Thumbnail
  • ბელგია ამ მუნდიალის ყველაზე უსიცოცხლო გრანდი იყო
  • რობერტო მარტინესის გუნდმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა
  • გერმანია ცუდმა დაცვამ დააღალატა, ბუნდესგუნდი თამაშს ვერ აკონტროლებს

ბელგიის სამი მატჩი ვნახე და ასეთი უგულო, უსულო და სტერილური არაფერი მინახავს. ჯერ კიდევ მუნდიალის დასაწყისამდე ბევრი ითქვა, რომ ბელგიის ამ თაობამ თავისი ციკლი დაასრულა. ლოგიკური იყო იმის დაშვება, რომ ამ გუნდისგან ბევრის, ანუ საჩემპიონო ბრძოლის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა.

აზარი ვარსკვლავის დონეზე დიდი ხანია ვეღარ თამაშობს, დაცვის სამეული აშკარად დაბერდა, იგივე ითქმის დრის მერტენსზე, არც აქსელ ვიტცელი ხდება უკეთესი, იანიკ კარასკოს ცუდი სეზონი აქვს და რომელუ ლუკაკუ მუდმივი ტრავმების გამო ფორმაში არ არის. ზოგადად, რობერტო მარტინესის ხელში ერთი ციკლი რომ დასრულდა, ამის განცდა ყველას გვქონდა. ალბათ ლოგიკური იქნებოდა, შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მარტინესის გაშვება.

გუნდის შიგნით რომ სიტუაცია იდეალური არ იყო, ამას მოთამაშეების კომენტარებიც ცხადყოფდა. თუმცა, ერთია პრობლემები და მეორე - ასე უემოციოდ და უგულოდ თამაში. მთელი ამ პრობლემების მიუხედავად, ბელგია მაინც მაღალი კლასის გუნდად დარჩა, მაგრამ სამი მატჩის განმავლობაში მისგან ვნახეთ ბურთის უსიცოცხლო გორება, გულგრილი და ინდიფერენტული დამოკიდებულება თამაშის მიმართ და განცდა იმისა, რომ მუნდიალი საერთოდ არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო გამოწვევა. 

რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორ დათმო სამხრეთ კორეამ განასთან ომივით თამაში. კლასის რა გითხრათ, მაგრამ ჩანდა, რომ ორივე გუნდისთვის ეს ეპიკური, სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი იყო. კორეამ თავი შეაკლა და მაინც დათმო. თამაშის მერე კორეელთა მწვრთნელი პაულო ბენტუ და მთელი გუნდი მსაჯს კუთხურის გამო ეჩხუბებოდა, სონი ტიროდა, განის მწვრთნელი ამ ფონზე "სელფებს" იღებდა. მაგარი გოლებიც გავიდა - კორეელი ჩონი მეორე გოლზე ძალიან მაგრად ახტა და კარში ბურთთან ერთად შეფრინდა. ეს ყველაფერი უხდება ფეხბურთს და მუნდიალს. ეპიკურობის, მასშტაბურობის, დრამატულობის განცდას აძლევს. ჩნდება ემოცია იმისა, რომ ჩვენ დიდი ისტორიული ამბის თანამონაწილეები გავხდით. ამ ფონზე, ბელგიის მარცხი ბურთის რუტინულ გორება გახლდათ. თამაშის ბოლო წუთამდე არ იგრძნობოდა, რომ ეს გუნდი გავარდნის პირას იყო. სამ თამაშში ბელგიამ ერთი გოლი შეაგდო, ისიც კანადასთან არმოსაგებ შეხვედრაში. გოლი ვერც ურუგვაის გააქვს, პირიქით, ასეთი უნიჭო და არქაული თამაში რთულად წარმოსადგენია, თუმცა ურუგვაის რომ უყურებ, ხვდები, რომ ეს გუნდი იბრძვის და ცოცხლობს. მერე რა, რომ ბევრი რამ არ გამოსდის და მისი თამაში უფრო წვალება და ჭიდაობაა, ვიდრე ფეხბურთის თამაში.

ბელგია უარესი შემთხვევაა იმიტომ, რომ ფეხბურთი ყველაფერს გაპატიებს, უნიჭობას და კლასის არქონასაც კი, მაგრამ გულგრილობას - ვერა.

სიმბოლური იყო, თუ როგორ არ უნდოდა ბურთს კარში შესვლა რომელუ ლუკაკუს დარტყმების შემდეგ. ლუკაკუმ ოთხი უეჭველი მომენტი გააცუდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არც ხორვატია იყო დიდად თვალსასეირო. ხორვატიასაც ეტყობა კლასი და გამოცდილება, თუმცა დინამიზმი და აფეთქების, არასტანდარტულობის უნარი აკლია. ხორვატია 0:0-ზე თამაშობდა და მაგრად გადარჩა, მატჩის ბოლოს ლუკაკუმ თავისი მომენტები რომ ვერ გამოიყენა. დრამა უნდა ყოფილიყო და ბელგია-ხორვატია ამ მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი შეხვედრა გამოდგა. დრამა მხოლოდ ლუკაკუს გამოუყენებელი მომენტები იყო. ამის მერე ბელგიელი ფორვარდი მიმების და დაცინვის ობიექტი კარგა ხანს იქნება. იმ თამაშში ბელგიასა და ხორვატიას შორის უარესი რომელი იყო, რთული სათქმელია.

მატჩის მერე რობერტო მარტინესმა გვამცნო, რომ ბელგიის ნაკრებიდან მიდის. აქამდეც უნდა წასულიყო. მის გუნდს იდეის და ემოციის დეფიციტი ჰქონდა. ასეთი გუნდი ყოველთვის უნდა დაშალო იმისთვის, რომ მერე ახალი შექმნა.

რობერტო მარტინესის გაწვრთნილი ბელგია ჯგუფში ჩარჩა

საღამოს ბელგიას გერმანია მიჰყვა. ბუნდესგუნდს დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, თუმცა მატჩის სტარტზევე გატანილ გოლს ბევრი ვერაფერი მიამატა. გერმანიას რომ დიდი ანგარიშით მოგება სჭირდება და კოსტა რიკასთან შეხვედრას ნერვების ომად აქცევს, გავარდნის ღირსია.

წინა ორ სტატიაშიც ვწერდი, ფლიკის გუნდი ანეკდოტურად ცუდია დაცვაში. ბოლო 14 თამაშში 13-ჯერ გოლი აქვს გაშვებული და ნულზე თამაში მხოლოდ ომანთან მოახერხა. არ შეიძლება ამ კოსტა რიკისგან ორ გოლის გაშვება. 2:2-ზე ისეთი მომენტიც იყო, რომ კაცი ვერ გაიგებდი, რომელი მეტოქე იყო გოლთან უფრო ახლოს. მომენტები ორივე კართან იქმნებოდა და ბუნდესგუნდის დაცვა სრულ ქაოსში იყო. გერმანიას მეტი სოლიდურობა, სტაბილურობა და მეტი კონტროლი მოეთხოვება. 

გერმანიას სისტემური პრობლემა აქვს. ზედიზედ ორჯერ დარჩა მუნდიალზე ჯგუფში და ევროპის ჩემპიონატზეც ჯგუფიდან ძლივს გააღწია, მხოლოდ 4 ქულით. დიდ ტურნირებზე ბოლო ათ თამაშში გერმანიას ნულზე არ უთამაშია და 17 გოლი გაუშვა. ათ თამაშში 17 გაშვებული გოლი აუტსაიდერის სტატისტიკაა. არადა, გერმანიაზე ვერ იტყვი, რომ ფეხბურთს ვერ თამაშობს და მოთამაშეები არ ჰყავს. პირიქით. თუმცა, საფეხბურთო ლოგიკა გუშინ სამართლიანი იყო - ვინც უნდა გავარდნილიყო, გავარდა. მუნდიალს ორი ფავორიტი გამოაკლდა.

Akaki Tchabashvili

კომენტარები

ბოლო ამბები