Thumbnail
  • ლუის ვან გაალს არგენტინასთან მატჩის წინ მხიარული პრესკონფერენცია ჰქონდა
  • ნიდერლანდების მწვრთნელი დი მარიას კრიტიკას სერიოზულად არ აღიქვამს

ნიდერლანდების ნაკრებში უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ შესანიშნავი განწყობაა. 

არგენტინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ჟურნალისტები აცინა. არგენტინელი ანხელ დი მარიას კრიტიკულ გამონათქვამზე სიტყვის ჩამოგდების შემდეგ, ვან გალმა თავის შეგირდ მემფის დეპაისთან სასაცილო დიალოგი გამართა.

'ეს ცუდია ფეხბურთელისთვის, მაგრამ დამიჯერეთ, მწვრთნელი ასეთ რამეს უმიზეზოდ არ აკეთებს'

“ძალიან ვწუხვარ, რომ ანხელ დი მარიამ ჩემზე თქვა, ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელიაო… ახლა ჩემს გვერდით მემფის დეპაი ზის. იმ მანჩესტერ იუნაიტედში ისიც თამაშობდა. და ახლა ჩვენ ერთმანეთს ტუჩებში ვაკოცებთ,” - საპრესკონფერენციო დარბაზში სიცილი ატყდა. იცინოდა დეპაიც, რომელმაც ვან გაალისთვის კოცნაზე, რა თქმა უნდა, უარი თქვა.

ლეგენდარული ნიდერლანელი მწვრთნელი მანჩესტერ იუნაიტედში 2014-2016 წლებში მუშაობდა და დი მარიას და დეპაის ერთად წვრთნიდა. მაშინ მან დეპაი ასოციაციის თასის ფინალში განაცხადში არ შეიყვანა.

“ჰო, ეს ცუდია ფეხბურთელისთვის, მაგრამ დამიჯერეთ, მწვრთნელი ასეთ რამეს უმიზეზოდ არ აკეთებს. შესაძლოა, მოთამაშის ცუდი განწყობის ბრალი იყო, ან სიზარმაცის. ნახეთ, როგორი ურთიერთობა გვაქვს ახლა. ჰო, არ უნდა, რომ მაკოცოს. სამწუხაროა, მაგრამ კარგია, რომ ამის გაკეთება არ სურს.” - განაგრძო ვან გაალმა ხუმრობა.

არგენტინის ნაკრების თამაშის გაანალიზებისას ვან გაალმა გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ბასტიან შვაინშტაიგერის რჩევები გაითვალისწინა, რომელსაც ის ბაიერნში წვრთნიდა. მართალია, 71 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტს არ უთქვამს, რა ურჩია მას შვაინშტაიგერმა არგენტინელების წინააღმდეგ, მაგრამ ახსნა: “მე მას რჩევები ვკითხე, რადგან ახლა რეპორტიორია, ყველა თამაშს უყურებს და ამავდროულად, ტვინიანი ფეხბურთელი იყო. ჭკვიანი. თანაც, შვაინშტაიგერი ჩვენ გვქომაგობს მას შემდეგ, რაც გერმანია გავარდა.” - დასძინა ვან გაალმა.

არგენტინის ფანები იტყვიან, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო…

კომენტარები

ბოლო ამბები