Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტი ფაზა - პლეი ოფი დაიწყო, თუმცა გასულ უიკენდზე კატარს მიღმა უფრო იყო ისეთი ამბები, რომლებიც შეიძლება შაბათ-კვირას გამოგრჩათ. მაგალითად, რომან დოლიძის გამარჯვება UFC-ში, ან ის, რომ გურამ თუშიშვილს ლეგენდარულ ტედი რინერთან მოპოვებული გამარჯვება გაუუქმეს. მოკლედ: უიკენდის მნიშვნელოვანი ამბები ორშაბათის საკითხავში:

UFC | დოლიძის ზედიზედ მესამე ნოკაუტი

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ (12-1) UFC-ში მე-7 ბრძოლა საშუალო წონის რეიტინგის მე-8 ადგილოსან ჯეკ ჰერმანსონთან (23-8) გამართა და მეტოქე მეორე რაუნდში დააფინიშა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელი ბოლო 5 წლის მანძილზე ვადაზე ადრე მხოლოდ მეორედ დამარცხდა. ჰერმანსონის დანოკაუტების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

📋 | დოლიძის ბრძოლა და კომენტარები ნახეთ აქ.

ძიუდო | თუშიშვილს რინერთან მოგება გაუუქმეს

ტედი რინერის დამარცხებას გურამ თუშიშვილისგან დიდხანს ველოდით და ქართველმა ძიუდოისტმა ეს გორში გამართულ ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, როცა ლეგენდარულ ფრანგს ვაზარით მოუგო და ქართულ კლუბ "მებრძოლს" პარი სენ-ჟერმენის დამარცხებაში დაეხმარა. ამ გამარჯვებამ ქართული ძიუდოს ქომაგი ძალიან გაახარა, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თუშიშვილს რინერთან მოგება გაუუქმეს!

📋 | ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წერილი ნახეთ აქ.

ეროვნული ლიგა | დინამო თბილისმა ტიტული დაიბრუნა

საქართველოს 2022 წლის ეროვნული ლიგა დინამო თბილისმა მოიგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლო ტურში გაგრა 2:1 დაამარცხა, 80 ქულა დააგროვა, მთავარი კონკურენტი დინამო ბათუმი 3 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეცხრამეტედ მოიპოვა. საჩემპიონო ზეიმის და ეროვნული ლიგის ფარის აღმართვის შემდეგ, დინამოს ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარები გააკეთეს. 

კვარა | ხვიჩას შოუ თურქეთში დაბრუნდა

ყველაზე გავლენიანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport შაბათის ნომერში ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებას გამოეხმაურა. სეზონის განახლებისთვის ნაპოლი თურქეთში ემზადება, სხვებს შეუერთდა ქართველი გარემარბიც, რომელმაც წელის ტკივილი მოირჩინა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

📋 | რას წერს "გაძეტა" კვარაცხელიაზე - წაიკითხეთ აქ.

პელე | ფეხბურთის მეფემ ფანებს მიმართა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაამშვიდა ადამიანები, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღელავენ. პელე წერს, რომ მკურნალობის კურსს მიჰყვება და მესიჯები, რომელსაც გულშემატკივრებისგან იღებს, ენერგიით ავსებს.

📋 | პელეს პოსტი ვრცლად ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები