Thumbnail
  • ლენოვო ტენერიფე 83:63 ბნეი ჰერცლია
  • ქართველი ცენტრი ესპანური კლუბის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ისრაელის წარმომადგენელ ბნეი ჰერცლიას იოლად – 83:63 სძლია და H ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

გიორგი შერმადინი ბნეი ჰერცლიასთან შეუჩერებელი იყო

ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20:11 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველმა ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 36 (!) ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულას 9 პასი წაამატა და შეხვედრის MVP-ც გახდა. ისიც სათქმელია, რომ ესპანურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 20 ქულის სხვაობით (34:14) მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.

ლენოვო ტენერიფემ ოთხ ტურში 3 მოგება მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. შერმადინის კლუბი მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს, ისევ შინ, ბერძნულ პერისტერისთან ჩაატარებს, რომელთანაც სტუმრად 81:88 წააგო და ახლა, რევანშის აღებას ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები