Thumbnail

პენალტების სერია ჯგუფში - ფიფას გეგმები 2026 წლის მუნდიალისთვის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 2026 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მატჩებში შეიძლება პენალტების სერია დაინიშნოს
  • მიზეზი ისაა, რომ ჯგუფები 3-გუნდიანი იქნება და გუნდები პარალელურად ვერ ითამაშებენ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ფიფა მორიგი სიახლის შემოთავაზებას აპირებს - პენალტების სერია ჯგუფური ეტაპის მატჩებში.

როგორც ცნობილი გამოცემა The Athletic იტყობინება, ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ამ სიახლეს სერიოზულად განიხილავს და საამისოდ საფუძველიც აქვს.

საქმე ისაა, რომ მომდევნო მუნდიალზე 48 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 16 სამგუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. შესაბამისად, ჯგუფში ბოლო ტურის მატჩების პარალელურად ჩატარება შეუძლებელი იქნება - უფრო მეტიც, სამიდან ერთ გუნდს ჯგუფში თავისი მატჩები უკვე ჩატარებული ექნება, როცა დანარჩენი ორი გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება.

ამიტომაც, ფიფაში შიშობენ, რომ გუნდები, რომლებიც ბოლოს ითამაშებენ, შეიძლება თავიდანვე შეთანხმდნენ იმ შედეგზე, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ფიფას იდეა აქვს, რომ ჯგუფური ეტაპის მატჩებში, რომლებიც ფრედ დასრულდება, პენალტების სერია დაინიშნოს. პენალტების სერიაში გამარჯვებული გუნდი ბონუსის სახით 1 ქულას მიიღებს და ეს შეამცირებს წინასწარი შეთანხმების ალბათობას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მუნდიალი ბოლოა, რომელშიც 32 გუნდი მონაწილეობს. 4 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 ნაკრები ითამაშებს, ტურნირი კი სამ ქვეყანაში: კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები