Thumbnail
  • იაპონია 1:1 (1:3 პენ) ხორვატია
  • პირველად კატარის მუნდიალზე, დამატებითი ტაიმები დაინიშნა

პირველი დამატებითი ტაიმები და პენალტების სერია კატარის მუნდიალზე! დრამა პენალტების სერიაში, თავისთავად, იყო, მაგრამ დაძაბულობა თითქმის არა - დინამო ზაგრების გოლკიპერმა დომინიკ ლივაკოვიჩმა სამი პენალტი მოიგერია (ხორვატებმა ერთი ძელს გაარტყეს) და ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა! წინა მუნდიალის ვიცე-ჩემპიონი ხორვატია ბრძოლას აგრძელებს.

ბელგიასთან მატჩისგან განსხვავებით, ზლატკო დალიჩმა ცენტრფორვარდი ლივაია სკამზე დასვა და შანსი პეტკოვიჩს მისცა, მარცხენა მცველი სოსა კი ავადმყოფობის გამო დააკლდა გუნდს. ჰაჯიმე მორიასუმ ესპანეთთან გოლის ავტორი ტანაკა დასვა და ენდო დააყენა, იაპონელთა მწვრთნელმა გამოცვალა ერთი ცენტრალური მცველიც. 

პირველი საგოლე მომენტი ხორვატებს ჰქონდათ, მაგრამ პერიშიჩმა იაპონელთა გოლკიპერს ერთი-ერთზე დუელში ვერ აჯობა. ტაიმის მიწურულს დაიძენ მაედამ იაპონია დააწინაურა, VAR-ზე შემოწმების შემდეგ, გოლი არ გაუქმებულა. 56-ე წუთზე ხორვატიამ გაათანაბრა - იურანოვიჩის ჩაწოდებულს თავი პერიშიჩმა დაუხვედრა - 1:1. მუნდიალზე პირველად დაინიშნა დამატებითი ტაიმები, შემდეგ კი პენალტების სერია.

დომინიკ ლივაკოვიჩმა იაპონელების 4-დან 3 პენალტი მოიგერია

TOP ფეხბურთელი

დომინიკ ლივაკოვიჩი - დინამო ზაგრების 27 წლის გოლკიპერმა პენალტების სერიაში 4-დან 3 დარტყმული აიღო (მე-5 აღარ დასჭირდა) და ხორვატია ¼ ფინალში გაიყვანა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 იუტო ნაგატომომ მე-16 მატჩი ითამაშა მუნდიალზე, აზიელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი (კორეელ მიუნგ-ბო ჰონთან ერთად). 

🟠 ივან პერიშიჩმა მუნდიალებზე 14 მატჩში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 4 საგოლე პასი). მისი დებიუტის შემდეგ უკეთესი შედეგი მხოლოდ მესის (12) და კილიან მბაპეს (11) აქვთ. 

🟠 ივან პერიშიჩმა დიდ ტურნირებზე 10 გოლი გაიტანა, მან ამ მაჩვენებლით რეკორდსმენ დავორ შუკერს (9) გაასწრო. 

🟠 დაიძენ მაედა მე-18 იაპონელია, ვინც მუნდიალებზე გაიტანა. აზიის ქვეყნებში მეტო მეგოლე მხოლოდ სამხრეთ კორეას (25) ჰყავს. 

🟠 ბოლო სამ მუნდიალზე გოლები მხოლოდ ივან პერიშიჩმა, კრიშტიანო რონალდომ, ჯერდან შაჩირიმ და ლიონელ მესიმ გაიტანეს. 

🟠 ლუკა მოდრიჩს მუნდიალზე დებიუტი 21 წლის ასაკში იაპონიის წინააღმდეგ ჰქონდა. დღეს 37 წლის მოდრიჩმა გუნდს იაპონიის წინააღმდეგ უკაპიტნა. 

🟠 პენალტების სერიაში 3 პენალტი ლივაკოვიჩის გარდა მოუგერიებიათ: რიკარდოს (პორტუგალია. 2006) და დანიელ სუბაშიჩს (ხორვატია. 2018).

იაპონია 1:1 (1:3 პენალტები) ხორვატია

გოლები: 1:0 მაედა (44. იოშიდას პასით), 1:1 პერიშიჩი (56. იურანოვიჩის პასით)

პენალტების სერია: ❎ მინამინო, ✅ ვლაშიჩი, ❎ მიტომა, ✅ ბროზოვიჩი, ✅ ასანო, ❎ ლივაია, ❎ იოშიდა, ✅ პაშალიჩი  

იაპონია (3-4-3): გონდა - ტომიასუ, იოშიდა, ტანიგუჩი - იტო, ენდო, მორიტა (106. ტანაკა), ნაგატომო (64. მიტომა) - დოანი (87. მინამინო), მაედა (64. ასანო), კამადა (75. საკაი) 

ხორვატია (4-1-2-3): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი, ლოვრენი, გვარდიოლი, ბარიშიჩი - ბროზოვიჩი - კოვაჩიჩი (99. ვლაშიჩი), მოდრიჩი (98. მაიერი) - კრამარიჩი (68. პაშალიჩი), პეტკოვიჩი (62. ბუდიმირი (106. ლივაია)), პერიშიჩი (106. ორშიჩი). 

კომენტარები

ბოლო ამბები