- 'დატკბით, ხორვატებო, აქამდეც ხომ ვამბობდი, ჩვენი დაუფასებლობა არ შეიძლება'
- ბრაზილია გავარდა! ხორვატიამ ისევ პენალტებში მოიგო და ნახევარფინალშია
ბრაზილიასთან დრამატული მოგების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების ბანაკში ამაღლებული განწყობა სუფევდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ნახევარფინალში გააღწია და თან ეს ისევ პენალტების სერიაში მოახერხა, სადაც ხორვატები დაუმარცხებლად მოსჩანანს. თამაში ევროპული ნაკრების მთავარმა მწვრთბელმა, გოლკიპერმა და გოლის ავტორმა შეაფასეს.
ზლატკო დალიჩი: “ეს გამარჯვება ხორვატ ხალხს ეძღვნება. ყოჩაღ ბიჭებს, მათ ტურნირის მთავარი ფავორიტი გამოთიშეს. ეს ხორვატიაა. აქამდეც ხომ ვამბობდი, ჩვენი დაუფასებლობა არ შეიძლება. ამით ნამდვილად არ ვამთავრებთ, წინ მივდივართ. ყველანი მაქსიმალურად დაიხარჯნენ. დატკბით, ხორვატებო. ჩემი ფეხბურთელები ნორმალურები არ არიან”.
დომინიკ ლივაკოვიჩი: “წინა მატჩის მსგავსად, 120 წუთი ვიბრძოლეთ და მორიგი ეტაპი გავიარეთ. არც კი ვიცი, მომხდარი როგორ აღვწერო. თუკი სიმართლე გინდათ, ბრაზილია ამ ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრები იყო, თუმცა, როდესაც გავუშვით, არც მაშინ დავნებდით. რაც შეიძლება მალე გათანაბრება გვინდოდა”.

ბრუნო პეტკოვიჩი: “საუბარი მიჭირს... ვერ აღვწერ, თავს როგორ ვგრძნობ. უდავოა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ გავიტანდი. თან ჩვენ გვყავს ლივი, რომელიც პირველ პენალტს იღებს და მერე ყველაფერი იოლადაა. ნამდვილი დრამა იყო და ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია”.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიამ ბრაზილიასთან მატჩის პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოს გაუშვა (ნეიმარმა გაიტანა), 117-ე წუთზე ბრუნო პეტკოვიჩმა გაათანაბრა, 11-მეტრიანების სერიაში ისევ გაიბრწყინა დომინიკ ლივაკოვიჩმა და მისმა გუნდმა 4:2 მოიგო. მუნდიალის ნახევარფინალში ხორვატები ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის უმჯობესს შეხვდებიან.
კომენტარები