Thumbnail

B ჯგუფში ყველაფერი დასრულებულია: ბეილი და კომპანია ძალიან ცუდ ფეხბურთს გვთავაზობდა, ინგლისმა კი ისე ითამაშა, როგორც პირველ ტურში და 7 ქულით ჯგუფი მოიგო. ამერიკას "კაპიტანმა ამერიკამ" მოაგებინა, თან ეს მას ტრავმის მიღების ფასად დაუჯდა, აშშ 5 ქულით მეორეა და ნიდერლანდებთან დუელს ელის. ინგლისის მეტოქე მერვედფინალში სენეგალია.

"პოლიტიკური დაპირისპირების" პირველი ტაიმი ამერიკის იყო - 38-ე წუთზე დესტმა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო პულიშიჩმა მეკარეს ახლო მანძილიდან დაასწრო და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს ვეას გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. დაძაბულმა მეორე ტაიმმა კულმინაციას კომპენსირებულ წუთებში მიაღწია, როცა ირანელები მეჰდი ტარემის წინააღმდეგ ფოლს და პენალტს ითხოვდნენ, თუმცა VAR-ის განხილვის შემდეგ პენალტი არ დაინიშნა - 1:0.

გოლის გატანისას ტრავმა მიიღო, დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე მაინც შეცვალეს

საუთგეიტმა საკა და სტერლინგი სასტარტოში აღარ დააყენა. ყველაზე კარგი მომენტი პირველ ტაიმში რაშფორდს ჰქონდა, მაგრამ მას უელსელთა მეკარემ მოუგო დუელი. მე-2 ტაიმში უელსი მოედანზე უკვე ბეილის გარეშე გავიდა, ინგლისმა კი მეტოქის გარღვევა მოახერხა, ჯერ რაშფორდმა ჯარიმა გაიტანა, ორ წუთში კი მცველის შეცდომას ფოდენის გოლი მოჰყვა ფაქტობრივად ცარიელ კარში. მალე რაშფორდმა კონტრშეტევაზე დუბლი შეასრულა. უელსი მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო და დამსახურებულად დაემშვიდობა მას - 0:3.

TOP ფეხბურთელი

მარკუს რაშფორდი ამჯერად, სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და მან აშკარად გაამართლა - დუბლი შეასრულა, პირველი გოლი შესანიშნავი ჯარიმით გაიტანა, მეორის შემთხვევაში კი დიდებული კომბინაცია არანაკლები დარტყმით დაასრულა.  

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 კრისტიან პულიშიჩი მე-5 ამერიკელია, ვისაც ერთ მუნდიალზე გოლი და საგოლე პასი დაუგროვდა, ბოლოს ასეთი ჯერმეინ ჯონსი იყო (2014). 

🟠 ჰარი კეინი პირველი ინგლისელია დევიდ ბექჰემის (2002) შემდეგ, რომელმაც ერთ მუნდიალზე სამი საგოლე პასი შეასრულა. 

🟠 გარეთ ბეილი ინგლისთან მატჩში: 7 შეხება ბურთთან, პოზიციის 5 დაკარგვა, 1 ზუსტი პასი, 0 მოგებული დუელი.

🟠 მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე საჯარიმო დარტყმით გოლი ბექჰემის (1998) შემდეგ პირველმა ინგლისელმა (რაშფორდი) გაიტანა. 

🟠 მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის პირველი ფეხბურთელია ინგლისის ნაკრებში, ვინც ერთ მუნდიალზე 3 გოლი გაიტანა ბობი მურის (1966) შემდეგ.

უელსი 0:3 ინგლისი

გოლები: 0:1 რაშფორდი (50), 0:2 ფოდენი (52. კეინის პასით), 0:3 რაშფორდი (68)

უელსი (4-2-3-1): უორდი - უილიამსი, მეპჰემი, როდონი, დევისი (59. მორელი) - ამპადუ, ალენი (81. კოლვილი) - ბეილი (46. ჯონსონი), რემზი, ჯეიმსი (77. უილსონი) - მური

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი - უოკერი (57. ალექსანდერ-არნოლდი), სტოუნსი, მაგუაირი, შოუ (65. ტრიპიერი) - ჰენდერსონი, რაისი (57. ფილიპსი) - რაშფორდი (75. გრილიში), ბელინგემი, ფოდენი - კეინი (58. უილსონი)

ირანი 0:1 აშშ

გოლი: 0:1 პულიშიჩი (38. დესტის პასით)

ირანი (4-1-2-3): ბეირანვანდი - რეზაეიანი, ჰოსიენი, პურალიგანჯი, მოჰამადი (45+2. კარიმი) - ეზატოლაჰი - ნოოროლაჰი (71. ტორაბი), ჰაჯსაფი (71. ჯალალი) - გოლიზადე (77. ანსარიფარადი), აზმუნი (46. გოდოსი), ტარემი

აშშ (4-1-2-3): ტერნერი - დესტი (82. მური), კარტერ-ვიკერსი, რიმი, რობინსონი - ადამსი - მაკკენი (65. აკოსტა), მუსა - ვეა (82. ციმერმანი), სარჯენტი (78. რაითი), პულიშიჩი (46. აარონსონი).

 

კომენტარები

ბოლო ამბები