Thumbnail
  • ურუგვაის ნაკრები ამ ქვეყნის კულტურას და ფასეულობებს განასახიერებს
  • 'სელესტე' მსაჯმა და გარემობებმა დაჩაგრეს
  • სუარესს და კავანის ასე წასვლა არ დაუმსახურებიათ

ლუის სუარესს აქვს ნათქვამი, რომ ყველაზე ბედნიერი ურუგვაის ნაკრებშია. მინდორზე კი არა, ნაკრებთან ერთად, შეკრების დროს - ძალიან მაგრად აღწერს თანაგუნდელების გაერთიანების, ერთად მატეს სმის და საუბრის მომენტს.

ეს ცოტა უცნაური ამბავია, რადგან წესით, შეკრება არავის უყვარს - რუტინაა რა. თამაში კი, მაგრამ შეკრება რატომ? მაგალითად, შეკრება შენს ოჯახთან ერთად ყოფნას რატომ უნდა გერჩივნოს? ამის პასუხი რომ იცოდე, ურუგვაელთა მენტალიტეტს უნდა ჩასწვდე, მათი ერთობის, ერთად ბრძოლის და ერთმანეთის გვერდით დგომის სულს და კულტურას. ურუგვაი ფეხბურთს არ თამაშობს, საბრძოლველად ერთიანდება. შეკრებაც მონატრებული თანამებრძოლების ნახვის, მათთან ერთად ამ ძმური ერთიანობის თანაგანცდის შესაძლებლობაა.

ამ გუნდს დროში რომ ემოგზაურა, სპარტელები იქნებოდნენ. ფიზიკურად ცოტანი, მენტალურად ბევრნი და დიდნი. ურუგვაი მიწათმოქმედთა ქვეყანაა. მიწაზე მუშაობის კულტურა აქვს და მათი ფიზიკური სიძლიერე, ბრძოლისუნარიანობა, უბრალოება და სისადავე მიწის კულტურიდან, მიწასთან სიახლოვიდან მოდის. დნმ-ის დონეზე დალექილი ჯანი აქვთ. მარტივად, რომ გითხრათ, ჩვენებური ქართული მაგალითით: თბილისელს ძალიან გაუჭირდება, ისე იჭიდავოს, როგორც კახელი, სვანი ან გორელი იჭიდავებს (შემთხვევით არ მითქვამს, უდიდესი ქართული საჭიდაო სკოლები აქედან მოდის). რაც არ უნდა ივარჯიშო და სწორად იკვებო, თაობების მანძილზე მიწასთან სიახლოვეს სხვა ჯანი მოაქვს. ურუგვაიც ასეთია. ურუგვაელი რომ არ იბრძოდეს, ასეთი გინახავთ? და ამ ბრძოლის ჯანი და მონდომება რომ არ ჰქონდეს? და გადაპრანჭული ურუგვაელი?! უბრალო, ნაღდი, მებრძოლი ხალხია, თავისი გუნდისთვის რომ მართლა მოკვდება, ისეთი.

კოლექტიურობის, თავისი პირადი მე-ს გუნდისთვის გაღების სულიც მათ კულტურაშია. ვერ ნახავ, ურუგვაელს ძირითადში არდაყენების ან შეცვლის გამო სკანდალი მოეწყოს, თამაშის წინ კლუბში დასალევად წასულიყოს ან რამე ეგეთი. ამ ძალიან პატარა ქვეყანას, დიდ მეზობლებს შორის, ერთიანობის და გაერთიანების დიდი კულტურა აქვს. ისედაც ცოტანი არიან, სულ რაღაც სამნახევარი მილიონი და ერთიანობის გარეშე რა უნდა გამოუვიდეთ?!

'ვერ შეაშინებ და ვერ გატეხ, სულ არ ედარდებათ, მესი გყავს თუ ნეიმარი'

სწორედ ამიტომ, ურუგვაის საფეხბურთო წარმატებები და მისი ორი ჩემპიონობა შემთხვევითი არ არის. არც "მარაკანასო", "მარაკანაზე" ბრაზილიასთან მოგებული საუკუნის ფინალია შემთხვევითი ამბავი. არც ის უნდა გვიკვირდეს, რომ ბრაზილიას და არგენტინას ურუგვაისთან თამაში ძალიან არ უყვართ. ვერ შეაშინებ და ვერ გატეხ, სულ არ ედარდებათ, მესი გყავს თუ ნეიმარი. მაინც საომრად, საჩხუბრად და ბურთისთვის თავის გადასადებად გამოვლენ. ასეთი ბიჭებიც ბევრი ჰყავთ - როდრიგო ბენტანკურიდან დაწყებული ხოსე-მარია ხიმენესით დასრულებული - ბურთისთვის ფეხის მოტეხვა რომ მარტივად შეუძლიათ. "ან ბურთი, ან კაცი, ორივე ერთად მე ვერ გამცდება" - ასე მოკლედ და ამომწურავად აქვს კიდევ ერთ დიდ ურუგვაელს, პაოლო მონტეროს ნათქვამი.

სწორედ ამიტომ, ბრაზილია-ურუგვაის მერვედფინალს ძალიან ველოდებოდი. გასაგებია, რომ ბრაზილია ძალიან კარგია და ურუგვაი ცუდად გამოიყურებოდა. პირველი ორი თამაში მაინც. არც ბრაზილიის მშვიდი 3:0 იქნებოდა გამოსარიცხი სცენარი. მაგრამ ეს თამაში ისტორიაა, შიდა სამხრეთამერიკული ომია, ის სანახაობაა, რის გამოც მუნდიალისთვის 4 წელი ლოდინი ღირს.

სწორედ ამიტომ, გუშინ ძალიან მინდოდა, რომ ურუგვაის მოეგო და ჯგუფიდან გასულიყო. თავისი საქმე ‘სელესტემ’ კარგად გააკეთა - გუნდი გადააწყო, პირველ ორ შეხვედრასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და განას ჭკვიანურად მოუგო. თუმცა ურუგვაი მსაჯმა, წილისყრამ და პორტუგალიის ზედაპირულმა დამოკიდებულებამ გაწირა.

'იმ ფონზე, როცა კრიშტიანომ და მესიმ ამ მუნდიალზე უკვე მიიღეს ძალიან საეჭვო პენალტები, ურუგვაი გუშინ ორჯერ დაიჩაგრა'

ამ მუნდიალზე უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, რომ უკვე გასული გუნდები მესამე თამაშს ზედაპირულად უყურებენ. ასე გააკეთეს საფრანგეთმა, ესპანეთმა, ბრაზილიამ და პორტუგალიამ. ამით იხეირეს იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. ერთია პორტუგალიასთან მეორე ტურში თამაში და მეორე უკვე გასულ და შესუსტებული შემადგენლობის პორტუგალიასთან მესამე ტურის შეხვედრა. ცხრილი და გარემოებები ურუგვაისკენ ნაღდად არყოფილა. პორტუგალიამ ბოლო წუთზე თავისივე კუთხურიდან გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ სონმა მაგრად ირბინა, დიდოსტატური პაუზა აიღო და კიდევ უფრო დიდოსტატური პასი გააკეთა, ნაკლებად დასაშვებია, რომ მოტივირებულ პორტუგალიას ასე იოლად და უყურადღებოდ გაეშვა.

კიდევ უარესი ამბავია მსაჯი. იმ ფონზე, როცა კრიშტიანომ და მესიმ ამ მუნდიალზე უკვე მიიღეს ძალიან საეჭვო პენალტები, ურუგვაი გუშინ ორჯერ დაიჩაგრა. არათანმიმდევრული დამოკიდებულება ვნახეთ. ჯერ იყო და, მსაჯმა VAR-ზეც კი არ აღიარა დარვინ ნუნიესზე პენალტი. ბურთზე ფორმალური შეხება ერთია და ბურთზე თამაში - მეორე. განელი მცველი ბურთზე არ თამაშობდა, მხოლოდ ფორმალურად შეეხო მას, თანაც ისე, რომ  მისი ტრაექტორია არ შეუცვლია. მატჩის ბოლოს კიდევ უარესი მოხდა, ედინსონ კავანიმ მაღალ სისწრაფეზე ზურგი მცველს დიდოსტატურად დაუხვედრა, კონტაქტი იპოვა და დაეცა. უეჭველი პენალტი იყო. არც მსაჯი ჩანდა და არც VAR-ი. ამიტომ, სიმბოლური, თან ტრაგიკული და თან სამართლიანი იყო, მატჩის შემდეგ ედინსონ კავანის ჟესტი, VAR-ის მოწყობილობა რომ ძირს დააგდო. ურუგვაი მართლა დაიჩაგრა. 3:0 ურუგვაის ჯგუფიდან გასვლას ნიშნავდა.

ეს წაგება მხოლოდ რიგითი მარცხი არ არის. ერთი დიდი თაობის, ერთი დიდი ისტორიის დასრულებას ნიშნავს. ლუის სუარესი და ედინსონ კავანი პატარა ქალაქ სალტოდან არიან. მათი კარიერა პარალელურად დაიწყო და განვითარდა. ამის მიუხედავად, რთული წარმოსადგენია ორი უფრო განსხვავებული ადამიანი, ვიდრე ეს დუეტია. სუარესი უმამოდ გაიზარდა, გაჭირვებაში, დედა ალაგებდა და შვილისთვის დრო არასოდეს ჰქონდა. სუარესი სალტოდან მალევე წავიდა, მონტევიდეოს გარეუბაში გადაბარგდა და, ფაქტობრივად, ქუჩაში გაიზარდა. ქუჩის ხულიგნობა, ეშმაკობა, სიბინძურე და ბრძოლის წყურვილი აქედან მოჰყვება. ლეგენდარული კაცი და ფეხბურთელია. მის ლეგენდას მისი გამარჯვების წყურვილი ქმნის. სათადარიგო სკამზეც ისე იცრემლებოდა, ხვდები, რომ ფეხბურთი მისთვის სიკვდილ-სიცოცლის საქმე და ამბავია. არადა, ლეგენდას ყველაფერი მოგებული აქვს.

ედინსონ კავანი სხვა კაცია. ძალიან წესიერ, ალალ და უბრალო ოჯახში გაიზარდა. სოფლის ბიჭია და სოფლის წესიერება, შრომის სიყვარული და უბრალოება მოყვება. მამას რომ სათევზაოდ დაყავდა, ისეთი ბიჭი იყო. კავანი ბოლომდე სალტოში გაიზარდა და დღემდე ძალიან უყვარს ეს ქალაქი. მუდამ ბრუნდება და ბავშვობის მეგობრებიც ყოველთვის ახსოვს. ძალიან დიდი და ღირსეული კაცია, დიდი მებრძოლი და დიდი ბომბარდირი.

კავანი დღემდე ბუნებაში სეირნობით და თევზაობით ერთობა, ვერ იტანს ბევრ ხალხს და თავყრილობას. ყველაზე არავარსკვლავური ადამიანია. ძალიან მაგარი წერილი აქვს, სადაც აღწერს, როგორ ხდები შენი ფულის, მედია-ყურადღების და ვარსკვლავური ხმაურის მონა, როგორ კარგავ თავისუფლებას. იმავე წერილში იმასაც ამბობს, რომ მწვანე მინდორი და მასზე გატარებული 90 წუთი ის დროა, როცა თავისუფლებას ინარჩუნებ, როცა ვერავინ გეხება და ვერაფერი გაწუხებს, როცა შეგიძლია, საყვარელი საქმე აკეთო.

კავანიმ რასაც მიაღწია, ყველაფერს ფანატიკური შრომით და მონდომებით. მის შრომისუნარიანობაზე ყველა მის გუნდში ლეგენდები დადის. ურუგვაიში კავანი უფრო მეტად უყვართ, მიიჩნევენ, რომ მათ სულს, კულტურას და ფასეულობებს უფრო მეტად განასახიერებს. გასაგებიცაა, ურუგვაულ კულტურაში წესიერებას და უბრალოებას განსაკუთრებულად პატივს სცემენ. ერთი დეტალიც: წლებია, ურუგვაის სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო კორუფციის ინდექსი აქვს. ტყუილის და ყალთაბანდობის არაღიარების და წესიერების დაფასების ნიშანია ესეც. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სუარესს უფრო დიდ ფეხბურთელად მიიჩნევენ და ასეც იყო.

ედინსონ კავანი და ლუის სუარესი, ‘ელ მატადორი’ და ‘ელ პისტოლერო’ - მათი მეტსახელები ძალიან ბევრს ამბობს, ვინ არიან, რა ხალხია და მეტოქის კართან რისი გაკეთება შეუძლიათ.

კიდევ ერთი დიდი, აბსოლუტურად მონუმენტური მასშტაბის პერსონა დიეგო გოდინია. დიდი ალბათობით, მანაც უკანასკნელად მოირგო ‘სელესტეს’ მაისური. გოდინი წლების მანძილზე იყო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. სიმეონეს ატლეტიკოში გოდინი-ხიმენესის ურუგვაული დუეტი კლდესავით იდგა. ძალიან თავმდაბალი, ღირსეული და დაუფასებელი კაცია.

ურუგვაის გასახდელში ყველაზე დიდ ავტორიტეტს სწორედ დიეგო გოდინი წარმოადგენდა. ის იყო მათი ლიდერი და მორალური ორიენტირი. მრავალი წელი ურუგვაის მწვრთნელი, ამ გუნდისთვის მამასავით პერსონაჟი ოსკარ ტაბარესი ამბობდა, რომ თითქმის 20 წელია, დიეგო გოდინს იცნობს და არ ახსოვს, რომ მას თუნდაც ერთი სიტყვა დაა ჟესტი შეშლოდეს. სიტყვა სიტყვით ასე აქვს ნათქვამი.

სწორედ ამიტომ, ძალიან მინდოდა, ეს გუნდი თავის პოტენციურად ბოლო თამაშში ბრაზილიას დაჯახებოდა. ფეხბურთისთვის დიდი ამბავი იქნებოდა. ასე უსამართლოდ წასვლა არ დაუმსახურებიათ...

კომენტარები

ბოლო ამბები