Thumbnail
  • ლიონელ სკალონიმ ბევრი კარგი ცვლილება განახორციელა
  • 'ალბისელესტე' მატჩიდან მატჩამდე უმატებს
  • ახალგაზრდებმა თამაში თავის თავზე კარგად აიღეს

არგენტინა მარტივად არასოდეს თამაშობს. მთელი მისი საფეხბურთო ისტორია ტანჯვის და წვალების ამბავია - მოგებაშიც და წაგებაშიც: დიეგოს "ღმერთის ხელი", 1978 წლის საშინაო ჩემპიონობა, 1990 წლის ყველა ეტაპზე "უსამართლოდ" გასული გუნდი, მარადონას დისკვალიფიკაცია 1994-ში, პეკერმანის შეცდომები და პენალტების დრამა 2006-ში, გამოუყენებელი მომენტები 2014 წლის ფინალში, სამპაოლის ქაოსი 4 წლის წინ.

იქ, სადაც არგენტინაა, იცი, რომ საფეხბურთო დრამა იქნება. ეს ფეხბურთს ძალიან ალამაზებს და დამატებით ხიბლს სძენს. პირადად ჩემთვის ეს საფეხბურთო დრამა არგენტინის შესრულებით ის ფაქტორია, ამ გუნდის მიმართ ემოციას და სიმპათიას რომ მაძლევს მაშინაც კი, როცა ‘ალბისელესტეს’ გულშემატკივარი არ ვარ. რთულია, ამ გუნდის განცდებს გულგრილად უყურო.

არგენტინა მერვედფინალში ავსტრალიას შეხვდება

ამ ჩემპიონატის წინ თითქოს სხვანაირად უნდა ყოფილიყო. "ალბისელესტე", დალაგებული და კარგად ორგანიზებული, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ჩავიდა ტურნირზე. თითქოს ისეთი გუნდი იყო, რომელთან დაკავშირებითაც პასუხი უფრო მეტი გაქვს, ვიდრე კითხვა. ეს ყველაფერი საუდის არაბეთთან სამმა გიჟურმა წუთმა შეცვალა. საუდელებთან მოულოდნელი მარცხი იმას ნიშნავდა, რომ დრამას ვერ ავცდით და არგენტინა თავის ჩვეულ ამპლუაში აღმოჩნდა. თითქმის გარანტირებული იყო ნერვიულობა, სატურნირო ვარიაციების თვლა და ამასთან ერთად, სკალონის გუნდი მაგრად რისკავდა ჯგუფში პირველი ადგილის დაკარგვას, რაც სატურნირო გზის და პერსპექტივის საგრძნობლად გართულებას ნიშნავდა. სადმე 4 ქულით და ბურთების სხვაობით გასვლა და მერე საფრანგეთზე შესკდომა ჟანრის არგენტინული კლასიკა იქნებოდა.

საუდელებთან მარცხმა "ალბისელესტეს" ბევრი ისეთი პრობლემა გამოავლინა, რაც ტურნირის წინ ნაკლებად ჩანდა. გამოჩნდა, რომ სკალონის გუნდს უჭირს მეტოქის მასირებული დაცვის წინააღმდეგ პოზიციური შეტევა და ბურთის ორგანიზებული გათამაშება. გამოჩნდა ისიც, რომ თუ "ალბისელესტე" გოლს უშვებს, თამაშის მოტრიალების რესურსი პრაქტიკულად არ აქვს. გამოჩნდა, რომ მესი ასაკშია და მასზე მეტისმეტად ბევრი რამ არის დამოკიდებული, დი მარია და პარედესი ფორმაში არ არიან, ლო სელსო გუნდს ძალიან აკლია და მისი შემცვლელი სკალონის ჯერ კიდევ არ ჰყავს, ლაუტაროს კი თავიდანვე ეტყობოდა, რომ ეს მისი ტურნირი არ არის.

უდიდესი ემოციური წნეხის მიუხედავად, სკალონის გუნდმა დარჩენილი ორიდან ორივე თამაში მოიგო, თანაც საკმაოდ დამაჯერებლად და პირველი ადგილი დაიკავა. დამაჯერებლობაში არ ვგულისხმობ, რომ არგენტინა უცებ ბრაზილიასავით უნაკლო და სოლიდური გახდა, ან ესპანეთის სიმსუბუქე შეიძინა. ასეთი ტრანსფორმაციები ფეხბურთში არ ხდება. ამ ‘ალბისელესტეს’ თავისი სტილი და იდენტობა აქვს. სკალონის მებრძოლი და აგრესიული გუნდი ჰყავს - დე პაული, რომერო, აკუნია და სხვები ბურთისთვის ბრძოლაში არავის არაფერს დაუთმობენ. შედეგად, არგენტინამ მოახერხა და მექსიკასაც და პოლონეთსაც კონტრთამაში სრულიად მოუსპო. "ალბისელესტე" ბურთის დაკარგვის შემდეგ ძალიან აგრესიული იყო, ბურთს სწრაფად იბრუნებდა და მეტოქეს დაცვიდან შეტევაში გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. ანუ, არგენტინა თავისებურად, თავის სტილში დამაჯერებელი იყო.

სკალონის მებრძოლი და აგრესიული გუნდი ჰყავს

ემილიანო მარტინესის კართან ამ ორ თამაშში ხეირიანი მომენტიც კი არ ყოფილა. პოლონეთმა არგენტინის მესამედზე საერთო დროის მხოლოდ 12 პროცენტი გაატარა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოლონეთი გამორჩეულად უფანტაზიო და შეზღუდული გუნდია. ნულზე თამაშს სკალონის გუნდისთვის ფუნდამენტურ მნიშვნელობა აქვს. სკალონიმ სტილურად 1:0-ის გუნდი შექმნა და გოლის არგაშვება ის მთავარი ფაქტორია, რომელიც მის საჩემპიონო შანსებს განსაზღვრავს.

პოზიციური შეტევა "ალბისელესტეს" ყველაზე ძლიერი მხარე არ არის და ალბათ არც იქნება. ამისთვის არც ბევრი რესურსი აქვს ამ გუნდს, არც სკალონია ასეთი მწვრთნელი და, ზოგადად, გუნდი არ აშენებულა ამ სტილის მიხედვით. თუმცა, ამ კუთხითაც არგენტინა უკეთესი ხდებოდა. მექსიკასთან თუ მომენტების შექმნა გუნდმა მხოლოდ მეორე ტაიმში დაიწყო და გოლი მხოლოდ მესის ინდივიდუალურ ოსტატობას მოჰყვა, პოლონეთთან, უკვე მატჩის პირველივე წუთიდან, არგენტინა ბურთს კარგად ამოძრავებდა და მეტოქის მასირებულ დაცვაში მომენტებს მაინც პოულობდა.

ეს იმითაა განპირობებული, რომ სექტემბრიდან უთამაშებელმა დი მარიამ პირველ თამაშთან შედარებით, სათამაშო ტონუსი უფრო მეტად შეიძინა. საპირისპირო ფლანგზე სკალონი სწორად მიხვდა, რომ ტალიაფიკოს აკუნია ჯობია. ეს უკანასკნელი შეტევით ფაზაში უფანტაზიოა და კლასიც აკლია. სამაგიეროდ, აქტიური და აგრესიულია, შეტევას მუდამ ეხმარება და პოზიციურად სივრცეს ქმნის, რადგან მისი განლაგება არგენტინას საშუალებას აძლევს, მეტოქის დაცვა ჰორიზონტალურად, სიგანეში გაწელოს. მასირებული დაცვის წინააღმდეგ ფლანგიდან ფლანგზე ბურთის სწრაფი მოძრაობა აუცილებელია, რათა შეტევამ მეტოქის დაცვის კომპაქტურობა დაშალოს და სივრცე იპოვოს. აკუნიას აქტიურობა და მის მიერ მთელი ფლანგის კონტროლი სკალონის საშუალებას აძლევს, მოედნის ცენტრში სამი მოთამაშე სტაბილურად ჰყავდეს - ეს კონტრშეტევების არიდების საშუალებაცაა და ბურთიც უფრო უკეთ მოძრაობს.

აკუნია აქტიური და აგრესიულია, შეტევას მუდამ ეხმარება

სკალონის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ ეშინია ცვლილებების. ფორმაში არმყოფი პარედესი სათადარიგო სკამზე გადაჯდა. ასევე, მალევე აღიარა პაპუ გომესის ექსპერიმენტის წარუმატებლობა და არ შეეშინდა გვიდო როდრიგესის პოლონეთთან თამაშისთვის სკამზე გადასმა. ძირითადში ადგილი დაკარგა ლაუტარო მარტინესმაც, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა - მიუხედავად იმისა, რომ ინტერში ზედ მუნდიალის წინ კარგად თამაშობდა. როგორც ჩანს, ლაუტარო უფრო ეფექტურია ორფორვარდიან ტაქტიკაში, როცა მის გვერდზე დიდი ფორვარდი თამაშობს, თავად კი მის გვერდით და მის გარშემო ბევრს მოძრაობს. გამოკვეთილ ფორვარდად მას თამაში არ გამოსდის. არადა, როგორც ზემოთ გითხარით, ეს არგენტინა უფრო შემტევი სამეულის ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული, ვიდრე კარგად დალაგებულ პოზიციურ და კომბინაციურ თამაშზე. მაშინ, როცა ამ სამეულიდან ტრავმის გამო უთამაშებელი დი მარია ფორმაში არაა, ლაუტაროს ცუდი თამაშიც ნაკრების საჩემპიონო შანსებს თითქმის ანულებს.

სკამზე პაულო დიბალაც ზის, თუმცა ბოლო პერიოდში ისიც ტრავმირებული იყო და საეჭვოა, დიბალა კარგ ფორმაში იყოს. ამ პირობებში სკალონის გაუმართლა ენცო ფერნანდესმა და ხულიან ალვარესმა. ბოლო ორ თამაშში ორივემ მაგარი გოლები შეაგდეს და მათთან ერთად არგენტინა უფრო მობილური, არაპრონოზირებადი და ორგანიზებული გახდა. პოლონეთთან "ალბისელესტე" ბურთს ძალიან კარგად ამოძრავებდა. ერთდროულად 10 მოთამაშეს ჰქონდა ზუსტი პასების პროცენტი 90 და მეტი და სამი მოთამაშე გადაცდა 90-პასიან მაჩვენებელს (შედარებისთვის: პოლონეთში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა 40 პასზე მეტი). როდრიგო დე პაულმა საერთოდაც 145 გადაცემით დაასრულა შეხვედრა.

როდრიგო დე პაული "ალბისელესტეში" ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა

სკალონის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება ალექსის მაკალისტერია. ის ძალიან კარგად ერთვება შეტევაში მეორე ტემპით. ანუ, აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა ლო სელსო, თუმცა ვერ აკეთებს პაპუ გომესი. არგენტინის პირველი გოლი სწორედ მის მსგავს მანევრს მოჰყვა - მოლინას გადაცემაზე სიღრმიდან შეირბინა და კარგადაც დაასრულა. იმ ფონზე, როცა შემტევი სამეული ნაკლებად ეფექტურია და მხოლოდ მათ იმედზე შეტევაში ყოფნა არ გამოდის, მაკალისტერის სიღრმიდან ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. "ალბისელესტეს" ნახევარმცველების გოლები სჭირდება და ენცო ფერნანდესმა და მაკალისტერმა ეს გოლები მოიტანეს. ლაუტაროს და დი მარიას ფორმაში არყოფნას კომპენსირება სჭირდება. უაზროა იმის მოლოდინი, რომ მესი ყველა თამაშში გაიტანს და ყველაფერს მარტო მოიგებს.

"ალბისელესტეს" პოზიტიური დინამიკა აქვს. თამაშიდან თამაშამდე უმატებს, რაც ამ ტიპის ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. სკალონი ბევრს ეძებს და ჩანს, რომ პრობლემების ნაწილი გადაჭრა. ეს არგენტინა კვლავ არ არის უნაკლო და უხარვეზო გუნდი და ალბათ არც იქნება. პირიქით, უფრო მეტს წვალობს, ვიდრე თამაშობს, თუმცა რთული სიტუაციიდან გამოსავალი ღირსეულად და სოლიდურად უკვე იპოვა. ახლა, გუნდს ნაკლები წნეხი ექნება, თავისი საყვარელი პლეიოფური თამაშის საშუალებას უფრო მეტად ნახავს, შედარებით იოლი სატურნირო გზა აქვს და, რაც მთავარია, გვაჩვენა, რომ თავის ნაკლოვანებებზე პასუხის მოძებნა შეუძლია...

კომენტარები

ბოლო ამბები