Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფის ბოლო მატჩში პოლონეთის ნაკრებმა არგენტინასთან ანგარიშით 0:2 წააგო და მექსიკის მსგავსად, 4 ქულა დააგროვა, მაგრამ 1/8-ფინალში მეორე ადგილიდან უკეთესი ბურთების წყალობით გავიდა. 

პოლონელები მუნდიალის პლეი ოფში 1986 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ და ამას უმთავრესად მეკარე ვოიცეხ შჩესნის უნდა უმადლოდნენ, რომელმაც პირველ ტაიმში ლიონელ მესის 11-მეტრიანი მოიგერია, ჯამში კი თამაშში 9 სეივი მიითვალა.

ვოიცეხ შჩესნიმ მესის დარტყმული პენალტი მოიგერია

მატჩის შემდეგ პოლონელმა გოლკიპერმა მედიას არგენტინასთან თამაშის შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"ეს საზიზღარი, საზარელი და ბრწყინვალე იყო. მთელი 95 წუთის განმავლობაში საშინლად ცუდად ვთამაშობდით. მატჩი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მომეჩვენა, რომ დაახლოებით 5 საათი გაიწელა. მაგრამ ჩვენ გავედით და ჩემთვის სულერთია, ეს როგორ გავაკეთეთ.

პოლონეთის ნაკრების პლეი ოფში პირველად გასვლას 1986 წლის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩანდა გუნდის გასახდელში. ყველა დაიღალა. იმის ძალაც კი აღარ შეგვრჩა, რომ ვიზეიმოთ. ასრულდა ტურნირის მომდევნო რაუნდში გასვლის ოცნება", - თქვა 32 წლის მეკარემ.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ნაკრებისა და ტურინის იუვენტუსის გოლკიპერი მესამე მეკარე გახდა ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე ორი პენალტი მოიგერია. მანამდე მსგავსი მიღწევით ამერიკელი ბრედ ფრიდელი (2002) და პოლონელი იან ტომაშევსკი (1974).

პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩი 4 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები