Thumbnail

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ლიონელ მესის გამოქომაგების შემდეგ მას მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა საულ 'კანელო' ალვარესმა ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. 

მოგეხსენებათ, კანელო ლეოს მოქმედებამ გააბრაზა, როცა ეს უკანასკნელი მექსიკის ნაკრების მაისურს ფეხით შეეხო და ტვიტერში დაწერა, მესი ღმერთს შეევედროს არსად შემხვდესო. ამ ტვიტის შემდეგ კომენტარი აგუერომ გააკეთა და მესი დაიცვა, კანელომ კი სერხიოსთვის შეტყობინების გაგზავნა ამიტომ გადაწყვიტა. 

"აუდიო მესიჯი გამომიგზავნა. იცით როგორ ჩავისვარე, როცა მობილურზე დაეწერა, WhatsApp-ში შეტყობინება კანელოსგან მიიღეო?! საკუთარ თავს ვუთხარი, ღმერთო, ეს ნამდვილად არ მინდოდა. აუდიო მესიჯი ასეთი იყო: "რა იდიოტი ხარ, არა და მომწონდი შე არაკაცო" (რეალურად გაცილებით უხეში და უცენზურო სიტყვები იყო)!

მე კი ვუპასუხე: "მისტერ კანელო, ჩემი აზრით, რაღაცები სხვანაირად გაიგეთ. ლეოს არ იცნობ და არ იცი, რომ მექსიკის ნაკრების მაისურს ფეხს განზრახ არასდროს დააბიჯებდა." ალვარესმა კი მომიწოდა, რომ მისი აზრისთვის პატივი მეცა," - თქვა აგუერომ. 

აღსანიშნავია, რომ მესის მხარი მექსიკის ნაკრების კაპიტანმა, ანდრეს გუარდადომაც დაუჭირა და აღნიშნა, რომ უბრალოდ, კანელომ არ იცის გასახდელში რა ხდება და ამიტომ გაბრაზდა. საერთო ჯამში, გუარდადოს აზრით, კონფლიქტის მიზეზი არ არსებობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები