- ანდრეა ანიელიმ კლუბის მფლობელების მხარდაჭერა დაკარგა
- იუვენტუსს ფინანსური დანაკარგები და ცუდი სპორტული შედეგები აქვს
- დელ პიეროს მოსვლა ახალი ხელმძღვანელობის ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება
მსოფლიო ჩემპიონატის ამბებმა ჩაყლაპა ერთი დიდი გლობალური და ტექტონიკური ძვრა, რომელმაც იტალიური ფეხბურთი და იტალიის ყველაზე პოპულარული კლუბი ტურინის იუვენტუსი შეარყია.
კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მთელ დირექტორთა საბჭოსთან ერთად გადადგა. ტურინში ისეთი სიტუაცია იყო, რომ ინტერნეტში ბევრს ხუმრობდნენ - ალეგრის წასვლა რომ უნდოდეს, მის განცხადებაზე ხელის მომწერი აღარ დარჩა კლუბშიო.
ანდრეა ანიელის წყალი რომ ჰქონდა შეყენებული, ამაზე ზაფხულშივე ვწერდით. აქ საქმე მხოლოდ ცუდ სპორტულ შედეგებზე და ფინანსურ დანაკარგებზე არ არის. იუვეს შიდა სიტუაციას რომ მივხვდეთ, საკლუბო სტრუქტურა უნდა გავიაზროთ. იუვე ანიელების ოჯახს ეკუთვნის, თუმცა ბევრი აქციონერი ჰყავს - ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და სხვა ბიზნესმენები. გადაწყვეტილებას ერთბაშად ვერავინ იღებს - კონსესუსი, აქციონერთა თანხმობაა საჭირო. ყველაზე მთავარი ხმა და დიდი გავლენა კი მთლიანად კლუბის მფლობელი კომპანია "ექსორის" დირექტორს და ლეგენდარული ჯანი ანიელის შვილიშვილს, ჯონ ელკანს აქვს.
ელკანი და ანდრეა ანიელი ოჯახის ორი სხვადასხვა შტოა. ძმები ჯონ და ლაპო ელკანები ჯანი ანიელის შვილიშვილები არიან, ანდრეა კი - ჯანის ძმის, უმბერტოს შვილი. ჯანი და უმბერტო ანიელები იუვენტუსს ათწლეულების განმავლობაში თანხმობით მართავდნენ, მათ შთამომავლებს კი ერთმანეთთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ.
"კალჩოპოლის" სკანდალამდე, ამ საუკუნის დასაწყისში და წინა საუკუნის 90-იან წლებში, იუვენტუსს უფრო უმბერტოს ხალხი მართავდა - ლეგენდარული "ტრიადა". ლუჩანო მოჯი, რობერტო ბეტეგა და ანტონიო ჯირაუდო - უმბერტო ანიელის შტოს წარმოადგენდნენ. ძმების, ჯანის და უმბერტოს სიკვდილის შემდეგ, ჯანის შთამომავლებმა, ანუ ელკანებმა კლუბის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა გადაწყვიტეს. "კალჩოპოლის" გადაჰყვა "ტრიადა" და ელკანებმა კლუბი თავის მართვაში აიღეს. პრობლემა ის არის, რომ ჯონ ელკანი კარგი ბიზნესმენია, თუმცა ფეხბურთში ცუდად ერკვევა, მისი ძმა ლაპო კი საერთოდ ვერაფერში ერკვევა - ვერც ფეხბურთში და ვერც ბიზნესში. სწორედ ელკანების მართვის პერიოდს დაემთხვა იუვეს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი ხუთი წელიწადი, როცა "კალჩოპოლის" შემდეგ იუვენტუსი მეშვიდეადგილოსან გუნდად იქცა.
ეს არც არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ ელკანებმა იუვე ფეხბურთში აბსოლუტურად გამოუცდელ ხალხს - ჯოვანი კობოლი ჯილის, ალესიო სეკოს და ჟან-კლოდ ბლანს ჩააბარეს. წარუმატებლობების შემდეგ ოჯახმა პრეზიდენტად ისევ ანიელების მეორე შტოს წარმომადგენელი, ანდრეა ანიელი მოიყვანა. ელკანების მართვის პერიოდში ანიელის სტადიონზეც არ უშვებდნენ, თუმცა მან თავისი ბიძაშვილებისგან განსხვავებით, ფეხბურთი კარგად იცის და ძალიან უყვარს. 90-იანებში ის იუვენტუსთან ერთად გაიზარდა, მუდამ სტადიონზე, გასახდელში და ბაზაზე რომ იყო, ისეთი პერსონაჟია.

შემთხვევითი არ არის, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელი არც დელ პიეროა, არც ზიდანი და არც პლატინი. ეს პაოლო მონტეროა - ძალიან იუვენტინური სტილის, ხასიათის, ფილოსოფიის და ფასეულობების გამოხატულება. თუ ეს კლუბი ძალიან შიგნიდან არ იცი და არ გრძნობ, მონტერო შენი საყვარელი მოთამაშე ვერ იქნება.
ანიელის მმართველობის 10 წელიწადში იუვემ ევროპულ ფეხბურთში თავისი პოზიციები დაიბრუნა - 9-ჯერ ზედიზედ იტალიის ჩემპიონობა, აურაცხელი სხვა შიდა იტალიური ჯილდო და ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი. ანიელიმ მეშვიდეადგილოსანი გუნდი ჩაიბარა და ისევ გრანდად აქცია. მისი მმართველობის დასაწყისში ტურინში დიდ ხელფასად 3 მილიონი ევრო მიიჩნეოდა, მალევე იუვე ისე სწრაფად გაიზარდა, რომ 100-მილიონიანი ტრანსფერები ყოველწლიურ ამბად იქცა - იგუაინიდან დაწყებული, კრიშტიანო რონალდოთი დასრულებული.
ანიელი ყველაფერს არტყამდა და ყველაფერს სწორად აკეთებდა: მწვრთნელად ჯერ კონტე და შემდეგ ალეგრი; პირლოს, ტევესის, პოგბას და ვიდალის სტილში შესრულებული იაფი და ძალიან ხარისხიანი ტრანსფერები, იდეალურად გამართული საკლუბო ორგანიზაცია და სტრუქტურა, ნეტფლიქსის და ამაზონის დოკუმენტური ფილმები, ახალი სტადიონი და მის გარშემო იუვენტუსის მთელი ქალაქი. იუვე იზრდებოდა სპორტულად, ფინანსურად და ორგანიზაციულად.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზედიზედ 9 სკუდეტო იოლი მოსაგებია, ძალიან ცდება. ეს იყო სკუდეტოები, როცა იუვე ძალიან ძლიერ და უფრო ვარსკვლავურ მილანს მთელი სეზონი მისდევდა და დელ პიეროს გვიანი ჯარიმით მოიგო პირველი სკუდეტო. ეს იყო სკუდეტო, როცა იუვე ლიდერების წასვლის შემდეგ ნაპოლის ძალიან ჩამორჩა, თუმცა ჩამორჩენას ფენომენალური სერიით უპასუხა, 21-დან 20 თამაში მოიგო და ბოლო წუთზე სიმონე ძაძას შორეული გასროლით თავად ნაპოლიც გადამწყვეტ შეხვედრაში დაამარცხა. ეს იყო სკუდეტო, როცა იუვემ ინტერს საჩემპიონო თამაში ბოლო ორ წუთში მოუტრიალა და "პიპიტას" გოლით სკუდეტო ნაპოლის წაართვა.
ანდრეა ანიელის და იუვენტუსის დეკადენსი იმ დროს იწყება, როცა დიდების მწვერვალზე იყვნენ. კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერით ანიელიმ გარისკა და "გემბლინგზე" წავიდა. იუვენტუსი ამ ტიპის კლუბი არასოდეს ყოფილა, ასაკოვან ლეგენდაში ამ ტიპის ინვესტიცია რომ განეხორციელებინა. ამის ფინანსური საშუალება აქვთ პრემიერლიგის კლუბებს, პსჟ-ს, ესპანურ გრანდებს, თუმცა იუვენტუსის ფინანსური მოდელი უფრო მეტად ბაიერნს წააგავდა და უკონტროლო თანხების ხარჯვისგან თავის არიდებას გულისხმობდა. მხოლოდ კრიშტიანოს სახელფასო ფონდი წელიწადში 60 მილიონს აღწევდა. თუმცა, კლუბის გამოთვლებით, იქამდე მუდამ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში მყოფი იუვე, კრიშტიანოს ლიგის მომგებ გუნდად უნდა ექცია.
ანიელიმ იჩქარა. მას ამბიცია ჰქონდა ესპანური და ბრიტანული გრანდების მსგავსი ნიშა დაეჭირა ბაზარზე, არა - იუვე სხვა ტიპის და სხვა მოცემულობის კლუბია.
რონალოს ტრანსფერზე მეტად სიმბოლური მატეის დე ლიხტის ტრანსფერი იყო. იუვემ 80 მილიონი გადაიხადა ახალგაზრდა მცველში, მაშინ როცა დაცვის ცენტრი იმდენად კარგად იყო დაკომპლექტებული, რომ დე ლიხტს ძირითადში ადგილიც კი არ ჰქონდა გარანტირებული. თუკი იქამდე იუვენტუსი უფრო მეტად იტალიის საკმაოდ იაფ ბაზარს აკონტროლებდა, ახლა ის სხვა დიდი გრანდების კონკურენტად იქცა. ასე იყო, მაგალითად, დე ლიხტის შემთხვევაში. ასეთი ტრანსფერი შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედმა განახორციელოს, რომლის ფინანსური შესაძლებლობები უზარმაზარია.

ახალ სატრანსფერო რეალობას მოულოდნელად დაემატა პანდემია, რომელმაც კლუბების ფინანსები ძალიან შეამცირა. ნაკლებად გაუჭირდათ პრემიერლიგის გრანდებს, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო სატელევიზიო კონტრაქტია და კატარული ფულის მქონე პსჟ-ს. იუვენტუსს კაი ხანია მოუწია უმაყურებლოდ თამაში. არადა, სტადიონი ტურინელთათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. იუვეს სტადიონი მოიცავს მთელ კომპლექსს - სასტუმროს, მუზეუმს, რესტორანს, ტურებს ა.შ. ანუ ის ადგილია, რომელიც შემოსავალს კარგად ქმნის. მაგალითად, ჩელსისთვის "სტემფორდ ბრიჯიდან" მიღებულ თანხები შემოსავლის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს, იუვესთვის კი სტადიონი მნიშვნელოვანი წყაროა.
ანიელის რისკი პანდემიამ შეიწირა. ამ სიტუაციაში იუვეს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა - ძალიან კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე და უეფას შემოსავლების იმედად ყოფნა. თუმცა, რა მოხდა? რონალდოს იუვენტუსი ზედიზედ გავარდა მერვედფინალებში ლიონთან, პორტუსთან და რონალდოს წასვლის შემდეგ უკვე ვილიარელთან. ერთი გავარდნაც მეოთხედფინალში, აიაქსთან, წელს კი იუვე სამარცხვინოდ ჯგუფიდანვე გავარდა. თითოეული ნაადრევი გავარდნა დაკარგულ ათეულობით მილიონ ევროს ნიშნავს. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არ იყო, რომ ანდრეა ანიელი თავს იკლავდა სუპერლიგის პროექტისთვის. მას ფული სჭირდებოდა, დამატებითი სახსრები იყო სასწრაფოდ მოსაძებნი.
ცუდ კონტრაქტებს (რაბიო, რემზი, ალექს სანდრო და ა.შ.) და ცუდ ასპარეზობას დაემატა ბევრი არასწორი გადაწყვეტილება. არასწორად შერჩეული მწვრთნელები, როცა ძალიან გამოცდილი და თითქოს საჩემპიონთალიგო გუნდი ჯერ მაურიციო სარის ჩააბარეს, შემდეგ ანდრეა პირლოს. ხელიდან გაშვებული ტალანტები, როცა "იუვენტინო" მარკო ვერატი პსჟ-ში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ტურინელებმა დროზე ვერ იმოქმედეს. უაზროდ წავიდა გუნდიდან სერხიო რომერო. რატომ იხდი დე ლიხტში 80 მილიონს, როცა შენი კუთვნილი რომერო ნიდერლანდელზე ნაკლები თითქმის არაფრითაა?! რომერო იუვემ სულ რაღაც 20 მილიონ ევროდ გაყიდა.
ანდრეა ანიელის, მისი პირვანდელი წარმატებების ფონზე, ბევრი ამ ყველაფერს აპატიებდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისივე კლუბში მას ბევრი მეტოქე და არაკეთილმოსურნე ჰყავდა. ელკანები ანიელის პირველივე ფეხის დაცდენას ელოდნენ. მთელი ეს პერიოდი ანიელი ბომბზე იჯდა, სწორედ ამიტომ, ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე მთავარი კითხვა ის კი არ იყო, წავიდოდა თუ არა ანიელი, არამედ - როდის წავიდოდა?
წასვლის დრო მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. შუა სეზონში, უცაბედად, მხოლოდ ანიელი კი არა, მთელი დირექტორთა საბჭო გადადგა. იტალიური პრესის ცნობით, შაბათს ჯონ ელკანს და ანდრეა ანიელის შორის მძიმე საუბარი გაიმართა, რის დროსაც "ექსორის" შეფმა კლუბის ფინანსური სიტუაციის და დიდი დანაკარგების ფონზე იუვეს პრეზიდენტს უსაყვედურა. მხოლოდ წინა სეზონში იუვემ 250 მილიონი იზარალა და ამ დანაკარგებს ჩვეულებრივ "ექსორი" ფარავს ხოლმე.
ანიელიმ მხარდაჭერა გულშემატკივარშიც დაკარგა. "ულტრასებმა" მისი წასვლა იზეიმეს. წინა წელს, იუვეს ბოლო, საშინაო მატჩის დროს ტურინელები კიელინის აცილებდნენ. ამავე დროს, კლუბიდან მიდიოდა პაულო დიბალა, რომელსაც კლუბმა გამოსამშვიდობებელი საღამო არ გაუკეთა. ყოველთვის, როცა კადრში დიბალა ჩანდა, ტრიბუნები აპლოდისმენტებით ხვდებოდა არგენტინელს, ანიელის გამოჩენას კი სტვენა მოსდევდა. ახლა მისი წასვლის გამო გულშემტკივარი ელკანებს ობსტუქციას ნამდვილად არ მოუწყობს. ზოგადად, რთულია კლუბი მართო, როცა გადაეკიდე უეფას, კლუბის მფლობელები შენს მხარეზე არ არიან, ფინანსებში დიდი ზარალი გაქვს, შედეგები არ ჩანს და გულშემატკივარიც შენს წინააღმდეგაა. თვით ისეთი დიდი და ავტორიტეტული კაცისთვისაც კი, როგორიც ანდრეა ანიელია, ეს გადაუჭრელი ამოცანაა.
ზოგადად, ანიელი თავისივე ამბიციურობას ემსხვერპლა. იგი პანდემიის დროინდელ რეალობას არ შეეგუა, სუპერლიგის ავანტიურა მოიფიქრა და ყველა ეტაპზე უარს ამბობდა, რომ ხარჯები შეემცირებინა. მაგალითად, ამ ზაფხულს პოგბას, დი მარიას და პარედესის კონტრაქტები რა საჭირო იყო, არავინ იცის. ნახევარი წელი გავიდა და ძვირადღირებული ეს სამეული იუვეს არ გამოადგა. სამაგიეროდ, ტურინელები წლებია ვერ იყენებენ თავისი ახალგაზრდების პოტენციალს.
ანიელის მოკავშირე მხოლოდ მაქსი ალეგრი და მისი უახლოესი მეგობარი და კლუბის ლეგენდა პაველ ნედვედი იყვნენ. ალეგრის არგაშვებით ანიელი სწორად მოიქცა, თუმცა თავად არც მაქსია ყველაზე ავტორიტეტული მოკავშირე ამ ეტაპზე. მასაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.
გარდა ამისა, ტურინის პროკურატურაში ანიელის და იუვეს სხვა 16 დირექტორის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ეს უკვე მეორე ამ ტიპის საქმეა ბოლო წლის მანძილზე.
თუკი პირველ შემთხვევაში მოთამაშეების სატრანსფერო ღირებულების ხელოვნური გაზრდა რთულად დასამტკიცებელი ბრალდებაა, ახლა პროკურატურას ზუსტი მონაცემები აქვს, რომ იუვენტუსი პანდემიის პერიოდში მოთამაშეებს "შავად", გადასახადების გარეშე უხდიდა ხელფასებს. მაგალითად, კრიშტიანო რონალდომ, რომელიც პროკურატურაში დაბარებულია, თუმცა იქ მისვლაზე უარს აცხადებს, ამ გზით 19 მილიონი ევრო მიიღო.
სწორედ ამიტომ, ელკანმა ანიელის წასვლას "პასუხისმგებლობის აქტი" უწოდა, ანუ მოუწონა. იუვეს არ უნდა, რომ სასამართლოში სიარული მის მოქმედ პრეზიდენტს მოუწიოს.
ფინანსურ გამოძიება მოჰყვება სპორტულიც. მაგალითად, უეფამ უკვე დაიწყო იუვეს ფინანსების თავიდან შესწავლა. ეს ტურინელებს დიდ ჯარიმად, ან სპორტულ სასჯელად (მაგალითად, დაკლებული ქულები) შეიძლება დაუჯდეთ.
იუვეს ახალი მენეჯმენტი ელკანების ხალხია. ჯანლუკა ფერერო ტურინელია, იუვეს დიდი გულშემატკივარი, თუმცა კარიერა ბიზნესში გაიკეთა და არა ფეხბურთში. ჯონ ელკანის უპირველესი ამოცანა ამ ეტაპზე ხარჯების და ფინანსური დანაკარგების შემცირებაა.
"ექსორის" მხოლოდ შარშანდელი შემოსავალი 30 მილიარდ ევროს აღემატება და იუვენტუსი მისი აქტივების მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს. ანუ ელკანებს კლუბის ფინანსური სიტუაციის მართვა წყნარად შეუძლიათ. ამ კუთხით, იუვე ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია მსოფლიოში. თუმცა, ელკანის ლოგიკა გასაგებია. მას არ უნდა, "ფიატის" და "ფერარის" ფულით იუვეს დანაკარგების კომპენსაცია მოახდინოს. იუვენტუსი ფინანსურად მომგებიანი უნდა იყოს.

ზოგადად, დიდი შანსია ეს არეულობა ცუდად აისახოს ტურინელთა თამაშზე. ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ სულ უფრო და უფრო რეალური ხდება ალექს დელ პიეროს დაბრუნების პერსპექტივა. დელ პიეროს და ანიელის არცთუ იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ. დელ პიერო წყენით წავიდა, თუმცა ამაზე არასოდეს არაფერი უთქვამს. ბევრი წელი სტადიონზეც არ ყოფილა, სანამ შარშან ტრიბუნების ოვაციის ფონზე არ დაბრუნდა. მისი როლი იგივე იქნება, რაც პაველ ნედვედს ჰქონდა, ან კლუბის კიდევ ერთ ლეგენდას რობერტო ბეტეგას 2000-იანების დასაწყისში.
იუვეს იდენტობის პრობლემა აქვს და კრიზისული კლუბის ახალ აღორძინებას დიდი სახელი სჭირდება. სწორედ ამიტომ, გულშემატკივარი დელ პიეროს დანიშვნისკენ ელკანებს ღიად მოუწოდებს. არცთუ კარგი ავტორიტეტის და ფეხბურთში კომპეტენეციის არქონის ფონზე, ელკანებმა შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგან და დელ პიეროს ავტორიტეტი და გავლენა სათავისოდ (და კლუბისთვის გამოიყენონ).
ოპტიმისტური იყო ლუჩანო მოჯი, რომელმაც შექმნილი სიტუაცია ასე შეაფასა - La Juve non muore mai - იუვენტუსი არასოდეს მოკვდება.
კომენტარები