- ვაჟთაგან ტატამიზე მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ვიხილავთ
- იაპონიის დედაქალაქი პრესტიჟულ ტურნირს 3-4 დეკემბერს უმასპინძლებს
- 'ფანებისთვის საჩუქარი იქნება' - EJU ბექაური-ბეიკერის დაპირისპირებაზე
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მოახლოებული გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ნაკრების წევრებმაც შეიტყვეს.
ვაჟთა გუნდიდან ტატამიზე მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ვიხილავთ (ის იაპონელებმა პირადად მიიწვიეს), რომელიც 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი განთესვით იასპარეზებს.
ბექაური პირდაპირ მე-2 წრეშია დაშვებული, სადაც ჯერონიმო საუსედოსა (აშშ) და დონგჰან გვაკს (სამხრეთ კორეა) შორის გამარჯვებულს დაელოდება.
ლაშას ბადის ნაწილში გამოსარჩევია შოიჩირო მუკაი, მის გარდა კი, მშობლიურ გრანდ სლემზე, აღნიშნულ წონაშო კიდევ 3 იაპონელი გამოვა: კოსუკე მაშიამა, სანშირო მურაი და მაშუ ბეიკერი, ამდენად, ბექაურს ჩემპიონობისკენ ძალიან რთული გზის გავლა მოუწევს.

ტოკიოში 5 წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს ქალთა ნაკრებს: 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ჯიჰეიონ კანგასა (სამხრეთ კორეა) და ცუკასა იოშიდას (იაპონია) შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ნინო ლოლაძე მაიტა ოჰამედს (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) გაეჯიბრება.
ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.) ძალებს ავსტრალიელ მაევე გულანთან მოსინჯავს, ნინო გულბანი (70 კგ.) რუმინელ სერაფიმა მოსკალუს შეხვდება, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) – იაპონელ ჰიკარუ კოდამას.
განრიგის თანახმად, 3 დეკემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 73, 81 და 90 და ქალთა 57, 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, ხოლო 4-ში – კაცთა 60, 66, 100 და +100 და ქალთა 48, 52, 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი შაბათს 10:30 საათზე დაიწყება, კვირას კი – 12:30-ზე (თბილისის დროით).
საინტერესოა, რომ იაპონიაში (ოსაკაში) გრანდ სლემი ბოლოს 2019 წელს გაიმართა და მაშინ საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთი ოქროს მედალი იყო. სწორედ ბექაურის 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბექა ღვინიაშვილი ავიდა.
კომენტარები