Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა
  • წინ მეოთხედფინალური შეხვედრებია და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები

მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მუნდიალზე დარჩენილ გუნდთა რაოდენობა 8-მდე შემცირდა. წინ მეოთხედფინალური შეხვედრებია და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ ბიძინა ბარათაშვილს მერვედფინალური მატჩების შეფასება და მეოთხედფინალური შეხვედრების პროგნოზი ვთხოვეთ...

1/8 ფინალების შეფასება

ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი იმ პრობლემაზე, რომელიც სახეზეა როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე ზოგადად, სანაკრებო ფეხბურთში. საკლუბო ტურნირებს იმდენად დიდი ძალისხმევა მიაქვთ, რომ სანაკრებო მატჩებს ფეხბურთელები გადაღლილები და გამოფიტულები ხვდებიან. შედეგად, ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვხედავთ დაღლილ გრანდებს, რომლებიც შორს არიან ოპტიმალური ფორმისგან. 

შესაძლოა, ესპანეთი-პორტუგალია, ან არგენტინა-საფრანგეთი სანახაობრივი მატჩები იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გუნდებმა მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშეს. უამრავი ხარვეზი და შეცდომა ჰქონდათ, რაც დიდწილად ზემოთჩამოთვლილი მიზეზების ბრალია. ბევრი გადაირია ხორვატიაზე, მაგრამ პირადად მე, ამ აღფრთოვანებას არ ვიზიარებ, განსაკუთრებით კი დანიასთან მატჩის შემდეგ, რომელიც თავის მხრივ, უსახურ ფეხბურთს თამაშობს და ჯერ კიდევ პერუს უნდა ჩაეტოვებინა ჯგუფში.

მაღალ დონეზე ითამაშეს ურუგვაიმ და შვედეთმა. სწორედ ამ ორ ნაკრებს გამოვარჩევ, რადგან მათ იციან რას აკეთებენ მოედანზე და ხარვეზიც მინიმალური აქვთ. და მაინც, თუ მთავარ ფავორიტებზე შემეკითხებით: ჯერ საფრანგეთი და შემდეგ, ბრაზილია. მართალია, ამ გუნდების თამაშით არ ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ მათ შეუძლიათ მომატება.

ბიძინა ბარათაშვილის სიმპატიას ურუგვაის ნაკრები იმსახურებს

1/4 ფინალების პროგნოზი

ურუგვაი v საფრანგეთი

მინდა, რომ ურუგვაი გავიდეს, მაგრამ ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია. დიდიე დეშამს ჰყავს კილიან მბაპე და უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი. მოვიდა დრო, ფრანგებმა ტიტულისთვის იბრძოლონ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ურუგვაი ბოლომდე იბრძოლებს თუნდაც ედისონ კავანის გარეშე.

ბრაზილია v ბელგია

ვქომაგობ ბელგიას, მაგრამ აშკარა ფავორიტი ბრაზილიაა. ბევრისგან განსხვავებით, ბრაზილიის თამაშით არ ვარ გადარეული, მაგრამ მათ ჰყავთ კოუტინიო და უსაზღვროდ ნიჭიერი ნეიმარი, მთლიანად გუნდს კი გაცილებით მეტი შეუძლია. 

შვედეთი v ინგლისი

ამ შემთხვევაშიც ფავორიტის წინააღმდეგ ვგულშემატკივრობ. უფრო მეტი შანსი მაინც ინგლისს აქვს, რომელსაც ჰარი კეინის სახით გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს. ჩემი აზრით, კოუტინიოსთან ერთად, კეინი მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელია.

გამოკითხვა

ვინ გავა ნახევარფინალში?

  • შვედეთი
  • ინგლისი

რუსეთი v ხორვატია

ამ დუელში ფავორიტი ხორვატიაა და სწორედ ფავორიტს ვგულშემატკივრობ. თუმცა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან რუსეთი მასპინძელია და თან, ესპანეთის ნაკრების დამარცხება გუნდს თავდაჯერებას შემატებდა. მოკლედ, ხორვატია უკეთესია, მაგრამ ასე მეგონა ესპანეთის შემთხვევაშიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები