს სჭირდებოდა," - განაცხადა ლუის ენრიკემ. 

ესპანეთის ნაკრებს კატარის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ორ ტურში ხორდი ალბას შემცვლელი, რეალურად, არ დასჭირვებია. პირველ ტურში ენრიკეს გუნდმა კოსტა რიკას 7:0 მოუგო და გაიას ნაცვლად წაყვანილმა ალეხანდრო ბალდემ ამ მატჩში 26 წუთი ითამაშა. გერმანიასთან ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში 19 წლის მცველი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა, 1 წუთში კი 'ფურია როხამ' საკუთარ კარში გოლი მიიღო. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში ესპანეთის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები