Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში არგენტინის ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ "ალბისელესტეს" მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ პრესკონფერენცია გამართა.

"თითქმის ყოველთვის ერთნაირად ვთამაშობთ და რაღაც იცვლება მაშინ, როცა ვხედავთ, რომ ზოგიერთი მოთამაშე კარგად კარგად არ არის. ამ თამაშის გზაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნებიან ბიჭები. ვარჯიშის შემდეგ სიტუაციას შევაფასებთ. დე პაულმა გუშინდელი ვარჯიშის ნახევარი ივარჯიშა. სიტუაციას შევაფასებთ. ითამაშებენ ისინი, ვინც 100%-ით მზად იქნებიან. დე პაული და დი მარია კარგად არიან, შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ. სიმართლე ისაა, რომ ფეხბურთელებს ყოველთვის უწევთ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიში. უკვე იცით, რას ვფიქრობთ თამაშის სისტემაზე და შეცვლას არ ვაპირებთ. მთავარია, გავიგოთ, მეტოქისთვის ზიანის მიყენება როგორ შეგვიძლია. რამდენიმე დღე გვქონდა მოსამზადებლად, ძალიან ინტენსიური დღეები იყო და მხოლოდ ნიდერლანდებთან მატჩზე ვფიქრობთ", - თქვა სკალონიმ.

არგენტინელ მწვრთნელს პაულო დიბალას უთამაშებლობაზე საუბარი ამჯერადაც მოუწია: "დიბალას არ უთამაშია, რადგან ვერ დავინახე რომელიმე მატჩში მისი ჩართვის შესაძლებლობა. ის კარგადაა, მზადაა მოედანზე გასასვლელად, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის შანსი აქამდე არ იყო. კმაყოფილი ვართ მისით და მისი წვლილით. 26 მოთამაშე გვყავს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ის ფეხბურთელები, ვინც თამაშის მიმდინარეობას უკეთ მოერგება".

'მუნდიალის მოგება მეოთხედფინალში გასულ ყველა გუნდს შეუძლია'

სკალონიმ ენცო ფერნანდესზეც ისაუბრა: "ფერნანდესმა დიდი პროგრესი განიცადა, სწორედ იმას ველით ბიჭებისგან, რასაც ენცო აკეთებს. მან ყველაფერი კარგად გააკეთა და გვჯერა, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. დიდი მომავალი აქვს".

რაც შეეხება ნიდერლანდების ნაკრებს. სკალონი: "დაბალანსებული გუნდია. თავს ერთად იცავენ და ერთად უტევენ. საყურებლად სასიამოვნო თამაში იქნება".

სკალონი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ჩემპიონობა რვავე გუნდს შეუძლია: "მუნდიალის მოგება მეოთხედფინალში გასულ ყველა გუნდს შეუძლია. შვიდი მატჩის ჩატარება ნებისმიერმა დაიმსახურა".

სკალონის არ სურს პენალტების სერია, მაგრამ მისი გუნდი ამისთვის მზადაა: "პენალტებზე გუშინ ივარჯიშეს ფეხბურთელებმა და ამას ყოველი ვარჯიშის შემდეგ აკეთებენ. თუმცა, თამაშის დროს პენალტების შესრულებას სხვა დატვირთვა აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ პენალტებამდე მისვლა არ მოგვიწევს და მანამდე მოვიპოვებთ ნახევარფინალის საგზურს. თუმცა პენალტებისთვისაც მზად ვართ".

პრესკონფერენციაზე ალექსის მაკალისტერმაც ისაუბრა

პრესკონფერენციაზე სკალონისთან ერთად იყო ალექსის მაკალისტერი: "ვიცით, რომ მათ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ და თამაშზე ძალიან მკაფიო წარმოდგენა აქვთ. მთავარია, ჩვენს თამაშზე ვიფიქროთ, ვიცოდეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და ფეხბურთი მშვიდად ვითამაშოთ. ავსტრალიასთან თამაში საკმაოდ ახლოს იყო წინა მატჩებთან, მაგრამ ახლა დასასვენებლად საკმარისი დრო გვქონდა. გუნდმა იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება."

არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებების მატჩი 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

არგენტინამ ნიდერლანდებს მუნდიალზე ორჯერ აჯობა, თუმცა 1978 წელს მხოლოდ დამატებით დროში და 2014 წელს - პენალტების სერიაში. ძირითად დროში (90 წუთში) კი არასდროს დაუმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს 9-ჯერ, მათ შორის 5-ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვედრიან.

კომენტარები

ბოლო ამბები