- ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეტინგი გამოაქვეყნა
- ლაშა ბექაური ტოკიოში აღებული ბრინჯაოს წყალობით 3 ადგილით დაწინაურდა
ტოკიოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთი საინტერესო ცვლილებაა.
ქართველი ქომაგისთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საკუთარ წონაში (90 კგ.) მოწინავე ხუთეულს დაუბრუნდა მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელიც იაპონიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბექაურმა ტოკიოში სამხრეთკორეელ დონგჰან გვაკსა და იაპონელ შოიჩირო მუკაის სძლია, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ კოსუკე მაშიამასთან წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი კიდევ ერთ მასპინძელ მაშუ ბეიკერს აჯობა.
შედეგად, ლაშას ზუსტად 4 000 ქულა მოუგროვდა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მის წინ კი, დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი, 5 650), ბექა ღვინიაშვილი (4 945), ივან ფელიპე სილვა მორალესი (კუბა, 4 290) და მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი, 4 071) არიან. ამავე წონაში მე-7 პოზიცია უკავია ლუკა მაისურაძეს (3 975).

წონაში ლიდერობას 2 ქართველი ძიუდოისტი ინარჩუნებს. ესენი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) არიან, თანაც ამ უკანასკნელს 7 496 ქულით ყველა წონაში საუკეთესო შედეგი გააჩნია. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში 44-ე საფეხურზეა გიორგი შერაზადიშვილი (1 010), შავდათუაშვილის წონაში კი, გიორგი ტერაშვილს (2 242) მე-12 ადგილი უკავია.
მძიმე წონაში მხოლოდ ლიდერ ტემურ რახიმოვს (ტაჯიკეთი, 5 254) ჩამორჩება გურამ თუშიშვილი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში ლეგენდარულ ფრანგ ტედი რინერთან გამარჯვება სკანდალურად გააუქმეს, თუმცა, ამ ბრძოლის შედეგი რეიტინგში ასახვას მაინც ვერ ჰპოვებდა. ამავე წონაში გელა ზაალიშვილი (3 116) მეათეა, საბა ინანეიშვილი (865) – 42-ე, ლევან მატიაშვილი (819) კი – 46-ე.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე (3 952) მეხუთეა, ვარლამ ლიპარტელიანი (3 243) – მე-11, ონისე სანებლიძე (2 880) – მე-13, ხოლო გიორგი ბერიაშვილი (1 230) – 30-ე. წონის ლიდერი ისევ ნიდერლანდელი მიხაელ კორელია 5 217 ქულით.

60 კგ-ში მე-5 პოზიციაზე იმყოფება ვაჟა მარგველაშვილი (4 082), გიორგი თუთაშვილი (920) 44-ე ადგილზეა, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილს (899) 48-ე საფეხური უკავია. წონაში საუკეთესო შედეგი (6 934) მოლდოველ დენის ვიერუს გააჩნია.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოწინავე ათეულში 2 ქართველი ძიუდოისტია: გიორგი სარდალაშვილი (2 926) მე-8 ადგილზეა, თემურ ნოზაძე (2 867) კი – მეცხრეზე. მე-12 ადგილი უკავია ლუხუმ ჩხვიმიანს (2 561), ხოლო 32-ე – ჯაბა პაპინაშვილს (1 496). ამ წონის ლიდერი ტაივანელი იუნგ ვეი იანგია (6 155).
ქალთა კლასიფიკაციაში ეთერ ლიპარტელიანი (4 592) 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-5 ადგილზეა, ხოლო სოფიო სომხიშვილი (1 691) მძიმე წონაში (+78 კგ.) მეცხრამეტეა.
ძიუდოს რეიტინგში მორიგ ცვლილებებს წლის დასკვნითი ტურნირის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელიც ისრაელშია დაგეგმილი: 20-22 დეკემბერს იერუსალიმი 2022 წლის მასტერსს უმასპინძლებს.
კომენტარები