Thumbnail
  • გამოქვეყნდა იმ ჩოგბურთელთა სია, რომლებსაც ავსტრალიის ღია პირველობაზე ვიხილავთ
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 92-ეა, თუმცა, კვალიფიკაციაში ბრძოლას გადაურჩა

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის ღია პირველობაში, რომელიც 2023 წლის დასაწყისში გაიმართება.

Australian Open-მა დღეს გამოაქვეყნა ძირითადი ბადის 104-კაციანი სია, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანიც ფიგურირებს, 8 მოთამაშე “უაილდ ქარდს” მიიღებს, 16 ჩოგბურთელი კი კვალიფიკაციიდან გამოვა. წლის პირველი სლემ-ტურნირის ძირითადი ბადის საწყის რაუნდში 128 მოთამაშეს სწორედ ასე მივიღებთ.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი კორტზე ბოლოს ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც რუანში გამართულ ჩელენჯერს მეოთხედფინალში ფრანგ უგო გასტონთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ენდი მარისთან წააგო

ნიკოლოზმა წლეულს გამართული ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ოთხში იმარჯვა და ასეთუ ცუდი პერფორმანსი მის რეიტინგზეც აისახა. ქართველი ჩოგბურთელი ჯერ კიდევ ოქტომბერში 36-ე ადგილზე იყო, ამჟამად კი, 595 ქულით 92-ე საფეხურზე იმყოფება.

ცნობისთვის, გასულ Australian Open-ზე ბასილაშვილს 21-ე განთესვა გააჩნდა, თუმცა, პირველივე წრეში წააგო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ვეტერან ენდი მარისთან – 1:6, 6:3, 4:6, 7:6 (7:5), 4:6.

2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი რაფაელ ნადალი (ესპანეთი) ამჯერად მე-2 განთესვით ითამაშებს, პირველი მისი ახალგაზრდა თანამემამულე კარლოს ალკარასია, ხუთეულში კი ნორვეგიელი კასპერ რუუდი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩიც შედიან.

ამ უკანასკნელმა გასულ ტურნირზე კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო ვერ ითამაშა, ამჯერად კი, როგორც სჩანს, ნებართვას მიიღებს. ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 75 მილიონ დოლარზე მეტი იქნება, საიდანაც ჩემპიონს დაახლოებით 3 მილიონი ერგება.

კომენტარები

ბოლო ამბები