- გურამ თუშიშვილის პირველი კომენტარი ტედი რინერთან მოგების გაუქმებაზე
- 'ევროპოპი' ძიუდოისტს დაუკავშირდა და მომხდარის შეფასება სთხოვა
- ვარსკვლავური შემადგენლობით მასტერსზე - გუჯეჯიანს ლიდერები მიჰყავს
ტედი რინერის დამარცხებას გურამ თუშიშვილისგან დიდხანს ველოდით და ქართველმა ძიუდოისტმა ეს გორში გამართულ ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, როცა ლეგენდარულ ფრანგს ვაზარით მოუგო და ქართულ კლუბ მებრძოლს პარი სენ-ჟერმენის დამარცხებაში დაეხმარა. ამ გამარჯვებამ ქართული ძიუდოს ქომაგი ძალიან გაახარა, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თუშიშვილს რინერთან მოგება გაუუქმეს!
ჩვენ გურამს დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. იგი ამბობს, რომ IJF-ის საქციელით გაკვირვებულია და რინერთან მორიგ შეხვედრას ელის:
გურამ თუშიშვილი: "შესაძლოა, ასეთი რამ იყო ისტორიაში. მე ასეთი შემთხვევა არ მსმენია. გამარჯვების მოხსნა ბრძოლის შემდეგ უცნაურია. როგორც უნდათ, ისე ჩათვალონ. ოფიციალურად IJF-საც არ დაუდია, რომ ბრძოლა გაუქმებულია. ეს წერილი ტედის მიუვიდა, შედეგებში კი გამარჯვება ისევ ასახულია.
რინერთან შეხვედრის სურვილი სულ მაქვს, ძლიერი სპორტსმენია და მაგარია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ჩვენსას ვეცდებით და მასთან მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ. რაც შეეხება შეხვედრას: წესი არ დარღვეულა. წესი რომ დარღვეულიყო, მომხსნიდნენ, რატომ გამიტარებდნენ მაგ ილეთს, უეჭველად დამარცხებას ჩამითვლიდნენ."
გურამ თუშიშვილი იერუსალიმის მასტერსისთვის მზადებას აგრძელებს. ეს ტურნირი წლის ბოლო ღონისძიებაა, სადაც რეიტინგის უძლიერესი ძიუდოისტები შეიკრიბებიან. იერუსალიმის მასტერსი 20 დეკემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება.
კომენტარები