Thumbnail
  • 📅 1 დეკემბერი | 🏟 ალ რაიანი | ⌚ 19:00 | 🟠 ხორვატია V ბელგია
  • ბელგიას პლეი ოფში გასასვლელად აუცილებად მოგება სჭირდება
  • მარტინესის გუნდში, რომელიც კარგ ფორმაში არაა, კონფლიქტია
  • ხორვატიას ფრეც ეყოფა, მაგრამ მოსაგებად უნდა ითამაშოს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

"საუკეთესო შანსი 2018 წელს გვქონდა და ხელიდან გავუშვით, ახლა მსოფლიოს ჩემპიონობა არ შეგვიძლია", - ეს სიტყვები ჯერ კიდევ მაროკოსთან მატჩამდე კევინ დე ბრუინმა თქვა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ბელგიის ნაკრების ე.წ "ოქროს თაობა" ტიტულის გარეშე მიდის. ახლა რობერტო მარტინესის გუნდს კარგი პერიოდი არ აქვს და ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი იწყება (ან უკვე დაიწყო). ზოგადად, ბელგიის ნაკრები არცთუ სახარბიელო ფორმაშია და ამას შედეგებიც ადასტურებს: ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო. მაროკოსთან მარცხამდე იყო წაგება ამხანაგურ მატჩში ეგვიპტესთან (1:2) და ერთა ლიგაზე ნიდერლანდებთან (0:1).

ბელგიის ნაკრები ცუდ ფორმაშია

"წითელ ეშმაკებს" უკან დასახევი გზა აღარ აქვთ - მაროკოსთან მარცხმა მათი მდგომარეობა ძალიან გაართულა და ხორვატიის ორგანიზებულ გუნდთან მხოლოდ მოსაგებად უნდა ითამაშოს. არადა, ბელგიამ პირველ ტურში კანადასთან რომ მოიგო, მაშინაც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და შეიძლება ითქვას, რომ გამართლების ხარჯზე მოიგო, ხოლო მაროკოსთან მატჩი რა სახსენებელია - ბელგიამ საშინლად ითამაშა.

ბოლო დღეებში მედია წერდა, რომ გუნდში არაჯანსაღი ატმოსფეროა და ფეხბურთელებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ. მართალია, ეს ინფორმაცია ტიბო კურტუამ და ედენ აზარმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე უარყვეს, მაგრამ როგორც ამბობენ, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება და ამ ამბავში სიმართლის მარცვალი ნამდვილად იქნება. ასე რომ, ბელგიის ნაკრებს არათუ რთული მეტოქისა და სატურნირო მდგომარეობის დაძლევა, საკუთარ თავზე გადახტომაც მოუწევს. სხვათა შორის, ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში 1998 წლის შემდეგ არ ჩარჩენილა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მას მერე ბელგიელები სულ სამჯერ იყვნენ მუნდიალზე (200, 2014 და 2018 წლებში), ხოლო 2006 და 2010 წლის მუნდიალებზე საერთოდ ვერ გავიდნენ.

ხორვატიის ნაკრებს კი უკეთესი ვითარება აქვს - ჯერ ერთი, რომ ბელგიაზე გაცილებით კარგ ფორმაშია და სატურნირო ცხრილის მიხედვითაც, ქულაც ეყოფა პლეი ოფში მოსახვედრად. აღსანიშნავია, რომ ხორვატია მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის დაძლევას თუ ახერხებს, მერე ტურნირს აუცილებლად სამეულში ასრულებს. ასე იყო 1998 წელს, როცა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 2018 წელს, როცა ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა. სხვა შემთხვევებში ხორვატია მუნდიალზე ან საერთოდ არ იყო, ან ჯგუფში რჩებოდა (2002, 2006 და 2014 წლებში).

ლუკას ლიდერობით ხორვატია ისევ ანგარიშგასაწევი ძალაა

ორივე გუნდს საკადრო პრობლემები არ აქვს, თუ არ ჩავთვლით, რომ ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველი ამადუ ონანა დისკვალიფიცირებულია. არ არის გამორიცხული, რომ რომელუ ლუკაკუმ ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშოს, მაგრამ ეს საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.

შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამ მატჩის ბედი ნახევარდაცვაზე იქნება დამოკიდებული - ხორვატიის ნაკრების მთავარი ძალა ლუკა მოდრიჩის, მარსელო ბროზოვიჩისა და მატეო კოვაჩიჩის ტრიოშია, ხოლო მეორეს მხარეს კევინ დე ბრუინი იქნება, რომლისგანაც ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინია.

ხორვატია ჯგუფიდან გავა: ბელგიასთან გამარჯვების ან ფრის შემთხვევაში. ზლატკო დალიჩის გუნდს გასვლის შანსი ექნება წაგების შემთხვევაშიც, თუ მაროკო კანადასთან დამარცხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე გუნდის ბურთების ბალანსი დაითვლება.

ბელგია ჯგუფიდან გავა: თუ ხორვატიას დაამარცხებს, ხოლო ფრის შემთხვევაში შანსი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მაროკო წააგებს და ბურთების ბალანსი გახდება დასათვლელი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 ბელგიას ხორვატიასთან ბოლო ორი თამაში მოგებული აქვს და ორივე თამაშში სამივე გოლი რომელუ ლუკაკუს ანგარიშზეა.

🟠 ხორვატია და ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად შეხვდებიან. ხორვატიამ მუნდიალზე ევროპული ნაკრებების წინააღმდეგ ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო (6 მოგება, 2 ფრე) და ორჯერვე საფრანგეთთან დამარცხდა (1998 წელს ნახევარფინალში და 2018 წელს ფინალში).

🟠 ხორვატიამ ბელგიასთან 8 შეხვედრაში ერთზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა, 2003 წლის მარტში, როცა "წითელი ეშმაკები" ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში 4:0 დაამარცხა. დანარჩენ 7 მატჩში ბელგიის წინააღმდეგ ხორვატიას მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი.

🟠 ხორვატიამ მუნდიალის ბოლო მატჩში კანადასთან 4 გოლი გაიტანა და ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ გააკეთა (პირველად 2014 წელს, როცა კამერუნი 4:0 დაამარცხა). ხორვატებმა მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგეს (1 ფრე). არადა, მანამდე 4 მოგება ჰქონდათ ჯგუფში ჩატარებული 12 თამაშიდან (4 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება).

🟠 მაროკოსთან წაგებით შეწყდა ბელგიის ნაკრების დაუმარცხებელი სერია მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებში, რომელიც 13 შეხვედრისგან შედგებოდა (8 მოგება, 5 ფრე). ბელგიელებმა ჯგუფის თამაშები ზედიზედ ბოლოს 1982-1986 წლებში წააგეს (მაშინ ზედიზედ 3 მარცხი).

🟠 ბელგიამ მიმდინარე მუნდიალზე 19 დარტყმიდან მხოლოდ 1 გოლი გაიტანა (5%). უფრო დაბალი მაჩვენებელი კი 1982 წელს ჰქონდა, როცა 93 დარტყმიდან 3 გოლი გაიტანა (3%).

🟠 ხორვატიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 5 მატჩიდან, რომელშიც გოლი პირველად გაუშვა, 4-ჯერ მარცხი თავიდან აირიდა. ხუთივე თამაში 2018 წლის მუნდიალიდან დაიწყო. ამ სერიამდე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გოლი ექვსჯერ გაუშვა და ერთადერთხელ მოიგო (5 წაგება) – 2002 წელს იტალიის ნაკრებთან 2:1.

🟠 ტიბო კურტუა ბელგიის ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს და გახდება პირველი ბელგიელი მეკარე, რომელიც ამ ნიშნულს მიაღწევს, ხოლო "წითელი ეშმაკების" ისტორიაში მეშვიდე ფეხბურთელი იან ვერტონგენის, აქსელ ვიტსელის, ტობი ალდერვეირელდის, ედენ აზარის, დრის მერტენსისა და რომელუ ლუკაკუს შემდეგ.

🟠 ივან პერიშიჩმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მატჩებში ჯამში 16 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 7 საგოლე პასი) და ეს 6-ით მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ხორვატ ფეხბურთელს უჩვენებია. კანადასთან პერიშიჩი გახდა პირველი ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა, როგორც მუნდიალზე, ისე ევროპის ჩემპიონატზე.

🟠 ანდრეი კრამარიჩი გახდა მეორე ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა მარიო მანჯუკიჩის შემდეგ (2014 წელს დუბლი კამერუნთან). კრამარიჩი ეცდება მე-4 ხორვატი გახდეს, რომელიც ერთ მუნდიალზე მინიმუმ 3 გოლს გაიტანს დავორ შუკერის (1998 წელს 6 გოლი), ივან პერიშიჩისა (2018 წელს 3 გოლი) და მარიო მანჯუკიჩის (2018 წელს 3 გოლი) შემდეგ.

🟠 ბელგიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ხორვატიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და ასევე 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ეს ნაკრებები ერთმანეთის წინააღმდეგ მეცხრედ ითამაშებენ. წინა 8 მატჩში ბალანსი თანაბარია: 3-3 მოგება და წაგება, 2 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-3-3): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, სოსა - მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი - კრამარიჩი, ლივაია, პერიშიჩი.

ბელგია (3-4-2-1): კურტუა - კასტანიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - მუნიე, ტილემანსი, ვიტსელი, ფერეირა-კარასკო - დე ბრუინი, ე. აზარი - ბაჩუაი.
დისკვალიფიკაცია: ონანა.

კომენტარები

ბოლო ამბები